არჩილ თალაკვაძე ოპოზიციის განცხადებებზე - უცნაური ინტერპრეტაციაა, პირველად გავიგე, რომ ეპისტოლე მხოლოდ ხელისუფლებისთვის იყო

მნიშვნელოვანია, რომ ეპისტოლეში პატრიარქი საუბრობს გაერთიანების და ერთობის მნიშვნელობაზე. ერთობა ნამდვილად არის ის, რაც ჩვენს ქვეყანას სჭირდება. რაც მთავარია, რაც არის ქრისტიანობის ერთ-ერთი ფუძემდებლური პრინციპი - ვემსახუროთ ადამიანებს, ვემსახუროთ ერთმანეთს, ვუჩვენოთ ერთმანეთს სიკეთე და მხოლოდ ამ გზით შეძლებს ჩვენი ქვეყანა გაძლიერებას, გამთლიანებას, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებს საკანონმდებლო ორგანოსთან განუცხადა, სააც ის უმრავლესობის წევრებთან ერთად ალილოს მონაწილეებს დახვდა.

თალაკვაძე ოპოზიციის წარმომადგენლების შეფასებებსაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მათ უცნაური ინტერპრეტაცია გააკეთეს, როდესაც აღნიშნეს, რომ პატრიარქის საშობაო ეპისტოლე მხოლოდ მთავრობისკენ იყო მიმართული.

„უცნაური ინტერპრეტაციაა, პირველად გავიგე ასეთი რამე, რომ ეპისტოლე ხელისუფლებისთვის იყო მხოლოდ. ჩვენ გუშინ ვესწრებოდით საშობაო წირვას, მინდა მივულოცო უწმინდესს და უნეტარესს, კათოლიკოს პატრიარქ ილია მეორეს შობა, ყველა მღვდელმსახურს და ყველა ადამიანს, ვინც შობის დღესასწაულს იმედით შეხვდა და ვისაც აქვს რწმენა, რომ მომავალი იქნება უკეთესი. ეპისტოლე ტრადიციულად იყო სიღრმისეული და მნიშვნელოვანი, სიყვარულზე, სიკეთეზე, ჩვენი ქვეყნის გამთლიანებაზე იყო ძალიან ძლიერი აქცენტები. მნიშვნელოვანია, რომ ეპისტოლეში პატრიარქი საუბრობს გაერთიანების და ერთობის მნიშვნელობაზე. ერთობა ნამდვილად არის ის, რაც ჩვენს ქვეყანას სჭირდება. რაც მთავარია, რაც არის ქრისტიანობის ერთ-ერთი ფუძემდებლური პრინციპი - ვემსახუროთ ადამიანებს, ვემსახუროთ ერთმანეთს, ვუჩვენოთ ერთმანეთს სიკეთე და მხოლოდ ამ გზით შეძლებს ჩვენი ქვეყანა გაძლიერებას, გამთლიანებას. ვფიქრობ, ჩვენ ამას მოვახერხებთ. ჩვენს ქვეყანას აქვს დიდი ისტორია და აქვს დიდი მომავალიც. საქართველოს ყოველთვის სჯეროდა თავისი მომავლის და ჩვენ ეს რწმენა უნდა გვქონდეს“, - განაცხადა თალაკვაძემ.

მისივე თქმით, „ეს წელი იქნება განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ ხელისუფლებამ, მოქალაქეებმა, მედიამ, ყველამ ერთად შევძლოთ შევინარჩუნოთ სიმშვიდე, საქმიან ვითარებაში განვიხილოთ საკითხები და მივიდეთ მეტ ადამიანთან, ვისაც მეტად სჭირდება დახმარება“.

„დარწმუნებული ვარ, ღვთის შეწევნით, პატრიაქრის კურთხევით ამას შევძლებთ. ყველა უნდა გავაკეთოთ ჩვენი საქმე, ყველამ ჩვენი პასუხისმგებლობა უნდა გავაცნობიეროთ და აუცილებლად ყველაფერი გამოგვივა“, - განაცხადა თალაკვაძემ და დასძინა:

„მინდა ჩემს უსაყვარლეს გურულებს მივულოცო შობა. მალე მოდის გურული კალანდაც და ჩვენ კიდევ ერთხელ გურიაში აღვნიშნავთ ამ დღეს იმ ადამიანებთან ერთად, ვინც ტრადიციულად ჩამოდის ჩვენთან სტუმრად“, - განაცხადა თალაკვაძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა