ნათია თურნავა - ინერტული ტიპის წიაღის მოპოვების აქტუალობა დიდია და გვინდა ეს ინდუსტრია მსხვილ ტექნოლოგიურ ინვესტიციებზე ორიენტირებული გავხადოთ

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა წიაღის სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა.

შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილი, წიაღის ეროვნული სააგენტოს დირექტორი მაია ზავრაშვილი, ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს დირექტორი დავით გიგინეიშვილი, სამცხე-ჯავახეთის მხარის გუბერნატორი ბესიკ ამირანაშვილი.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროდან აცნობეს, ეკონომიკის მინისტრმა შეხვედრის მონაწილეებს წიაღის სექტორში მიმდინარე რეფორმა და რეფორმის ფარგლებში გამარტივებული პროცედურები გააცნო. თავის მხრივ, სექტორის წარმომადგენლებმა მინისტრს მათ წინაშე არსებული გამოწვევები გააცნეს და ხაზი გაუსვეს სექტორში განხორციელებულ ცვლილებებს, რის შედეგადაც მათ ლიცენზიების მოპოვება და ინერტული მასალების დამუშავების პროცედურები გაუმარტივდათ.

მიმდინარე შეხვედრას, ძირითადად, ქვიშისა და ინერტული მასალების მომპოვებელი და გადამამუშავებელი საწარმოების წარმომადგენელები დაესწრნენ. მათ მიერ წარმოებული პროდუქციით, ძირითადად, ადგილობრივი სამშენებლო სექტორი სარგებლობს.

როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ ნათია თურნავამ განაცხადა, წიაღის სექტორის რეფორმა პრიორიტეტულია და აღსანიშნავია, რომ ეს რეფორმა საკმაოდ წარმატებულად მიმდინარეობს და სავსებით ლოგიკური იყო დარგთან მსგავსი მასშტაბური შეხვედრის გამართვა.

„ინერტული მასალების მოპოვება-გადამუშავება ერთ-ერთი ყველაზე მზარდი დარგია საქართველოში და მას დიდი წვლილი შეაქვს სამშენებლო ინდუსტრიაში. თავის მხრივ, სახელმწიფო ხელს უწყობს ამ ინდუსტრიას ბევრი მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებით. ინერტული ტიპის წიაღის მოპოვების საჭიროება და აქტუალობა დიდია და ჩვენ ვიმსჯელეთ იმაზე, თუ როგორ გავხადოთ ეს ინდუსტრია ორიენტირებული უფრო მსხვილ ტექნოლოგიურ ინვესტიციებზე, როგორ გავაკეთოთ ისე, რომ მხოლოდ მოპოვებით არ შემოიფარგლებოდნენ ჩვენი მეწარმეები და ძირითადი აქცენტი გადამუშავებაზე კეთდებოდეს. მისასალმებელია, რომ დღეს უკვე იმდენი შესაძლებლობა შეიქმნა და იმდენად შემოსავლიანია ეს ბიზნეს საქმიანობა, იმხელა რესურსი აქვთ მეწარმეებს, რომ ყველა ფიქრობს გადამუშავებაზე, განვითარებაზე, გაფართოებაზე. ჩვენ კი, ჩვენი მხრიდან, დავიწყეთ პროცედურების გამარტივება“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.

ეკონომიკის მინისტრის თქმით, კანონში შედის და პარლამენტში პირველი მოსმენით უკვე გასულია ცვლილება, რომ მეწარმეს, რომელიც ახორციელებს მოპოვებას და პარალელურად, გადამამუშავებელი საწარმოს ამუშავების სურვილი აქვს, სახელმწიფო უფრო შეღავათიანად, მარტივად და ყოველგვარი ბიუროკრატიული პროცედურის გარეშე გადასცემს მიწას, რომელზეც უნდა ააშენოს საწარმო და დაასაქმოს ადამიანები.

„ჩვენ ასევე გავაცანით შეკრებილებს "ერთი ფანჯრის“ პრინციპი, რაც იმას ნიშნავს, რომ ადამიანებს, კომპანიებს არ უნდა უხდებოდეთ ერთი და იგივე სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფში ცალ-ცალკე სიარული და წერილების მიწერა, ეს ყოვლად მიუღებელია. როგორც სხვა დარგებში ვახორციელებთ „ერთი ფანჯრის“ პრინციპის დანერგვას, ასევე წიაღის მოპოვებაშიც დავნერგეთ ეს პრინციპი. წიაღის სააგენტო უკვე სრულად არის დიგიტალიზებული და თავად მეწარმეებმაც აღნიშნეს, რომ არ უხდებათ თბილისში ჩამოსვლა და ადგილზე შეუძლიათ ინფორმაციის მოპოვება. შემდეგი ეტაპია, გავამარტივოთ შეთანხმებების პროცედურები სხვადასხვა სტრუქტურასთან“, - განაცხადა ნათია თურნავამ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა