თელავში ეთნიკური უმცირესობების საზოგადოებრივი საკონსულტაციო საბჭოს სხდომა გაიმართა

თელავში ეთნიკური უმცირესობების საზოგადოებრივი საკონსულტაციო საბჭოს სხდომა გაიმართა, რომელიც შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილე ლია გიგაურმა და სახელმწიფო რწმუნებულმა კახეთის რეგიონში, ირაკლი ქადაგიშვილმა გახსნეს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატიდან აცნობეს, საბჭოს მიზანია ეთნიკური უმცირესობების ჩართულობის გაუმჯობესება საზოგადოებრივ - პოლიტიკურ ცხოვრებაში. აღნიშნული ფორმატის ფარგლებში, ეთნიკური უმცირესობები და მათი ინტეგრაციის საკითხით დაინტერესებული სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები, აქტიურად არიან ჩართულნი სხვადასხვა საკითხის განხილვაში.

სხდომაზე, ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენლებმა, ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ პუნქტებში განხორციელებული სხვადასხვა სოციალურ - ეკონომიკური პროექტის შესახებ ანგარიში წარადგინეს. იმსჯელეს 2019 წელს გადადგმულ ნაბიჯებსა და 2020 წლისათვის დასახულ ამოცანებზე, საჭიროებებსა და მათი გადაჭრის გზებზე.

„ჩვენს სახელმწიფოს სამოქალაქო თანასწორობისა და ეთნიკური უმცირესობების ინტეგრაციის სახელმწიფო სტრატეგია გააჩნია. სწორედ ამ სტრატეგიის ფარგლებში ფუნქციონირებს ეთნიკური უმცირესობების საზოგადოებრივი საკონსულტაციო საბჭოები, რომლებიც რეგიონალურ მმართველობასთანაა დაკავშირებული. კახეთის საკონსულტაციო საბჭო აქტიურად მუშაობს. ასეთი საბჭოს სხდომაც უკვე არაერთხელ გაიმართა. მნიშვნელოვანია, რომ საბჭო წარმოდგენილია ეთნიკური უმცირესობებით, რომლებიც დასახლებულები არიან კახეთის რეგიონის სხვადასხვა მუნიციპალიტეტში. ამ სხდომის ფარგლებში მათ საშუალება აქვთ დააფიქსირონ პოზიციები და მოსაზრებები პოლიტიკურ მონაწილეობასა თუ საზოგადოებრივ საკითხებთან დაკავშირებით. ასევე, გამოთქვან საკუთარი ხედვა გადაწყვეტის გზებსა და პერსპექტივებზე. ჩართულნი იყვნენ როგორც სხვადასხვა საკითხის მოგვარებაში, ისე ახალი გეგმების დასახვის პროცესში.

მნიშვნელოვანია, რომ ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებს, მიუხედავად მათი ეთნიკური და რელიგიური კუთვნილებისა, გეოგრაფული საცხოვრებელი ადგილისა, ჰქონდეთ განცდა, რომ ისინი ქვეყანაში თანასწორი და თანაბარუფლებიანები არიან და ყველა ის შესაძლებლობა და სიკეთე, რასაც სახელმწიფო სთავაზობს ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს, მათთვის ხელმისაწვდომია“, - განაცხადა ლია გიგაურმა.

სხდომაში მონაწილეობას აგრეთვე იღებდნენ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს წარმომადგენლები, ადგილობრივი ხელისუფლების ხელმძღვანელი პირები, ეთნიკური უმცირესობების საბჭოს წევრები და არასამთავრობო ორგანიზაციები.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო