არჩილ თალაკვაძე - სრულად პროპორციულ საარჩევნო სისტემას ნამდვილად ახლავს სახელისუფლებო კრიზისის და ქვეყნის დესტაბილიაზაციის მაღალი რისკები

ჩვენი ქვეყნის მდგომარეობის გათვალისწინებით, სრულად პროპორციულ საარჩევნო სისტემას ნამდვილად ახლავს სახელისუფლებო კრიზისის და ქვეყნის დესტაბილიაზაციის მაღალი რისკები, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი შეფასებით, „ქართული ოცნების“ მიერ შეთავაზებული ინიციატივით, პროპორციული წესით ასარჩევი დეპუტატების რაოდენობა, მაჟორიტართა რიცხვის შემცირების ხარჯზე, 2/3-მდე იზრდება, „რაც არის მნიშვნელოვანი ცვლილება“.

თალაკვაძის განცხადებით, სწორედ მეტი პროპორციულობა იყო საერთაშორისო პარტნიორების მთავარი რეკომენდაციაც.

„ყველამ კარგად იცის, რომ სწორედ „ქართული ოცნების“ ინიციატივით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები სრულად პროპორციული სისტემით უნდა ჩატარებულიყო, ეს იყო ჩვენი ინიციატივა, თუმცა ოპოზიციის დესტრუქციული ქმედებების და მმართველ გუნდში შექმნილი წინააღმდეგობების გამო, ამ საკითხის ირგვლივ არსებული მყიფე კონსენსუსის შენარჩუნება გუნდში სამწუხაროდ, ვერ მოხერხდა. შესაბამისად, 2019 წლის 14 ნოემბერს, აღნიშნულ ინიციატივასთან დაკავშირებული საკონსტიტუციო ცვლილებება პარლამენტში ჩავარდა. ამ მოვლენამ ერთგვარი კატალიზატორის როლი შეასრულა და პოლიტიკურ ველზე დაძაბულობის ხარისხი გაზარდა. დაძაბულობა იყო ვითარება ჩვენი გუნდის შიგნითაც - მაჟორიტარ დეპუტატთა ნაწილი არათუ პროპორციულ, არამედ სრულად მაჟორიტარულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასაც კი მოითხოვდა. ამ ვითარებაში, არსებობდა გუნდის დაშლის და ქვეყანაში არასტაბილური პოლიტიკური ვითარების შექმნის საფრთხე. ამ ფონზე, ბუნებრივია, რომ მმართველ პარტიას, როგორც პასუხისმგებლიან პოლიტიკურ ძალას, ერთი დღე არ შეუწყვეტია კომპრომისების ძიება და ამ პროცესში ძალიან მნიშვნელოვანი იყო საერთაშორისო მეგობრების, ჩვენი დასავლელი პარტნიორების თანადგომა. ამისთვის, გვსურს განსაკუთრებული მადლობა გადავუხადოთ მათ, რადგან კომპრომისების ძიებას, პოლიტიკური პროცესის ნორმალიზებას და ქვეყნის მშვიდობიან, დემოკრატიულ განვითარებას ალტერნატივა არ გააჩნია. რთული პროცესების შედეგად, „ქართული ოცნების“ გუნდმა შეძლო, არსებულ ვითარებაში ოპტიმალურ, კომპრომისული გადაწყვეტილების შეთავაზება და მიღება.

პოლიტიკურ სპექტრს ჩვენ ვთავაზობთ ინიციატივას, შევინარჩუნოთ მოქმედი შერეული საარჩევნო სისტემა, თუმცა 2/3-დამდე გავზარდოთ პროპორციულობის წილი ამ სისტემაში. ამ ინიციატივაზე შეთანხმების შემთხვევაში, პროპორციული წესით ავირჩევთ 100 დეპუტატს, ნაცვლად 77-ისა, ხოლო მაჟორიტარული მანდატები 50-დე შემცირდება. შესაბამისად იქნება 100 პროპორციული მანდატი მომავალ პარლამენტში, თუ ეს შეთანხმება შედგა და იქნება 50 მაჟორიტარული მანდატი.

შეგახსენებთ, რომ აღნიშნულ პროპორციაზე გადასვლასთან დაკავშირებით, ქართველ ხალხს რეფერენდუმზე გარკვეულწილად გამოხატული აქვს საკუთარი ნება, რომელიც საკონსტიტუციო ცვლილების სახით აისახა კიდეც კანონმდებლობაში 2005 წლის 23 თებერვალს და განისაზღვრა, რომ საქართველოს პარლამენტი შედგება 150 დეპუტატისგან, რომელთაგან 100 - პროპორციული, 50 კი მაჟორიტარული სისტემით აირჩევა. მიუხედავად იმისა, რომ რეფერენდუმმა ამის ლეგიტიმაცია არ მისცა წინა ხელისუფლებას, სამწუხაროდ, 2008 წლის 12 მარტს, „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებამ ხალხის მიერ რეფერენდუმზე გამოხატული ნების გარეშე და საწინააღმდეგოდ შეცვალა ეს თანაფარდობა და მათ გაზარდეს მაჟორიტარული მანდატების რაოდენობა, პროპორციულის ხარჯზე. მაშინ მიღებული იყო გადაწყვეტილება საწინააღმდეგო იმისა, რასაც ჩვენ ახლა ოპოზიციას და საზოგადოებას ვთავაზობთ.

რა თქმა უნდა, ყველა საარჩევნო სისტემა, როგორც სრულად მაჟორიტარული, პროპორციული თუ შერეული, დემოკრატიულია და თითოეულ მათგანს საკუთარი უპირატესობა და ნაკლი აქვს. ჩვენ ვხედავთ, რომ სრულად პროპორციული საარჩევნო სისტემა პოლიტიკური კრიზისების წყარო ხდება განსაკუთრებით ბოლო წლების განმავლობაში, ისეთი ძლიერი ეკონომიკის მქონე ქვეყნებშიც კი, როგორებიცაა გერმანია, ლატვია, ესპანეთი, ბელგია და არაერთი სხვა მაღალგანვითარებული სახელმწიფო. ამის ნათელი მაგალითია ისრაელიც, სადაც პროპორციულ სისტემაზე გადასვლის გამო ვერ ხდება მთავრობის ფორმირება და ბოლო 1 წლის განმავლობაში, უკვე მესამედ უწევს არჩვენების ჩატარება, რაც ჩვენი ტიპის ქვეყნისთვის რა თქმა უნდა, იქნება კრიტიკული და იქნება დესტაბილიზაციის აშკარა საფუძველი. შესაბამისად, ჩვენი ქვეყნის მდგომარეობის, პოლიტიკურ კლასში პოლარიზაციის ხარისხის და კომპრომისების პოვნის ტრადიციის დეფიციტის გათვალისწინებით, სრულად პროპორციულ საარჩევნო სისტემას, ნამდვილად ახლავს სახელისუფლებო კრიზისის და ქვეყნის დესტაბილიაზაციის მაღალი რისკები, რაც ხშირად შეუძლებელს ხდის კოალიციის შექმნას და რაც ხშირად გამოიხატება ისეთი ელემენტარული გადაწყვეტილებების ვერ მიღებაზე, რომელიც პირდაპირ აისახება ჩვენი მოქალაქეების ყოველდღიურ ყოფაზე. ყველას გვახსოვს, რომ ამ საკითხებთან დაკავშირებით, მათ შორის საჯარო განხილვების დროს ჩვენი მოქალაქეებიც გვისვამდნენ კითხვებს. მიგვაჩნია, რომ შექმნილ ვითარებაში, როგორც შიდა, ისე გეოპოლიტიკური გამოწვევების გათვალისწინებით, საქართველოსთვის, ჩვენი ტიპის ქვეყნისთვის საუკეთესო სწორედ ამ კონტექსტში სწორედ შერეული საარჩევნო მოდელია, რომელსაც, შეგახსენებთ, რომ იტალია სრულად პროპორციული სისტემის შეცვლის შემდეგ ახლახანს დაუბრუნდა. აღნიშნული მოდელი ითვალისწინებს მაჟორიტარი დეპუტატების წილსაც, თუმცა გაცილებით სჭარბობს პროპორციული წესით ასარჩევი დეპუტატების რაოდენობა. „ქართული ოცნების“ მიერ შეთავაზებული ამ ინიციატივით, პროპორციული წესით ასარჩევი დეპუტატების რაოდენობა, მაჟორიტართა რიცხვის შემცირების ხარჯზე, 2/3-მდე იზრდება, რაც არის მნიშვნელოვანი ცვლილება. სწორედ მეტი პროპორციულობა იყო ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მთავარი რეკომენდაციაც და რეფორმების სულისკვეთებაც, რომელსაც ჩვენ მხარი დავუჭირეთ ერთი წლის წინ“, - განაცხადა თალაკავაძემ.

იხილეთ ვიდეო

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო