ადვოკატის ინფორმაციით, ორი ექსპერტიზის დასკვნა ჩაბარდათ და ორივე დასკვნა ცალსახად ადასტურებს, რომ გიორგი რურუას იარაღი "ჩაუდეს"

გიორგი რურუას ადვოკატის, დიმიტრი საძაგლიშვილის განცხადებით, ორი ექსპერტიზის დასკვნა ჩაბარდათ და ორივე დასკვნა ცალსახად ადასტურებს, რომ გიორგი რურუას იარაღი "ჩაუდეს". ამის შესახებ ადვოკატი სოციალურ ქსელში წერს.

„აქედან პირველი დასკვნის თანახმად, გიორგი რურუას შარვალზე და მაისურზე მეტალიზაციის კვალი არ ამოვიდა, ანუ გიორგის შარვალს მეტალის ნივთთან შეხება არ ჰქონდა, მაშინ როდესაც გამოძიების ვერსიით გიორგის შარვლის საქამრეში „ედო” იარაღი.

მეორე დასკვნის თანახმად, იარაღზე რომლის „ტარებასაც” გიორგის ედავებიან, არ ამოვიდა ანაბეჭდები.

ორივე დასკვნა ცალსახად ადასტურებს, რომ გიორგის იარაღი ჩაუდეს, რადგან შეუძლებელია ატარებდე იარაღს და მასზე არ დატოვო ანაბეჭდები და შეუძლებელია საქამრეში გედოს იარაღი და შარვალზე და მაისურზე მეტალის კვალი არ ამოვიდეს.

რაც შეეხება დნმ-ს, გიორგის დაკავებისთანავე მისგან იძულებით აიღეს დნმ-ი, ოღონდ ისე, რომ არანაირი დოკუმენტი არ შეადგინეს, ანუ ვითომ არ აუღიათ. ეს დამნაშავე პოლიციელებმა გააკეთეს იმიტომ, რომ „ამოღებულ” იარაღზე წაესვათ გიორგის დნმ-ი და ამით დაემტკიცებინათ „დანაშაული”. ჩვენ პირველივე დღიდან ვითხოვთ ამ ამბის გარკვევას, მათ შორის პოლიციის შენობაში მდებარე კამერების ჩანაწერებს, თუმცა დღემდე არანაირი რეაგირება ამას არ მოჰყოლია. რის გამოც, როდესაც პოლიციელებმა უკვე განჩინებით მოითხოვეს დნმ-ის ნიმუში, ამაზე ვუთხარით უარი, რადგან მისი შედარება უნდა გაეკეთებინათ უკანონოდ პირველივე დღეს აღებულ და ჩადებულ იარაღზე დატანილ დნმ-თან. ანუ, მტკიცებულებების გაყალბებას ახდენდნენ და ბუნებრივია ჩვენ ამ პროცესში არ მივიღეთ მონაწილეობა.

ამის შემდეგ, რადგან მთელი საქმე თავზე ჩამოენგრათ, დამნაშავე პოლიციელებმა და მათმა ზემდგომებმა გადაწყვიტეს უბინძურესი მეთოდი გამოეყენებინათ და იარაღზე უკანონოს წასმული დნმ-ის ნიმუში უნდა შეადარონ ერთი წლის წინ გარდაცვლილი ნიკა რურუას დნმ-ს (ნიკას დაღუპვისას, გარდაცვალების მიზეზი რომ დადგენილიყო, აიღეს მისი სისხლის ნიმუში და სწორედ ამ ნიმუშს იყენებენ ეხლა). ანუ, გარდაცვლილი ნიკას სისხლის გამოყენებით ცდილობენ გიორგისთვის იარაღის ჩადების გაპრავებას. ამაზე ბინძური და ამორალური საქციელი ალბათ არ არსებობს.

რაც არ უნდა მოხდეს, უკვე არსებულ, ჩვენ სასარგებლო ექსპერტიზის ორი დასკვნას ვერსად გაექცევიან და ვერ დაამტკიცებენ (დამტკიცებაში მონა მოსამართლეების გადაწყვეტილებებს არ ვგულისხმობ) იმას, რაც არ მომხდარა - გიორგის მიერ იარაღის ტარებას. შესაბამისად, გიორგი რურუა უდავოდ პოლიტპატიმარია! ის ისჯება „მთავარი არხის“ მეწილეობისთვის და ანტისაოკუპაციო საპროტესტო აქციებში აქტიური მონაწილეობისთვის“, - წერს ადვოკატი „ფეისბუქში“.

ცნობისთვის, გიორგი რურუა სამართალდამცავებმა 18 ნოემბერს, სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულისთვის დააკავეს, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს. მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვს შეფარდებული.

ამასთან, გასულ კვირას, გიორგი რურუას ბრალდებას დაემატება ახალი მუხლი სასამართლო გადაწყვეტილების შეუსრულებლობა და მისი შესრულებისათვის ხელის შეშლა (სსკ 381 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება).

„გიორგი რურუამ უარი განაცხადა სასამართლოს განჩინების მიხედვით დნმ და ხელის კვლების ნიმუშის აღების თაობაზე. კანონით გათვალისწინებულ პროცედურას მისი ადვოკატებიც ესწრებოდნენ“, - განაცხადეს პროკურატურაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა