რუსთავის საქალაქო სასამართლომ, 35 წლის დავით მუმლაძის განზრახ მკვლელობისთვის დაკავებულ ზურაბ ჯღარკავას პატიმრობა შეუფარდა

რუსთავის საქალაქო სასამართლომ, 35 წლის დავით მუმლაძისთვის უკანონოდ თავისუფლების აღკვეთასა და განზრახ მკვლელობის ბრალდებით დაკავებული ზურაბ ჯღარკავასთვის აღკვეთი ღონისძიების - პატიმრობის ძალაში დატოვების აუცილებლობის თაობაზე იმსჯელა.

მოსამართლემ სრულად დააკმაყოფილა ბრალდების მხარის შუამდგომლობა და ზურაბ ჯღარკავასთვის დაუსწრებლად შეფარდებული აღმკვეთი ღონისძიება - პატიმრობა, ძალაში დატოვა. პატიმრობის ათვლა 2 იანვრის 20 საათიდან განისაზღვრა. გადაწყვეტილება მოსამართლე ქეთევან ლუაშვილმა გამოაცხადა.

საქმის პროკურორ გიორგი ლობჯანიძის განცხადებით, ზურაბ ჯღარკავა სამართალდამცავებმა 2 იანვარს წითელი ხიდის სასაზღვრო გამშვები პუნქტთან, მდინარის პირას დააკავეს, მას თან ჰქონდა თანხა, კერძოდ, აზერბაიჯანული მანათი და სავარაუდოდ ქვეყნის დატოვებას აპირებდა.

დაცვის მხარემ, ადვოკატმა იოსებ ხარატიშვილმა, ზურაბ ჯღარკავას 10 ათასი ლარის ოდენობის გირაოს სანაცვლოდ პატიმრობიდან გათავისუფლების შუამდგომლობა დააყენა.

ადვოკატის განცხადებით, საქმეში არ არის არც ერთი მტკიცებულება, რომელიც ჯღარკავას ბრალდებას დაადასტურებდა. მოსამართლემ შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა და სრულად გაიზიარა ბრალდების არგუმენტები.

ცნობისთვის, 1983 წელს დაბადებული, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი ზურაბ ჯღარკავას მიმართ გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტებზე, სსკ-ის 143-ე და 109-ე მუხლებით მიმდინარეობს.

35 წლის დავით მუმლაძის ცხედარი მდინარე მტკვარმა, რუსთავში 2019 წლის 5 ოქტომბერს გამორიყა. არსებული ინფორმაციით, მას სხეულზე 30-ზე მეტი ჭრილობა ჰქონდა მიყენებული. ოჯახი დავით მუმლაძეს 1-ელი ოქტომბრიდან ეძებდა. პოლიციამ დავით მუმლაძის მკვლელობის საქმეზე 7 ოქტომბერს 5 პირი დააკავა, მათ შორის მოქმედი და ყოფილი პოლიციელები. შსს-ს ინფორმაციით, მუმლაძის მკვლელობის ბრალდებით დაკავებულია გიორგი ასათიანი, შსს რუსთავის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებს დავით მიროტაძეს და მიხეილ ღუბიანურსა, ასევე ყოფილ სამართალდამცავს დიმიტრი დუღაშვილს ჯგუფურად თავისუფლების უკანონოდ აღკვეთა ედებათ ბრალად, ხოლო გიორგი გეთაშვილს ბრალი ცრუ ჩვენების მიცემისთვის აქვს წაყენებული. გარდა ამისა, დავით მუმლაძის მკვლელობაში კიდევ ერთი პირი ზურაბ ჯღარკავაც მონაწილეობდა, რომლის დაკავების მიზნით შსს აქტიურ ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებებს ატარებდა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს