სამართალდამცავებმა გორიდან გაუჩინარებული არასრულწლოვანი გოგოს ადგილსამყოფელი დაადგინეს

სამართალდამცავებმა გორიდან გაუჩინარებული არასრულწლოვანი გოგოს ადგილსამყოფელი დაადგინეს

"ინტერპრესნიუსისთვის“ ახლახანს ცნობილი გახდა, რომ სამართალდამცავებმა გორიდან გაუჩინარებული არასრულწლოვნის ადგილსამყოფელი დაადგინეს. მოზარდი თავს კარგად გრძნობს. აღნიშნული ინფორმაცია ,,ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას დაადასტურა, იმ საოჯახო სახლის მენეჯერმა, სადაც თითქმის ერთი წელია გოგონა ცხოვრობს.

,,სამართალდამცავებმა გაუჩინარებული მოზარდის ადგილსამყოფელი დაადგინეს, გოგონა კარგადაა. მოგეხსენებათ, არასრულწლოვანზეა საუბარი და ამიტომ, მისი ინტერესებიდან გამომდინარე, დეტალებზე მეტს ვერაფერს გეტყვით, მთავარია, რომ ბავშვი კარგადაა“, - განაცხადა ,,ინტერპრესნიუსთან“ გორში მოქმედი საოჯახო სახლის მენეჯერმა ხვიჩა პოსოშვილმა.

ცნობისთვის, არასრულწლოვანი გოგონა გორში მოქმედი მცირე საოჯახო სახლის ბენეფიციარია, იგი 22 დეკემბერს გაუჩინარდა. საოჯახო სახლის ადმინისტრაციამ გოგონას ადგილსამყოფელის დასადგენად ახლობლებთან გადამოწმება დაიწყო, შემდეგ კი, პოლიციას მიმართა. ოფიციალურად, სამძებრო სამუშაოები 26 დეკემბრის დილიდან მიმდინარეობდა.