იურისტებს შორის აზრთა სხვადასხვაობაა, აძლევს თუ არა კანონმდებლობა ზაქარია ქუცნაშვილს პარლამენტში დაბრუნების შესაძლებლობას

აძლევს თუ არა კანონმდებლობა ზაქარია ქუცნაშვილს პარლამენტში დაბრუნების შესაძლებლობას, ამაზე იურისტებს შორის აზრთა სხვადასხვაობაა. ქუცნაშვილის კვლავ საკანონმდებლო ორგანოში დაბრუნების საკითხი დღის წესრიგში მას შემდეგ დადგა, რაც უმრავლესობის წევრმა ოთარ ჩრდილელმა განაცხადა, რომ ის დეპუტატის მანდატს ტოვებს. ჩრდილელის შემდეგ, „ქართული ოცნების“ პარტიული სიით ადგილს სწორედ ზაქარია ქუცნაშვილი იკავებს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებაში“ განუცხადეს, ქუცნაშვილი დეპუტატი ვეღარ გახდება. მათი განმარტებით, საარჩევნო კოდექსის 125-ე მუხლის მე-10 პუნქტის თანახმად, როდესაც 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ქუცნაშვილი მაჟორიტარად აირჩიეს, მან პარტიულ სიაში ადგილი დაკარგა. შესაბამისად, მათივე განმარტებით, ოთარ ჩრდილელის ადგილმონაცვლე, არა ქუცნაშვილი, არამედ სიაში მისი მომდევნო კანდიდატი იქნება.

ზოგიერთი იურისტი „ინტერპრესნიუსთან“ საუბარში იმასაც აცხადებს, რომ ზაქარია ქუცნაშვილი საკანონმდებლო ორგანოში ხელმეორედ ვეღარ მოხვდება, რადგან მას დეპუტატის უფლებამოსილება ერთხელ უკვე შეუწყდა.

საპირისპირო მოსაზრება აქვთ საპარლამენტო უმრავლესობაში. როგორც „ინტერპრესნიუსს“ საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე გურამ მაჭარაშვილმა განუცხადა, მსგავსი პროცედურა, რომლის მიხედვითაც ქუცნაშვილი პარლამენტის წევრი ვერ გახდება, არც კანონსა და არც პარლამენტის რეგლამენტში გათვალისწინებული არ არის. მაჭარაშვილის განმარტებით, ერთსა და იმავე მოწვევის პარლამენტში ორჯერ შესვლა შესაძლებელია. მისი თქმით, ოთარ ჩრდილელის ადგილმონაცვლის თაობაზე ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ უნდა იმსჯელოს და კანდიდატურაც პარლამენტს მან უნდა წარუდგინოს.

კითხვაზე, კენჭისყრაზე დაუჭერს თუ არა ის ზაქარია ქუცნაშვილის კანდიდატურას, გურამ მაჭარაშვილი პასუხობს, რომ ამაზე საუბარი ჯერ ადრეა. მაჭარაშვილი დარწმუნებულია, რომ ამ საკითხზე „ამდენი მსჯელობა საჭირო არ იქნება“.

რაც შეეხება თავად ზაქარია ქუცნაშვილს, სურს თუ არა კვლავ პარლამენტში დაბრუნება, ამას არ აკონკრეტებს. როგორც მან „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, ამაზე გადაწყვეტილება უკვე მიღებული აქვს, თუმცა საზოგადოებას მას შემდეგ გააცნობს, რაც ოთარ ჩრდილელს დეპუტატის უფლებამოსილება ოფიციალურად შეუწყდება.

„მე გადაწყვეტილება უკვე მიღებული მაქვს, თუმცა საზოგადოებას ამას მას შემდეგ გავაცნობ, როდესაც შესვლის უფლება წარმომეშვება. ეს კი მაშინ მოხდება, როდესაც პარლამენტი ოთარ ჩრდილელის უფლებამოსილების შეწყვეტის თაობაზე იმსჯელებს და გადაწყვეტილებას მიიღებს,“ - განაცხადა ზაქარია ქუცნაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ქუცნაშვილმა დეპუტატის მანდატის დატოვების გადაწყვეტილება 2019 წლის 21 ივნისს მას შემდეგ მიიღო, რაც მისი ორგანიზებით, მართლმადიდებლობის პარლამენტთაშორისი ასამბლეის სხდომა თბილისში რუსი დეპუტატის სერგეი გავრილოვის ხელმძღვანელობით გაიხსნა. 20-21 ივნისის ღამის საპროტესტო აქციის შემდეგ, ქუცნაშვილმა დეპუტატის მანდატის დატოვება გადაწყვიტა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს