თორნიკე რიჟვაძე - ყველაფერი კეთდება, რომ ჯანდაცვის და სოციალური პოლიტიკის მიმართულებით არცერთი ადამიანი არ დარჩეს სახელმწიფოს ზრუნვისა და მხარდაჭერის გარეშე

თორნიკე რიჟვაძე - ყველაფერი კეთდება, რომ ჯანდაცვის და სოციალური პოლიტიკის მიმართულებით არცერთი ადამიანი არ დარჩეს სახელმწიფოს ზრუნვისა და მხარდაჭერის გარეშე

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს 2019 წლის საქმიანობის ანგარიში და სამედიცინო სფეროს წარმომადგენელთა დაჯილდოება გაიმართა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობიდან აცნობეს.

,,ჯანდაცვა ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა და ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ ჯანდაცვის და სოციალური პოლიტიკის მიმართულებით არცერთი ადამიანი არ დარჩეს სახელმწიფოს ზრუნვისა და მხარდაჭერის გარეშე. მნიშვნელოვნად გაიზარდა მომავალი წლის ჯანდაცვის ბიუჯეტი და უფრო მეტ მოქალაქეს ექნება ხელმისაწვდომობა ჯანდაცვის სფეროში არსებულ სერვისებზე“,- აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ.

მათივე ინფორმაციით, 2019 წელს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მიმართულებით აჭარაში სხვადასხვა სახის სერვისი 22 354 ბენეფიციარს მიეწოდა. წელსვე, პირველად ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციის დაფინანსება დაიწყო და გაიზარდა მოსახლეობის საზღვარგარეთ მკურნალობის თანადაფინანსება.

2020 წელს აჭარის ჯანდაცვის დაფინანსება 18%-ით იზრდება. მომავალი წლიდან პირველად 18-25 წლამდე ასაკის მზრუნველობამოკლებული პირები ყოველთვიურად 465 ლარამდე თანხას მიიღებენ. 100 000 ლარამდე გაიზრდება ღვიძლის ტრანსპლანტაციის დაფინანსება.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ცნობით, აჭარის მთავრობის ერთ-ერთი პრიორიტეტი ეკომიგრანტი ოჯახების დახმარებაა. უკანასკნელი 1 წლის მანძილზე 113-მა ეკომიგრანტმა ოჯახმა მთავრობის თანადაფინანსებით საცხოვრებელი ფართი შეიძინა, 220 ეკომიგრანტ ოჯახს უსასყიდლოდ გადაეცა საცხოვრებელი ფართი, 100 ოჯახს კი - დაუკანონდა.

მათივე ინფორმაციით, მთავრობის თავმჯდომარემ ის ექიმები დააჯილდოვა, რომლებმაც კრიტიკულ ვითარებაში გამოიჩინეს მაღალი პროფესიონალიზმი და ბათუმში დაჭრილი პოლიციელის სიცოცხლე გადაარჩინეს.

ღონისძიებას აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე, უმაღლესი საბჭოს დეპუტატები, მთავრობისა და ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლები და 2019 წელს ჯანდაცვის სამინისტროს პროგრამებში ჩართული ბენეფიციარები ესწრებოდნენ.