„თავისუფალი საქართველოს" ქუთაისის ორგანიზაციამ უზენაეს სასამართლოში 14 მოსამართლის უვადოდ დანიშვნა აქცია - პერფორმანსით გააპროტესტა

პარტია „თავისუფალი საქართველოს" ქუთაისის ორგანიზაცია უზენაეს სასამართლოში 14 მოსამართლის უვადოდ დანიშვნას გამოეხმაურა. მათ სააპელაციო სასამართლოსთან აქცია - პერფორმანსი გამართეს. აქციის მონაწილეებმა უმრავლესობის ლიდერების გამოსახულებით თვალებახვეულ თემიდას მანტია შემოახიეს. პარტიის თანათავმჯდომარის გოგი წულაიას თქმით, ამ ქმედებით სიმბოლურად სასამართლოში განვითარებული პროცესები აჩვენეს.
„სასამართლოში განვითარებულ პროცესს პერფორმანსით გამოვეხმაურეთ და ვაჩვენეთ „ქართული ოცნების" სახე. სიმბოლურად, სააპელაციო სასამართლოსთან მოვიყვანეთ თემიდა და ვაჩვენეთ, როგორ გააშიშვლეს „ქართული ოცნების" ლიდერებმა. რაც ხდება სასამართლოში, არის საშვილიშვილო დანაშაული. მოვუწოდებთ, ყველა ღირსეულ მოსამართლეს, არ იმუშაონ ღირსებააყრილ და გაშიშვლებულ სასამართლოში და უარი თქვან ამ პროცესში მონაწილეობაზე",-განაცხადა გოგი წულაიამ.

























