ზურაბ ჭიაბერაშვილი - ჯანდაცვის მინისტრის განცხადებამ იმუნიზაციის მიმართ საზოგადოებრივი ნდობა კიდევ უფრო შეარყია

საზოგადოების ნაწილში ისედაც არსებობს უნდობლობა აცრების მიზანშეწონილობასთან დაკავშირებით. სამწუხაროდ, ჯანდაცვის მინისტრის განცხადებამ ზოგადად იმუნიზაციის მიმართ საზოგადოებრივი ნდობა კიდევ უფრო შეარყია, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს” წევრმა, ზურაბ ჭიაბერაშვილმა განაცხადა, როდესაც გრიპის ვირუსთან დაკავშირებით ჯანდაცვის მინისტრის განცხადებას გამოეხმაურა.

ამასთან, ჭიაბერაშვილი იწონებს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის მიერ გუშინ გაკეთებულ განცხადებას, რომელიც მოუწოდებს ცენტრს, ჩაატაროს იმუნიზაციის პროგრამის მიმართ საზოგადოების ნდობის ამაღლების ფართომასშტაბიანი კამპანია.

„ევროპული საქართველოს“ წევრი ასევე გამოეხმაურა მედიკამენტების ხელმისაწვდომობაზე ეკა ტიკარაძის ხედვას. მისი აზრით, ამ ხედვის განხორციელება, რაც მედიკამენტების ფასების დადგენაში მთავრობის პირდაპირ ჩარევას გულისხმობს, მხოლოდ პოპულიზმია და მდგომარეობას გააუარესებს.

„საყოველთაო გაჭირვებასა და უმუშევრობაში, როდესაც წამლების ფასი ბოლო 6 წელიწადში 60%-ითაა გაზრდილი, აუცილებელი იყო, მთავრობას ქმედითი ნაბიჯები გადაედგა და საზოგადოების ყველაზე დაუცველი ასიათასობით მოქალაქეს მედიკამენტების პროგრამით დახმარებოდა. სამწუხაროდ, 2017 წლიდან მოქმედმა მედიკამენტების პროგრამამ ეს ამოცანა ვერ შეასრულა,” - აცხადებს ზურაბ ჭიაბერაშვილი.

ზურაბ ჭიაბერაშვილის თქმით, გამოსავალია მედიკამენტის კომპონენტის დამატება საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაზე, ოღონდ ამისათვის საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის დიზაინი უნდა შეიცვალოს და მოხდეს მისი სწორი ადმინისტრირება. ასეთ შემთხვევაში ათიათასობით გაჭირვებული მოქალაქეების ხელმისაწვდომობა წამლებზე გაიზრდება.

„მესამე საგანგაშო სიგნალი, რაც ტიკარაძისგან მივიღეთ, ისაა, რომ მთავრობა არ აპირებს 520-ე დადგენილების შეჩერებას და საკუთარი შეცდომების გამო საავადმყოფოებს, მედპერსონალსა და საბოლოო ჯამში, პაციენტებს სჯის,” - განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.

მისი თქმით, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის გაუმართაობის გამო, ჯანდაცვის სამინისტროს საავადმყოფოების მიმართ 350 მილიონი ლარის დავალიანება აქვს გასასტუმრებელი, რის გამოც კლინიკების მუშაობას ხელი ეშლება და მედპერსონალის დიდი ნაწილი თვეობით ვერ იღებს ხელფასს.

„ეს ყველაფერი მედპერსონალის ხელფასების გაუცემლობაში, სამედიცინო მომსახურების ხარისხის დაქვეითებასა და პაციენტების მიერ ჯიბიდან გადახდების ზრდაში აისახება,” - განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.

ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ გუშინ განაცხადა, რომ გრიპის ვირუსზე სავალდებულო ვაქცინაციის გაკეთება არ არის საჭირო.

„ჩვენ არ გვაქვს არანაირი პანიკის საფუძველი, ვინაიდან არ გაგვაჩნია არანაირი ეპიდემიური მონაცემები. სახელმწიფო მზად არის გრიპის ვირუსისთვის. ვაქცინა არ არის პანაცეა და აქედან გამომდინარე, არ ვთვლი, რომ სავალდებულო ვაქცინაცია არის საჭირო გრიპის ვირუსზე. შესაბამისად, ამისათვის არ არის საჭირო ზედმეტი აქცენტების გაკეთება. გრიპის ვირუსი არის ყოველ წელს და ყველა ქვეყანაში. ჩვენც როგორმე გადავიტანთ გრიპის ვირუსს", - განაცხადა ტიკარაძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა