ბათუმში, ანბანის კოშკის მიმდებარე ტერიტორიაზე ცათამბჯენების მშენებლობა გააპროტესტეს

ჩვენ ვითხოვთ არ გაიცეს ნებართვა ეკონომიკის სამინისტროდან ცათამბჯენების, იახტკლუბის და კაზინოების მშენებლობაზე ბათუმი რივიერაზე,- ეს განცხადება ბათუმში სამოქალაქო საზოგადოების წევრებმა და რიგითმა ბათუმელებმა გააკეთეს.
მოქალაქეები, ბათუმში ანბანის კოშკის მიმდებარე ტერიტორიაზე ცათამბჯენების მშენებლობას აპროტესტებენ და ბათუმის მერიას გულგრილობაში ადანაშაულებენ.
მოქალაქეებმა და სამოქალაქო საზოგადოების წევრებმა სპეციალური განცხადება გაავრცელეს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
"ჩვენ ვართ ადამიანები, რომლებიც გავერთიანდით იდეის გარშემო. იდეის, რომელიც ეწინააღმდეგება დაურეგულირებელ მშენებლობებს, ხალხისთვის საჯარო სივრცეების წართმევას და ამის ფონზე ადამიანების გაღარიბებას. დღეს ჩვენ გვაღარიბებენ. გვაღარიბებენ ტყუილებით, გვაღარიბებენ ჩაბეტონებით, გვაღარიბებენ საჯარო სივრცეების წართმევით. ისინი ანადგურებენ ბათუმს და ბათუმის ნგრევას, ხალხს წარმოუჩენენ, როგორც განვითარებას. ისინი მდიდრდებიან, ჩვენ კი ვღარიბდებით. ბათუმში ჩვენი ადგილი აღარ რჩება. აღარ რჩება მოსწავლეების, სტუდენტების, პენსიონერების და ბავშვების ადგილი. რჩება, მხოლოდ კაზინოების, იახტ კლუბების და მდიდრებისთვის აშენებული ცათამბჯენების ადგილი, რომელიც გვიკეტავს ჰაერს. გვირყევს ჯანმრთელობას და გვართმევს მომავალს. ჩვენ გვჯერა, რომ ჩვენი გაერთიანებით, შეგვიძლია ბრძოლა გამოვუცხადოთ ბათუმის, ხალხის მტრებს, რომლებიც მომხვეჭელობით და მედროვეობით არიან დაკავებულნი და სურთ ჩვენს უბედურებაზე აიწყონ ბიზნესი და შექმნან არასწორი, არაადამიანური პოლიტიკა. სიჩუმის, სასოწარკვეთის და დანებების დრო აღარ არის! ჩვენ ვერთიანდებით მათ წინააღმდეგ!
ჩვენ ვითხოვთ არ გაიცეს ნებართვა ეკონომიკის სამინისტროდან ცათამბჯენების, იახტკლუბის და კაზინოების მშენებლობაზე ბათუმი რივიერაზე! რივიერაზე მშენებლობით, არსებული მდგომარეობა უფრო დამძიმდება. აქ არსებული ნესტიანი ჰავის გამო ბათუმის დაგეგმარება მოხდა ისე, რომ ქალაქს ჰქონდა თავისი გასანიავებელი სისტემა. დღეს კი ამ მშენებლობით საბოლოოდ ეს ფუნქცია მოიშლება. რაც გაზრდის დაავადებების რიცხვს.
მერიას აქვს თაროზე შემოდებული კვლევა, სადაც წერია, რომ ეს ადგილი, სადაც იგეგმება მავნებლური მშენებლობა, არის მცოცავი მიწა, რომელმაც შეიძლება სანაპიროს ჩაშლა გამოიწვიოს. ჩვენ ვითხოვთ იმ ცხრა ჰექტარის დაბრუნებას, რომელიც ეკუთვნის ხალხს. ეს არის საჯარო სივრცე, ბულვარის ნაწილი, რომელსაც გვართმევენ. ისინი თუ ამას შეძლებენ, მათი შეჩერება შეუძლებელი იქნება და ისინი საბოლოოდ გაანადგურებენ ბათუმს, განსაკუთრებით კი, მის ისტორიულ ნაწილს. ჩვენი ბრძოლა იწყება ბათუმი რივიერიდან და ჩვენ გავაჩერებთ მავნე მშენებლობას. რომელიც ბათუმის განადგურებას ემსახურება. ჩვენ ვიბრძოლებთ ერთად, ვიბრძოლებთ ბოლომდე, უზარმაზარი და არაადამიანური პოლიტიკის და ბიზნესის წინააღმდეგ! ჩვენ ვითხოვთ თანასწორობას! ჩვენ ვითხოვთ მწვანე მომავალს! შემოგვიერთდით! სიჩუმე უნდა დასრულდეს",- ნათქვამია განცხადებაში.
რივიერას ტერიტორიის დასაცავად, ახალგაზრდული საზოგადოებრივი მოძრაობა " მწვანე მომავალი“ შეიქმნა.
დღესვე, დაანონსდა საპროტესტო მოძრაობა, რივიერა ბათუმის ტერიტორიაზე დაგეგმილ მშენებლობის წინააღმდეგ, რომელსაც ,,სილქ როუდ ჯგუფი’’ და თანაინვესტირების ფონდი ახორციელებს.

























