აჭარის ტელევიზიის დირექტორის მოადგილე ნათია ზოიძე პოლიციის სამმართველოში გამოკითხვაზე იმყოფებოდა

აჭარის ტელევიზიის დირექტორის მოადგილე ნათია ზოიძე პოლიციის სამმართველოში გამოკითხვაზე იმყოფებოდა

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორის მოადგილე ნათია ზოიძე აჭარის პოლიციის სამმართველოში გამოკითხვაზე იმყოფებოდა. როგორც ნათია ზოიძე აცხადებს, იგი სამმართველოში მისი განცხადების საფუძველზე დაიბარეს.

ნათია ზოიძის ინფორმაციით, ის საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორს გიორგი კოხრეიძეს სამსახურეობრივ დევნაში ადანაშაულებს, რომელმაც განუცხადა, რომ ნათია ზოიძის სავარაუდო სატელეფონო ჩანაწერები და მიმოწერების შესახებ ინფორმაცია აქვს.

ნათია ზოიძის განცხადებით, კოხრეიძე მიმოწერების გასაჯაროებით ემუქრება, თუ იგი არხის სარედაქციო პოლიტიკას არ ჩამოშორდება. ნათია ზოიძის განცხადებით, პოლიციის სამმართველოში გამოკითხვაზე 4 საათის განმავლობაში იმყოფებოდა.

მისი ინფორმაციით, გამოკითხვის დასრულების შემდეგ მაუწყებლის დირექტორმა შეცვლილი ხელშეკრულება დაახვედრა, რომლის მიხედვითაც ნათია ზოიძე სარედაქციო პოლიტიკის მიმართულებით ვერ იმუშავებს.

"თავდაპირველად ისინი ვერბალურ დონეზე, ამ მონაწილეობას აღიქვამდნენ, როგორც სარედაქციო დამოუკიდებლობაში ჩარევას. მე მათ ავუხსენი, როგორც დირექტორს, ასევე მრჩეველთა საბჭოს წევრებს, რომ ჩარევის უფლება არავის აქვს- არც მე ცხადია და არც დირექტორს. თვისობრივად განსხვავებული რამეა სარედაქციო დამოუკიდებლობაში ჩარევა, რომლის შედეგია ცენზურა. კეთილი ინებონ, თუ მე ვერეოდი დაალაგონ ცენზურის ფაქტები. მისი მიზანი არის სწორედ თავისუფალი სარედაქციო პოლიტიკის მიღება. ის, რომ ჩვენ თავისუფალი სარედაქციო პოლიტიკა გვქონდა, ფატქობრივად ყველა ანგარიშში და პროფესიულ წრეებში კეთდება - არის ამით გამყარებული, ამ არხის ჟურნალისტებს აქვთ თავისუფლების განცდა", - განაცხადა ნათია ზოიძემ.

ნათია ზოიძის უფლებებს "საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" აჭარის ფილიალი იცავს.

შსს-ს ინფორმაციით, ამ ეტაპზე ფაქტის შესწავლა მიმდინარეობს. შესაბამისად, მოხდა ნათია ზოიძის გამოკითხვაც.