მაია ცქიტიშვილი - ბაკურიანში საცობების პრობლემა მნიშვნელოვანწილად მოგვარებულია

ბაკურიანის მიმართულებით ახალი შემოვლითი გზა გაკეთდა, მოეწყო მუნიციპალური ტრანსპორტის პარკი და ახალი საპარკინგე სივრცეები შეიქმნა, - ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა ბაკურიანში ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, მათ სეზონისთვის მზადება დაწყებული ჰქონდათ, რის ფარგლებშიც მთელი წლის განმავლობაში ძალიან ბევრი სამუშაო გასწიეს.

„ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო კურორტზე არსებული მდგომარეობა, ტურისტული სეზონისთვის მზაობის გადახედვა. გვქონდა საკოორდინაციო შეხვედრა ყველა სამსახურთან. ჩვენ სეზონისთვის მზადება გვქონდა დაწყებული, რის ფარგლებშიც მთელი წლის განმავლობაში ძალიან ბევრი სამუშაო გავწიეთ. კერძოდ, გაკეთდა ახალი შემოვლითი გზა, რომელმაც მნიშვნელოვნად განტვირთა მოძრაობა, ასევე წლევანდელი სეზონისთვის გაკეთდა წრიული გზაც და საცობების პრობლემა, რომელიც წინა წლებში ძალიან მძიმედ გვქონდა, მნიშვნელოვანწილად მოგვარებულია. ასევე საგზაო დეპარტამენტის კონტრაქტორი არის მობილიზებული იმისთვის, რომ შიდა გზების მუდმივ რეჟიმში გაწმენდა მოახერხოს. ბუნებრივია, საპატრულო პოლიციაც ამ პროცესში აქტიურადაა ჩართული, მუშაობს 7 ეკიპაჟი, თბილისიდანაც ასევე დამატებითი ეკიპაჟები უზრუნველვყავით. ახალი საპარკინგე სივრცეები, მათ შორის დიდველთან, მგზავრებთან და კოხტასთან ასევე ამ სეზონის დაწყებამდე მოეწყო. ამ საპარკინგე სივრცეებით სარგებლობა კი ამ კურორტზე უფასოდ არის შესაძლებელი.

ასევე გვაქვს მნიშვნელოვანი სიახლე სატრანსპორტო თვალსაზრისით. გვყავს ავტობუსები, ამ სეზონისთვის თბილისის მერიის დახმარებით განვაახლეთ და პრაქტიკულად შევქმენით მუნიციპალური ტრანპორტის პარკი. ამ ეტაპზე მუშაობს 4 ავტობუსი, რომელიც მუდმივად მოძრაობს წრიულ მარშრუტზე, მათ შორის კოხტასთან და დიდველთან და იგეგმება ავტობუსების რაოდენობის 10-მდე გაზრდა. პარალელურ რეჟიმში ჩვენ, უშუალოდ ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამოცხადებული გვაქვს ტენდერი სრულიად ახალი ავტობუსების შესაძენად ბაკურიანისთვის, რომელიც სპეციალურად იქნება მორგებული კურორტის საჭიროებებს. ამას გარდა გვაქვს ტენდერი გამოცხადებული მუნიციპალური ტექნიკის შეძენაზე, რომელიც უკვე ამ მუნიციპალიტეტს შემდეგი სეზონისთვის ექნება“, - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს