„ლელოს“ წევრი საბა ბუაძე - აუცილებელია, დადგინდეს ის მიზეზები, რატომ მოხდა C ჰეპატიტის სამკურნალო წამლების ჩამოწერა და რატომ ვერ მოახერხა სამინისტრომ, რომ მოეცვა საქართველოს მოსახლეობა

აუცილებელია, დადგინდეს ის მიზეზები, თუ რატომ მოხდა ამ წამლების ჩამოწერა და რატომ გაუვიდა ვადა, რატომ ვერ მოახერხა სამინისტრომ, რომ მოეცვა საქართველოს მოსახლეობა, - ამის შესახებ პოლიტიკური გაერთიანება „ლელო საქართველოსთვის" წევრმა, საბა ბუაძემ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშთან დაკავშირებით განაცხადა, რომლის თანახმადაც საქართველოს მიერ C ჰეპატიტის მართვის პროგრამის ფარგლებში მიღებულ ნახევარ მილიარდ ლარზე მეტი ღირებულების მედიკამენტს ვადა გაუვიდა.

როგორც მან გაერთიანების ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, ეს არის არაეფექტური მართვის შედეგი. საბა ბუაძე ამბობს, რომ ისედაც არაეფექტური ჯანდაცვის სამინისტრო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ მიყვანილი კადრებით იმართება.

„ჩვენ დღეს გავხდით კიდევ ერთხელ მომსწრეები იმისა, თუ როგორ კატასტროფულად და არაეფექტურად მართავს ჯანდაცვის სამინისტრო სხვადასხვა პროგრამას. ჩვენ C ჰეპატიტის პროგრამას ვუყურებდით იმედით, იმის იმედით, რომ ქვეყანაში მოხდებოდა C ჰეპატიტის ელიმინაცია, შედეგად ჩვენ მივიღეთ ის, რომ სამინისტრომ ჩამოწერა 500 მილიონი ლარის მედიკამენტები, ეს არის კატასტროფული მაჩვენებელი, ეს არის უნიკალური მედიკამენტები, რომელიც საქართველომ საჩუქრად მიიღო ამერიკული კომპანიებისგან და ეს პროგრამაც თითით საჩვენებელი და უნიკალური უნდა გამხდარიყო განკურნების მაჩვენებლით და იმ საყოველთაო მოცვით, რომელიც იყო დაგეგმილი. ჩვენ ვნახეთ, რომ ათასობით ადამიანს არ მიეცა საშუალება, რომ განკურნებულიყო ამ დაავადებისგან, რადგან ჩვენ დღეს მოვისმინეთ დაავადებათა კონტროლის ცენტრისგან განცხადება, რომ თითქოს ბევრ ადამიანზე არ არის საუბარი და სულ რაღაც 3000-მა ადამინმა ვერ მიიღო მკურნალობა. სამინისტრო ადამიანების სიცოცხლეზე ლაპარაკობს ასე ხელაღებით, ასე ნულოვანი თანაგრძნობით. ეს არის შედეგი არაეფექტური მართვისა, ეს არის შედეგი იმისა, რომ სამინისტროში არ არსებობს არანაირი ხედვა იმისა, თუ როგორ უნდა იმართებოდეს ეს პროგრამა. ჩვენ ვნახეთ, რომ სამინისტრომ ხელოვნური დაბრკოლებები გააჩინა და ფინანსური ტვირთი შემოიტანა ამ პროგრამაში და ადამიანებს არ მიეცათ შესაძლებლობა, რომ ამ უნიკალური შესაძლებლობით ესარგებლათ. აუცილებელია, დადგინდეს ის მიზეზები, თუ რატომ მოხდა ამ წამლების ჩამოწერა და რატომ გაუვიდა ვადა, რატომ ვერ მოახერხა სამინისტრომ, რომ მოეცვა საქართველოს მოსახლეობა და ასევე აუცილებელია დადგინდეს წარსულში ის ძალიან ბევრი შემაშფოთებელი კითხვის ნიშანი, რომელიც ამ პროგრამასთან არსებობდა, წამლების გამოტანასთან და შემდეგ „შავ ბაზარზე“ გაყიდვასთან დაკავშირებით. ეს კითხვები არსებობს, ამ კითხვებზე პასუხები არ გვაქვს და არ დამდგარა არცერთი იმ პირის პასუხისმგებლობის საკითხი, რომელიც ამ პროგრამის არაფექტურად, არაგამჭვირვალედ და ცუდად მართვის გამო უნდა გამოვლენილიყო და პასუხისმგებლობაში მიცემულიყო. ჩვენ დღეს ვხედავთ, რომ სამინისტროში კვალიფიციური ადამიანური რესურსები ჩანაცვლდნენ სუს-იდან მოყვანილი კადრებით და დღეს ისედაც ძალიან არაეფექტურად მომუშავე სამინისტრო იმართება სპეცსამსახურების მიერ მოყვანილი ადამიანებით. ეს არის ძალიან ცუდი ტენდენცია, ამას ემატება ისიც, რომ ჯანდაცვის მინისტრი უარს ამბობს პარლამენტში მისვლაზე და კითხვებზე პასუხების გაცემაზე. ეს არის „ქართული ოცნების" მმართველობის სტილი, რომელიც მოიცავს ნულოვან ანგარიშვალდებულებას, ნულოვან გამჭვირვალობას და ძალიან დამაზიანებელ მართვის სტილზე", - განაცხადა ბუაძემ.

ცნობისთვის, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშის თანახმად, საქართველოს მიერ C ჰეპატიტის მართვის პროგრამის ფარგლებში მიღებულ ნახევარ მილიარდ ლარზე მეტი ღირებულების მედიკამენტს ვადა გაუვიდა. როგორც ჯანდაცვის სამინისტროს ფინანსური აუდიტის ანგარიშიდან ირკვევა, სოციალური მომსახურების სააგენტოს სხვა დანარჩენი მატერიალური მარაგების ანგარიშზე, 2018 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით აღრიცხული აქვს C ჰეპატიტის მართვის პროგრამის ფარგლებში 560,645,083 ლარის ვადაგასული მედიკამენტი.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა