ზუგდიდის  განახლებული საჭადრაკო სკოლა საზეიმოდ გაიხსნა

ზუგდიდის განახლებული საჭადრაკო სკოლა დღეს საზეიმოდ გაიხსნა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ზუგდიდის მერიიდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, გახსნის ცერემონიაში ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი შენგელიაც მონაწილეობდა.

,,დღეს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დღეა ჩვენი მუნიციპალიტეტისთვის, ვხსნით განახლებულ საჭადრაკო სკოლას, სადაც ბევრი ღირსეული მოჭადრაკე აღიზრდება. ჩვენს ქალაქს და მუნიციპალიტეტს აქვს უდიდესი საჭადრაკო ტრადიცია, რომელიც მომავალშიც გაგრძელდება და მე დარწმუნებული ვარ, ამ სკოლაში, რომელიც ნონა გაფრინდაშვილის სახელს ატარებს, კიდევ ბევრი ჩემპიონი აღიზრდება“,- განაცხადა ღონისძიებაზე გიორგი შენგელიამ.

გახსნის ცერემონიაში ასევე მონაწილეობდნენ სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე დავით ვერავა, მერის მოადგილეები გიგა ფარულავა და კონსტანტინე კაკავა. მოჭადრაკე, ხუთგზის მსოფლიო ჩემპიონი, სპორტის დამსახურებული ოსტატი ნონა გაფრინდაშვილი, საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტი გიორგი გიორგაძე, საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა წოწერია. ქ. ზუგდიდის მაჟორიტარი-დეპუტატი მერაბ ქვარაია, მოჭადრაკეები, აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლები და საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები.

როგორც ნონა გაფრინდაშვილმა აღნიშნა, ზუგდიდი ნამდვილად იმსახურებდა ამ პროექტის განხორციელებას.

,,მე დარწმუნებული ვარ, რომ ის ტრადიციები რაც ამ კუთხეს გააჩნია, გაგრძელდება და უნიჭიერეს ახალგაზრდებს ვიხილავთ ამ სკოლიდან“,-განაცხადა გაფრინდაშვილმა.

საჭადრაკო სკოლის განახლებისთვის 904 367 ლარი დაიხარჯა. რეაბილიტირდა შენობის კონსტრუქციული ნაწილი. არსებულ შენობაზე დაშენდა მეორე სართული, მოეწყო დამატებითი საკლასო ოთახები, შეჯიბრის ჩასატარებელი დარბაზი, ადმინისტრაციის ოთახი და სანიტარული კვანძები. აგრეთვე მოეწყო წყალგაყვანილობა-კანალიზაციის, ელექტრომომარაგების და გათბობა-გაგრილების ახალი სისტემა. ფასადზე, თანამედროვე კომპოზიტური მასალებით, ახალი არქიტექტურული ფორმების მოწყობით განახლდა შენობის გარე იერსახე. შენობა შშმ პირთათვის ადაპტირებულია.

პროექტი საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის თანადაფინანსებით განხორციელდა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა