„თავისუფალი საქართველო“ - დეკანოზ მამალაძის საქმე ხელახლა უნდა იქნეს გამოძიებული

პარტია „თავისუფალი საქართველო“ დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს. „ინტერპრესნიუსი“ განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

„პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ჩვენ ვემიჯნებით და კატეგორიულად ვგმობთ ნებისმიერ ქმედებას, რომელიც შესაძლოა მიმართული იყოს, საქართველოს ეკლესიის მეთაურის ან სინოდის წევრების წინააღმდეგ, მით უფრო მათი სიცოცხლისა და ჯანმრთელობის ხელყოფისაკენ - ვისი მხრიდანაც არ უნდა მომდინარეობდეს ეს.

ასევე, ვაცხადებთ, რომ ჩვენს მიზანს არ წარმოადგენს დეკანოზის პოზიციის დაცვა და მთლიანობაში, არ ვიზიარებთ მისი დამცველების მიერ წარმოდგენილ პოზიციებს, რომელიც, ხშირ შემთხვევაში, ისეთივე სადავო იყო - როგორიც ბრალდებები.

იმავდროულად, გასათვალისწინებელია, რომ საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით, ბრალდების ტვირთი სწორედ სახელმწიფოს ეკისრება და არა დაცვის მხარეს. საზოგადოების ყურადღებას, კიდევ ერთხელ მივაქცევთ შემდეგ გარემოებებზე:

დღემდე გაუგებარია რა ედება ბრალად დეკანოზ გიორგი მამალაძეს. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ხელისუფლების ოფიციალური პირები, იუსტიციის მინისტრიდან - პრეზიდენტამდე, ხშირად საუბრობენ პატრიარქის სიცოცხლის ხელყოფის მცდელობაზე, თუმცა არც მამალაძისათვის წარდგენილ ბრალში და არც სასამართლოს მიერ გამოტანილ განაჩენში, მსგავსი არაფერი არ წერია. შესაბამისად, ბუნდოვანია საკითხი: რისთვის იხდის სასჯელს დეკანოზი მამალაძე?

სრულიად გაუგებარია, როგორ შეიძლება სინოდმა, ანუ საქართველოს ეკლესიის უმაღლესმა წარმომადგენლობითმა ორგანომ, იშუამდგომლოს იმ მსჯავრდებულის შეწყალებაზე, რომელსაც ბრალად ედება, საქართველოს პატრიარქის სიცოცხლის ხელყოფის მცდელობა.

სინოდის გადაწყვეტილება თავისთავად აჩენს ეჭვებს, რომ ან საქართველოს ეკლესია არ ენდობა სახელმწიფოს მიერ დეკანოზისადმი წარდგენილ ბრალდებებს, ან სინოდის გარკვეულ წევრებს სხვა მოტივაციები აქვთ საიმისოდ, რომ დეკანოზი მამალაძე არ დარჩეს პატიმრობაში;

პრაქტიკულად, გამოძიების პირველსავე ეტაპზე გაჩნდა საკმაოდ დასაბუთებული ვერსია, რომ მამალაძის წინააღმდეგ დაწყებული კამპანია, რეალურად დაკავშირებული იყო ბრალდებულის მიერ საპატრიარქოში კათოლიკოს-პატრიარქის დავალებით დაწყებულ ფინანსურ მოკვლევასთან. მამალაძე მიუთითებდა, სინოდის კონკრეტულ წევრებზე, რომლებიც საქართველოს საპატრიარქოს სახელით და მაღალჩინოსნების დახმარებით (გოგაშვილი და სხვ...), ეწეოდნენ გარკვეულ ფინანსურ მანიპულაციებს, რითაც ზარალს აყენებდნენ სახელმწიფო ბიუჯეტს, საპატრიარქოს ქონებას. ეს მთლიანობაში სახელს უტეხდა საქართველოს ეკლესიას. გაკეთდა განცხადებები, რომ ძიება ცალკე წარმოებად გაგრძელდებოდა, თუმცა დღემდე არანაირი პასუხი ამ მიმართულებით არა გვაქვს.

ამ მნიშვნელოვანი გარემოებების გარდა, საქმეში არის სხვა პროცესუალური დარღვევები, მათ შორის საქმის განხილვა დახურულ სხდომაზე, რაც დამატებით ეჭვებს აჩენს.

ყოველივე ზემოთ თქმულიდან გამომდინარე მიგვაჩნია, რომ მოქმედი ან მომავალი ხელისუფლების პირობებში, დეკანოზ მამალაძის საქმე ხელახლა უნდა იქნას გამოძიებული და დადგინდეს, როგორც მისი პასუხისმგებლობის საკითხი, აგრეთვე სხვა პირების, მიუხედავად მათი საერო თუ სასულიერო თანამდებობებისა.

მოვუწოდებთ სახალხო დამცველს და საერთაშორისო ორგანიზაციებს, ყველა ღონე იხმარონ რათა დაწესდეს მეთვალყურეობა დეკანოზ მამალაძის ჯანმრთელობაზე, რათა მნიშვნელოვან მოწმეს არ შეექმნას საფრთხე ხელახალი გამოძიება დაწყებამდე“, - აღნიშნულია განცხადებაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა