მეუფე გრიგოლი - რატომაა ასე ბურუსით მოცული დეკანოზის შეწყალება-არშეწყალების საკითხი?! მითუმეტეს, რომ ე.წ. დანაშაულებრივ ქმედებას სიცოცხლის გამანადგურებელი შედეგი არ მოჰყოლია და არავინ დაზიანებულა

ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა, მეუფე გრიგოლმა საშობაო ღვთისმსახურება ფოთის ბრწყინვალე აღდგომის საკათედრო ტაძარში აღავლინა. დიაკონმა კირიონმა მრევლს მეუფის ეპისტოლე წაუკითხა, სადაც მეუფე გრიგოლი საკუთარი პოზიციას აფიქსირებს მეუფე პეტრესა და დეკანოზ მამალაძესთან დაკავშირებით.

„სამწუხარო კვალი დატოვა გასულ წელს ჩვენს ეკლესიაში განვითარებულმა მოვლენებმა; მხედველობაში მაქვს მიტროპოლიტ პეტრეს (ცაავა) მიერ და მის მიმართ გადადგმული ნაბიჯები. აქ ჩემს პირად პასუხისმგებლობასაც გავუსვამდი ხაზს, რადგან ვერ შევძელი ჩემი სულიერი ძმების დარწმუნება იმ ნაბიჯების გადადგმის გარდაუვალ აუცილებლობაში, რაც თავიდან ააცილებდა ეკლესიას და თვით სახელმწიფოს იმ ტიპის რყევებს, რომლის შედეგებიც არც თუ შორეულ მომავალში, სავარაუდოდ, მძაფრად იჩენს თავს. „ციანიდის საქმის“ შემდეგ, გასულ წელს განვითარებულმა მოვლენებმა კიდევ უფრო დაამძიმა ისედაც არსებული მძიმე მდგომარეობა, რაც „დამოკლეს მახვილის“ მსგავსად ჰკიდია ჩვენი დედაეკლესიის ინსტიტუციური სხეულის თავზე და მეტისმეტად აზიანებს მის ავტორიტეტს.

ჩემთვის, როგორც საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა სინოდის ერთ-ერთი წევრისთვის, უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ არსებულ პრობლემურ საკითხებთან დაკავშირებით დადგინდეს ჭეშმარიტება და ერთმნიშვნელოვანი პასუხით წერტილი დაესვას ყოველგვარ სპეკულაციებს. წინააღმდეგ შემთხვევაში, სულ უფრო და უფრო შეუძლებელი გახდება იმ პროცესთა შეჩერება, რომელიც თანაბრად აზიანებს ჩვენს ეკლესიასა და სახელმწიფოს. ხალხური ზეპირსიტყვიერება გვეუბნება, „ყველას თავისი სიმართლე აქვსო“; დიახ, შესაძლოა, ბევრი სიმართლე იყოს ერთდროულად, მაგრამ ჭეშმარიტება მხოლოდ და მხოლოდ ერთი შეიძლება იყოს! ნებისმიერ ადამიანს (და ინსტიტუციას) აქვს (და უნდა ჰქონდეს კიდეც) უფლება სამართლიანი სასამართლოსი, სადაც გამოირიცხება იმ ტიპის „ერთსულოვანი“ დადგენილებები, რომლებიც „კენჭისყრის პროცედურას არ საჭიროებს“, არამედ ნებისმიერი საკითხის განხილვისას სათანადო პროცედურის გავლით მოხდება ჭეშმარიტების დადგენა და სათანადო გადაწყვეტილების მიღება; აქვე ისიც უნდა გავიხსენოთ, ხალხს რომ უთქვამს: „ნაბან წყალს ბავშვი გადააყოლესო“; არ დაგვემართოს ისე, რომ ჩვენი დედაეკლესიის ავტორიტეტი გადავაყოლოთ იმ ინტრიგებს, რაც საფრთხეს უქმნის წმიდა სინოდის ერთიანობას და შესაბამისად, ძირს უთხრის ჩვენი საზოგადოების სულიერ ერთობას“, - ნათქვამია მეუფე გრიგოლის ეპისტოლეში.

მეუფესთვის გაუგებარია, რატომ არის ასეთი ბურუსით მოცული დეკანოზის შეწყალება-არშეწყალების საკითხი.

„უკვე მერამდენე შობაა, რომ ჩვენთვის არადამაჯერებელ, გაუგებარ გარემოებებათა საფუძველზე ბრალდებული დეკანოზი იხდის სასჯელს და ამის პარალელურად საზოგადოების მხრიდან (მათ შორის, თვით მრევლშიც) მუდამ ისმის კითხვა, თუ რა მოხდა სინამდვილეში; და რადგან არსებობს რიგი პასუხგაუცემელი კითხვებისა, მუდმივად იგრძნობა პერმანენტული მოლოდინი იმისა, რომ მან თავი უნდა დააღწიოს სატუსაღოს. ამასობაში დრო გადის და უაღრესად რთული ხდება იმის გაგება, თუ მართლაც რასთან გვაქვს საქმე. რატომ არის ასეთი ბურუსით მოცული დეკანოზის შეწყალება-არშეწყალების საკითხი?! მით უმეტეს, რომ მის ე.წ. „დანაშაულებრივ ქმედებას“ სიცოცხლის გამანადგურებელი (ან დამაზიანებელი) შედეგი არ მოჰყოლია და ფიზიკურად არც არავინ დაზიანებულა. დედა ეკლესიის მადლმოსილი არსი და მისი ყოველმხრივ შემწყნარებელი ბუნება გვავალდებულებს, რომ ამ კუთხით უფრო შორსმჭვრეტელნი და მიმტევებელნი ვიყოთ და, უწინარეს ყოვლისა, მძიმე სულიერ და ფიზიკურ მდგომარეობაში მყოფი დეკანოზისა და მისი ოჯახის მდგომარეობა გავითვალისწინოთ. დაე, თავად ჩვენი ეკლესიის წიაღში გაირკვეს ამ საქმის არსი, მისი ბრალეულობა-არაბრალეულობის საკითხი, მით უმეტეს, რომ დეკანოზის ქმედებებს - როგორც ვთქვით - შედეგად არ მოჰყოლია ვისიმე სიცოცხლის განადგურება. ეს მნიშვნელოვანია იმიტომაც, რომ კიდევ უფრო მეტად არ გამყარდეს ჩვენი საზოგადოების გარკვეულ ნაწილში (სამწუხაროდ!) ისედაც არსებული განცდა, რომ ბრალდებული დეკანოზის სატუსაღოში ყოფნა აწყობს სახელმწიფოსაც და ეკლესიასაც! ვფიქრობ, რომ მძიმე ჯანმრთელობის მდგომარეობაში მყოფი დეკანოზის შეწყალებით, დედაეკლესიას მიეცემა შესაძლებლობა, სრულფასოვნად გაერკვეს ამ საკითხში და მართლმკვეთელობით კრებსითად მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება. ჩამოთვლილი სირთულეები კიდევ უფრო მეტად ცხადჰყოფს, რომ ეკლესიაში არსებობს მძიმე მემკვიდრეობის დაძლევისა და მისი ინსტიტუციური სხეულის სისტემური გამართულობის უზრუნველმყოფ ღონისძიებათა განხორციელების გარდაუვალი აუცილებლობა“, - ნათქვამია მეუფე გრიგოლის ეპისტოლეში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო