მეუფე გრიგოლი დეკანოზთან დაკავშირებით პრეზიდენტის გადაწყვეტილებაზე - თავს უფლებას ვერ მივცემ ვისაუბრო იმის შესახებ, რისი მოლოდინი მქონდა - მოხდა ის, რაც მოხდა

ჩემს თავს უფლებას ვერ მივცემ ვისაუბრო იმის შესახებ, თუ რისი მოლოდინი მქონდა და რისი მოლოდინი არ მქონდა. მოხდა ის, რაც მოხდა, საერთოდ გადაჭარბებული მოლოდინები იმედგაცრუებას ბადებს, - ამის შესახებ ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა, მეუფე გრიგოლმა პრეზიდენტის მიერ დეკანოზ გიორგი მამალაძის შეწყალებაზე უარის თქმის კომენტირებისას განაცხადა.

„დღევანდელ დღეს, ჩვენ ახალშობილ მაცხოვარზე უნდა ვისაუბროთ და არ არის ეს ის დღე, რომ ჩვენ მიწიურ, ამსოფლიურ მეფეებზე და მოხელეებზე გავამახვილოთ ყურადღება. რა თქმა უნდა, საშობაო ეპისტოლეში, ჩვენს გზავნილში შევეხეთ იმ მტკივნეულ საკითხებს, რომელიც არსებობს და იმედი მაქვს, ნებისმიერ შემთხვევაში, გარკვეული გამოხმაურება ადამიანის გულში ექნება ჩემს გულისტკივილს, ჩემს ნათქვამს, რადგან ჩვენი ცხოვრება დიდი საზრისის მქონეა და თუ ამ მნიშვნელოვან საკითხებს, რაც ჩვენი ცხოვრების განმავლობაში გარკვეულწილად ართულებს ამ გზას, განსაცდელებს ქმნის, წაუყრუებთ, ისედაც რთული და გაუსაძლისი წუთისოფელი, კიდევ უფრო რთული და მძიმე ხდება. ადამიანებმა არ უნდა დავუმძიმოთ ერთმანეთს ყოფა-ცხოვრება, პირიქით, უნდა დავეხმაროთ ერთმანეთს და თუ შეგვიძლია ერთმანეთს შევუმსუბუქოთ ტვირთი. არ შეიძლება ყველას და ყველაფერს ეჭვის თვალით ვუყუროთ. მტერიც კი, რომელიც აშკარა მტერია, ბოღმა მის მიმართ არ უნდა ჩაიდო გულში, იმიტომ, რომ ბოღმა ბოღმის მატარებელს ანადგურებს და კლავს. აი, სწორედ როდესაც მაცხოვრის შესახებ ვსაუბრობთ, უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენი ღმერთი არის ღმერთი სიყვარულისა და სიყვარული თუ გვიშველის ჩვენ და გადაგვარჩენს. ჩემს თავს უფლებას ვერ მივცემ ვისაუბრო იმის შესახებ, თუ რისი მოლოდინი მქონდა და რისი მოლოდინი არ მქონდა. მოხდა ის რაც მოხდა, საერთოდ გადაჭარბებული მოლოდინები იმედგაცრუებას ბადებს. იმედგაცრუებას ზიანის მეტი არაფერი მოაქვს არც თვითონ ადამიანისთვის და არც საზოგადოებისთვის. ჯობია პრაგმატულები ვიყოთ და რეალობას თვალი გავუსწოროთ. ერთმანეთისგან ნუ მოვითხოვთ იმაზე მეტს, ვიდრე ადამიანს შეუძლია“, - განაცხადა მეუფე გრიგოლმა.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს