აშშ-ირანის დაპირისპირების გავლენა საქართველოზე

აშშ-ირანის დაპირისპირება რთული რეგიონული მდგომარეობის და საქართველო-ირანის გარკვეულ ასპექტებში თანამშრომლობის გათვალისწინებით, პირდაპირი და ირიბი გზებით შესაძლოა, სხვადასხვა მასშტაბით აისახოს ქართული ეკონომიკის ცალკეულ მიმართულებებზე. მათ შორის გასათვალისწინებელია: ვაჭრობის, ინვესტიციების, ფულადი გზავნილების, უცხოური ინვესტიციების და ტურიზმის ფაქტორები. ამის შესახებ თსუ ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრის დირექტორი, სექტორი 3 - ჰაბი განვითარებისათვის ექსპერტი, ვახტანგ ჭარაია საუბრობს და თითეულ მიმართულებას განიხილავს.

ვაჭრობა (2019 წლის 11 თვე)

ექსპორტი - 2 პროცენტი (ცხვრის ხორცი, ფეროშენადნობები, ავტომობილები და სხვა). ირანში გასატანი ქართული პროდუქციის დივერსიფიცირება შესაძლებელია და არ იქნება მნიშვნელოვანი ზიანის მომტანი ქართული ეკონომიკისათვის, თუმცა ყველაზე ნეგატიურ სცენარში მისი გავლენა მშპ-ზე -0.1 პროცენტულ პუნქტს არ გადააჭარბებს.

იმპორტი - 2.1 პროცენტი (თამბაქოს ნაწარმი, ცემენტი, არმატურა, ფისტა და სხვა). იმპორტის ჩანაცვლება, როგორც წესი ექსპორტის დივერსიფიცირებაზე უფრო მარტივადაა შესაძლებელი, თუმცა აღსანიშნავია რომ ცალკეული მოთამაშეები ქართულ ბაზარზე საკმაოდ ეფექტურად იყენებდნენ ირანული წარმოების (როგორც წესი) დაბალი ღირებულების პროდუქციას, რასაც ხშირად ადგილობრივი მწარმოებლები აპროტესტებდნენ შესაძლო დემპინგური ფასების და დაბალი ხარისხის ჭრილში, რომელიც მათ არ აძლევდა განვითარების შესაძლებლობას...

ფულადი გზავნილები (2019 წლის 11 თვე)

საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემების თანახმად, ირანი ფაქტობრივად არავითარ როლს არ თამაშობს საქართველოში შემომავალი ფულადი გზავნილების ნაკადებში, რომელმაც 2019 წლის 11 თვეში სულ - 64 900 აშშ დოლარი შეადგინა, რაც ამავე პერიოდში ჯამურად შემოდინებულ 1.56 მილიარდ აშშ დოლართან მიმართებაში 0.005 პროცენტს არ აღემატება. რაც შეეხება იგივე პერიოდში საქართველოდან ირანში განხორციელებულ ფულად გზავნილებს მან - 0 აშშ დოლარი შეადგინა.

პირდაპირი უცხოური ინვესტიციები

2019 წლის პირველი 3 კვარტალის მონაცემების თანახმად ირანიდან საქართველოში განხორციელებულმა უცხოურმა ინვესტიციებმა - 6 მილიონ 685 ათასი აშშ დოლარი ან/და ჯამური ინვესტიციების 0.5 პროცენტი შეადგინა, რომელიც ძირითადად მცირე ბიზნესის დამსახურებაა. აღსანიშნავია, რომ ირანიდან მსხვილი ინვესტიციების მოზიდვას მრავალი ფაქტორი აფერხებს, რაც გრძელვადიან პერიოდში საქართველოს ნაკლებად დამოკიდებულს ხდის ირანში არსებულ სისტემატიურ გამოწვევებზე.

ტურიზმი

2018 წლის 11 თვესთან შედარებით, მართალია ირანელი ვიზიტორების რაოდენობა 2019 წლის 11 თვეში განახევრდა (52.4 პროცენტით ნაკლები), თუმცა მაინც ინარჩუნებს 8-ე პოზიციას ტოპ ათეულში 132 848 ვიზიტორით. საშუალო ირანელის დანახარჯების გათვალისწინებით (2071 ლარი) შეგვიძლია ვთქვათ, რომ 2020 წელს ირანიდან ტურისტული ნაკადის განულების შემთხვევაში საქართველომ შესაძლოა, დაახლოებით 100 მილიონი დოლარის ექვივალენტი შემოსავალი დაკარგოს, რაც 2019 წლის ტურიზმის შემოსავლებთან მიმართებაში (3.1 მილიარდი აშშ დოლარი) დაახლოებით 3 პროცენტიან კლებას მოგვცემს ფულად გამოსახულებაში. სიტუაცია არც ისე კატასტროფულია, თუ გავითვალისწინებთ საქართველოს იმპორტდამოკიდებულების მაღალ დონეს და რომ ამ თანხის დიდი ნაწილი იმპორტირებული პროდუქტების შეძენას უნდა მოემსახუროს.

სხვა ფაქტორები

პირდაპირი გავლების არხების გარდა ირან-აშშ-ის დაპირისპირება საქართველოზე შესაძლოა, ნეგატიური გავლენა ირიბი გზებითაც იქონიოს, მაგალითად: ნავთობის საერთაშორისო ფასების მერყეობით; საქართველოს მეზობლების საზღვართან არსებული არასტაბილურობით; უკიდურეს შემთხვევაში ლტოლვილთა ნაკადის და სამხედრო კონფრონტაციაში ირიბად ჩაბმის გამოწვევით და ა.შ.

შეჯამება

თუ გამოვრიცხავთ იმ უხილავ და ირიბ ფაქტორებს, რომელთაც საქართველოზე შეიძლება ნეგატიური გავლენა იქონიონ და რომელიც უფრო სახიფათო შესაძლოა გამოდგეს საქართველოსთვის... პირდაპირი გზებით ირანი-აშშ-ის დაპირისპირებას შეუძლია საქართველოს ეკონომიკაზე დაახლოებთ 100-110 მილიონი აშშ დოლარის ექვივალენტი ზიანის მოყენება, რაც საქართველოს ეკონომიკურ მდგრადობას საფრთხეს ნამდვილად ვერ შეუქმნის, მათ შორის ვერც ეროვნული ვალუტის სტაბილურობის კუთხითაც. თუმცა, დივერსიფიცირებაზე მუშაობა ოპერატიულადაა დასაწყები. იმის გათვალისწინებით, რომ 2020 წელი ახალი დაწყებულია და მოცემული ფაქტორის გათვალისწინება წლის დასაწყისშივეა შესაძლებელია, მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას განახორციელოს შესაბამისი ზომები შესაძლო ეკონომიკური ზიანის მაქსიმალურად ასარიდებლად.

ვახტანგ ჭარაია,

თსუ ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრის დირექტორი, სექტორი 3 - ჰაბი განვითარებისათვის ექსპერტი

ავთანდილ წულაძე - საქართველოსთან მიმართებაში რუსეთის სტრატეგიული მიზანი არსებული სტატუს-კვოს შენარჩუნებაა
ქართული პრესის მიმოხილვა 23.01.2020
ვახტანგ ხმალაძე - ეუთო/ოდირის პასუხი საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით ოპოზიციის წინადადებაზე სავარაუდოდ, ამ თვის ბოლომდე უნდა იყოს
გათამაშდა 1 მილიონ 182 454 ლარი - იძებნება მოგებული!
თეგეტა მოტორსმა 2019 წელი ავტოინდუსტრიის ბაზრის ლიდერის სტატუსით დახურა
სილქნეტმა გლობალურ საკომუნიკაციო კომპანია OneWeb-თან თანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერა ხელი
გეოგრაფიკი და კოლიერსი აბასთუმნის განვითარების პროექტის შესახებ
"ლიბერთი ბანკსა" და "ევექსი კლინიკებს" შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
"სილქნეტი" აგრძელებს ოპტიკური ქსელის განვითარებას რეგიონებში - დაფარვის ზონას დაემატა დუშეთი