გია ხუხაშვილი - „შულერული თამაში“ მიმდინარეობდა, რაც ლოგიკური ფინალით დასრულდა - არამხოლოდ მამუკა ხაზარაძე, არამედ სხვა ინვესტორებიც საერთაშორისო სასამართლოში დავას დაიწყებენ

პროცესები ჯანსაღად რომ წარმართულიყო, ანაკლიის პროექტის პირველი ეტაპი ახლა დასრულების პირას უნდა იყოს, მაგრამ სახელისუფლებო პოლიტიკურ თამაშებს შეეწირა ყველაფერი, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ პოლიტოლოგმა გია ხუხაშვილმა განუცხადა, რითაც გამოეხმაურა ხელისუფლების გადაწყვეტილებას „ანაკლიის კონსორციუმთან“ ხელშეკრულების გაწყვეტის თაობაზე. ხუხაშვილის თქმით, ხელისუფლება რიტორიკულად პროექტის მხარდაჭერის დეკლარირებას ახდენდა, მაგრამ ამავდროულად კონსორციუმის დისკრედიტაციისთვის ყველაფერს აკეთებდა.

პოლიტოლოგის შეფასებით, ხელისუფლებამ გადაწყვიტა, რომ მამუკა ხაზარაძეზე ეჭვიანობის ნიადაგზე ანაკლიის პროექტზე კონტროლი თავად აღედგინა, თუმცა ამ გადაწყვეტილებით სახელმწიფო ინტერესი დაზიანდა.

„ის, რაც დღეს მოხდა ლოგიკური დასასრული იყო იმ „შულერული თამაშისა“, რასაც ხელისუფლება ეწეოდა მთელი 2019 წლის განმავლობაში, როდესაც რიტორიკულად პროექტის მხარდაჭერის დეკლარირებას ახდენდა, მაგრამ ამასთანავე, მეორე ხელით ყველაფერს აკეთებდა კონსორციუმის დისკრედიტაციისთვის. საბოლოო ჯამში, ამით პოტენციურ ინვესტორებს აფრთხობდა და ამ ვითარებაში როდესაც კონსორციუმის მენეჯმენტს უმძიმეს დანაშაულში სდებ ბრალს, არც ერთი ინვესტორი რისკს არ გასწევს და ფულს არ ჩადებს. ამ ყველაფერს ხელოვნური პოლიტიკური კონტექსტი გასდევდა. გარდა ამისა, ხელისუფლებას რაღაც ეტაპზე პროექტის მიმართ პოლიტიკური ინტერესი გაუჩნდა და მამუკა ხაზარაძეზე ეჭვიანობის ნიადაგზე გადაწყვიტა, რომ მასზე კონტროლი აღედგინა. პროექტიდან კონსორციუმის ჩამოშორების თაობაზე პოლიტიკური გადაწყვეტილება, ჩემი აზრით, ჯერ კიდევ 1 წლის წინ იქნა მიღებული. ამის შემდეგ, მთელი ეს „შულერული თამაში“ მიმდინარეობდა, რაც ლოგიკური ფინალით დასრულდა.

მე კონსორციუმი ნაკლებად მაინტერესებს, თუმცა საქმე იმაში გახლავთ, რომ სახელმწიფო ინტერესი დაზიანდა. ანაკლიის პროექტის განხორციელება ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო, არა მხოლოდ ეკონომიკური თვალსაზრისით, არამედ შავი ზღვის უსაფრთხოების სისტემის ფუნქციის შეძენის თვალსაზრისით, რაც ქვეყანას ძალიან წაადგებოდა,“ - განაცხადა გია ხუხაშვილი.

მისი ვარაუდით, ანაკლიის კონსორციუმის ინვესტორები ამ გადაწყვეტილებაზე საერთაშორისო სასამართლოში იდავებენ, რაც ქვეყანას კომპენსაციის სახით, შესაძლოა, ასეულობით მილიონი დაუჯდეს. ხუხაშვილის განცხადებით, საერთაშორისო სასამართლო დავის შემთხვევაში, ანაკლიის პროექტის ბედი კითხვის ნიშნის ქვეშ დგება.

„ანაკლიის კონსორციუმი მაღალი ალბათობით საერთაშორისო სასამართლოში წავა. არამხოლოდ მამუკა ხაზარაძე იდავებს, არამედ არამედ იქ იყვნენ ამერიკელი და სხვა ინვესტორები, რომლებიც აგრეთვე დაიწყებენ დავას და ეს საერთოდ ბუნდოვანს ხდის ამ პროექტის მომავალს. საკმაოდ ბევრი არგუმენტი დაუგროვდათ იმისა, რომ ეს გადაწყვეტილება სადავო გახადონ და ძალიან დიდ კომპენსაციაზე იქნება ლაპარაკი, ალბათ ასეულობით მილიონზე.

ახლა არ გამოვრიცხავ, რომ ამ პროექტზე კონტროლის აღების პირობებში ხელისუფლებას სურვილი ჰქონდეს, რომ რაღაცა გააკეთოს, მაგრამ თუ საერთაშორისო დავები დაიწყო, სადავო აქტივზე არც ერთი ჭკუათმყოფელი ინვესტორი არ გარისკავს მილიარდობით დოლარის ჩადებას. ხელისუფლებას ერთადერთი გზა რჩება, რომ ისევ თვითონ ან მასთან აფილირებულმა პირმა გასწიოს რაღაც ტიპის რისკი, მაგრამ ძალიან არაჯანსაღი ვითარება იქმნება ამ პროექტის გარშემო, რაც მის პერსპექტივას ძალიან ბუნდოვანს ხდის, რაც არ უნდა ოპტიმისტური განცხადებები აკეთოს დღეს ხელისუფლებამ,“ - განაცხადა გია ხუხაშვილმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა