სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის მოადგილის ინფორმაციით, ფოთში თევზის გადამამუშავებელი ქარხნების მენეჯმენტთან მოლაპარაკებები იგეგმება

ამ დრომდე პარალიზებულია ფოთი-სენაკი-თბილისის დამაკავშირებელი ცენტრალური მაგისტრალი. აქციის მონაწილეებთან სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის მოადგილე დავით ფარცვანია მივიდა. მისი თქმით, ყველა შესაბამისი უწყება სამის კურსშია და მიმდინარეობს მუშაობა პრობლემის გადასაჭრელად.
აქციის მონაწილეები ითხოვენ, რომ თევზის გადამამუშავებელმა ქარხნებმა მუშაობა იქამდე შეაჩერონ, ვიდრე პრობლემა არ გადაიჭრება.
შეკრებილებსა და გუბერნატორის მოადგილეს შორის შეთანხმება ვერ შედგა.
,,მოქალაქეების პროტესტი თამამად შეიძლება ითქვას, რომ არის სამართლიანი. ყველამ კარგად ვიცით აღნიშნული პრობლემა. სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის მხრიდანაც, მათ შორის მუნიციპალიტეტის მერიის მხრიდანაც, საკმაოდ აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს ამ თემაზე მუშაობა. ასევე ამ ორი დღის განმავლობაში გუბერნატორი პირადად იმყოფებოდა ფოთში და შესაბამის მიზეზებზე აქტიური მუშაობა მიმდინარეობს. სხვადასხვა უწყება უნდა დასხდეს ერთად და ერთობლივად , ხალხთან ერთად მიიღონ გადაწყვეტილება. ამიტომაც, ჩვენი მთავარი მიზანია, ამ ხალხთან ერთად თევზის სუნი მოისპოს ფოთში. შედგება ქარხნის დირექტორებთან კომუნიკაცია და წინასწარ ვერ გეტყვით რა გადაწყვეტილება იქნება მიღებული “, - განაცხადა დავით ფარცვანიამ.
აქციის მონაწილეები დაშლას არ აპირებენ.

























