ფოთში თევზის გადამამუშვებელი ქარხნების მუშაობის შეჩერების მოთხოვნით აქცია ხვალაც გაიმართება

ფოთში თევზის გადამამუშვებელი ქარხნების მუშაობის შეჩერების მოთხოვნით აქცია ხვალაც გაიმართება

ფოთში, დღეს გამართული აქციის ,,ჩვენ ვითხოვთ სუფთა ჰაერს“ ორგანიზატორები და მონაწილეები იუსტიციის სახლთან შეიკრიბნენ. მათი თქმით, თევზის გადამამუშავებელ ქარხნებს სამუშაო პროცესი არ შეუწყვეტიათ და ამით ხელისუფლებამ დღეს მიცემული პირობა დაარღვია.

როგორც ისინი ამბობენ, თუ ხვალ ქალაქში არ ჩამოვიდა ყველა იმ უწყების წარმომადგენელი, ვისაც ხელეწიფება არსებული საკითხის გადაჭრა და არ გადაიდგმება ქმედითი ნაბიჯები, ქალაქის ბლოკირებას მოახდენენ.

,,დღეს გუბერნატორის მოადგილეს შევხვდით და შევთანხმდით, რომ დღეიდან ქარხნები გაჩერდებოდნენ, ხოლო პრობლემის მოსაგვარებლად ხვალ ჩამოვიდოდნენ შესაბამისი სტრუქტურის წარმომადგენლები, მაგრამ მივიღეთ მორიგი სიცრუე. ახალგაზრდებმა გადავწყვიტეთ რეიდი მოგვეწყო და ქარხნები შევამოწმეთ. აღმოჩნდა, რომ ჩვეულ რეჟიმში მუშაობენ. დავრეკეთ მერის პირველ მოადგილესთან, რომელმაც გვიპასუხა, რომ ქარხნები ბუნკერში დარჩენილ თევზს ამუშავებენ, ამ დროს მოვიდა თევზით დატვირთული ორი კონტეინერი. პირდაპირ ვიტყვი, მთავრობა გვყავს, რომელსაც ფეხებზე ვკიდივართ, თბილისში ამ ყველაფერს ხედავენ, მაგრამ ვფიქრობ, კლანურ მმართველობასთან გვაქვს საქმე. ხვალ განვაახლებთ აქციებს და მოვითხოვთ, მერია დაიცალოს მთლიანად. წურბელებივით გვაზიან კისერზე, ჩვენგან იღებენ ხელფასს, ჩვენ ავირჩიეთ, ჩვენ მივეცით მანდატი და კეთილი უნდა ენებათ, ეს ყველაფერი მოეგვარებინათ. ხვალ, კატეგორიულად უფრო მკაცრები ვიქნებით, ვიდრე დღეს და აწი, რაც მოხდება ქალაქში, ამაზე პირდაპირ გუბერნატორის მოადგილე იქნება პასუხისმგებელი, რადგან მოგვატყუა. მოხდება ქალაქის ბლოკირება. კანონი არ კანონობს ამ ქალაქში და ჩვენ სხვა გზები უნდა ვეძებოთ“,- განაცხადა აქციის ორგანიზატორმა ვლადიმერ ამბალიამ.

დღეს, ფოთში საპროტესტო აქცია „ჩვენ ვითხოვთ სუფთა ჰაერს“ გაიმართა. ადგილობრივებმა ქალაქში არსებულ თევზის უსიამოვნო სუნი გააპროტესტეს და ცენტრალური მაგისტრალიც გადაკეტეს.