ბექა ოდიშარია - ევროპის საბჭოს მხარდაჭერით, საქართველო დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობის მონაწილეა, ამ პროცესებში აქტიურად უნდა იყოს ჩართული დიასპორა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ბექა ოდიშარიას შეფასებით, ევროპის საბჭოს მხარდაჭერით, საქართველო დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობისა და განმტკიცების მონაწილეა, ამ პროცესებში აქტიურად უნდა იყოს ჩართული ქართული დიასპორა.

„ქართული სახელმწიფოსთვის ძალზე მნიშვნელოვანია დიასპორული კონფერენციის გამართვა დღეს წარმოდგენილი მაღალი რანგის ინსტიტუციების, დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო ორგანიზაციების, სამეცნიერო და საუნივერსიტეტო წრეების, დარგის ექსპერტების მონაწილეობით. ევროპის საბჭოს მხარდაჭერით, საქართველო დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობისა და განმტკიცების მონაწილეა. ამ პროცესებში აქტიურად უნდა იყოს ჩართული ქართული დიასპორა და ჩვენ გვაქვს მათი თანადგომის იმედი. დღევანდელი კონფერენციის მიზანი და ჩვენი ინტერესიც სწორედ ეს არის. მითუმეტეს, რომ თანამედროვე მსოფლიოში იზრდება დიასპორების როლი საკუთარი ქვეყნების განვითარების საქმეში“,- განაცხადა პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ბექა ოდიშარიამ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის კონფერენციაზე - „ დიასპორის აქტიური მონაწილეობა სახელმწიფოს აღმშენებლობის პროცესში“ .

დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, სესიის მონაწილეებს მიმართა. მისი განცხადებით, დღევანდელი ღონისძიება სწორი და მოქნილი დიასპორული პოლიტიკის შემუშავების და განხორციელების, ევროპის ქვეყნების მრავალრიცხოვან ქართულ დიასპორებთან ეფექტიანი დიალოგის წარმოების და ერთიან ევროპულ სივრცეში საქართველოს ინტეგრაციის ძლიერი პლატფორმაა.

მისივე თქმით, საქართველოს ხელისუფლება მაქსიმალურად ცდილობს, მჭიდრო კავშირი შეინარჩუნოს ქვეყნიდან სხვადასხვა დროს, სხვადასხვა მიზეზით გასულ, მთელ მსოფლიოში მცხოვრებ მილიონ ნახევარზე მეტ თანამემამულესთან. ხელს უწყობს მათ აქტიურად იყვნენ ჩართულნი საქართველოში მიმდინარე დემოკრატიულ პროცესებში, სამოქალაქო საზოგადოების განვითარება-გაძლიერებაში. მისივე განცხადებით, ქართული სახელმწიფო ზრუნავს გაიზარდოს დიასპორის ჩართულობა ქვეყანაში მიმდინარე პროცესებში, სახელმწიფოს მიერ შემუშავებული ინოვაციური პროექტების განხორციელებაში.

„ქვეყნის წინსვლაში დიასპორის ფასდაუდებელი როლის გათვალისწინებით, საქართველოს კონსტიტუციაში პირველად გაჩნდა ჩანაწერი, რომელიც ამყარებს სახელმწიფოსა და დიასპორის ურთიერთობებს. ამ რეფორმის ფარგლებში, დარგობრივ კანონმდებლობაში განხორციელებული ცვლილებებით, ჩვენს თანამემამულეებს მიეცათ ორმაგი მოქალაქეობის უფლება - მათ, უცხო ქვეყნის მოქალაქეობის მიღების შემთხვევაში, შეუძლიათ შეინარჩუნონ საქართველოს მოქალაქეობა. აღნიშნული გაცილებით აძლიერებს დიასპორელების მოტივაციას, უქმნის სამართლებრივ შესაძლებლობებს და ხელს უწყობს მათ ჩართულობას ქვეყნის დემოკრატიული აღმშენებლობის პროცესში“,-განაცხადა ბექა ოდიშარიამ.

ის ასევე გამოეხმაურა საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივას დიასპორის წარმომადგენლების საპარლამენტო ცხოვრებაში ჩართვის შესახებ და განაცხადა, რომ თავად იქნება ერთ-ერთი ინიციატორი აღნიშნული ინიციატივის მმართველი პოლიტიკური ძალის წიაღში განხილვის, რაც ერთგვარ კონკურენციას დაუდებს საფუძველს პარტიებს შორის ამ მიმართულებით.

ბექა ოდიშარიამ მადლობა გადაუხადა საგარეო საქმეთა სამინისტროს, დიასპორულ ორგანიზაციებს და საერთაშორისო პარტნიორებს, დიასპორებთან ურთიერთობების მიმართულებით განხორციელებული ინიციატივებისთვის, იდეებისთვის და პარლამენტის სახელით სამომავლო თანამშრომლობის მზადყოფნა გამოთქვა. მისივე განცხადებით, მმართველი პოლიტიკური გუნდი კვლავ რჩება წლების წინ დეკლარირებული პოლიტიკისა და ღირებულებების ერთგული. დემოკრატიის მაღალი ხარისხი, რეგიონული თანამშრომლობა, უფრო აქტიური ნაბიჯები ევროკავშირისა და ნატოსაკენ, არის საქართველოს წარმატებისა და უსაფრთხოების გარანტი.

„დასახული მიზნების მიღწევაში კი, დიდი მნიშვნელობა ენიჭება ევროპის ქვეყნების ქართული დიასპორული რესურსის გამოყენებას, საერთაშორისო ურთიერთობების კიდევ უფრო განვითარებაში“,-განაცხადა ბექა ოდიშარიამ.

მან მისასალმებელ სიტყვაში განსაკუთრებული ადგილი დაუთმო ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის უკანონო პატიმრობასა და საოკუპაციო მარიონეტული რეჟიმის ანტიჰუმანურ მიდგომას ამ საკითხისადმი. მან დეტალურად აღუწერა დამსწრეთ შექმნილი მდგომარეობა და კოლეგებს ევროპის ქვეყნების პარლამენტებიდან სთხოვა ქმედითი დახმარება ამ პრობლემის მოგვარებაში.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო