თენგიზ არჩვაძეს რუსთავის საპატიო მოქალაქის წოდება მიენიჭა

საქართველოს სახალხო და დამსახურებულ არტისტს, შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემიის ლაურეატს, ,,ხელოვნების ქურუმის“ წოდების მფლობელს, თენგიზ არჩვაძეს, რუსთავის საპატიო მოქალაქის წოდება მიენიჭა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ რუსთავის მერიიდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, სპეციალური ჯილდო და საჩუქრები, თენგიზ არჩვაძეს, რუსთავის მერმა ირაკლი ტაბაღუამ, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე დავით რეხვიაშვილთან ერთად გადასცა. ქალაქის მერი სახელოვან მსახიობს, სახლში ესტუმრა და ქართული თეატრის დღე მიულოცა. თენგიზ არჩვაძემ სტუმრებს მადლობა გადაუხადა და რუსთავის თეატრში გატარებული წლები და ნათამაშები როლები გაიხსენა.

,,ქართული თეატრის დღეს ვესტუმრეთ ჩვენს სახელოვან მსახიობ - თენგიზ არჩვაძეს. ბატონი თენგიზი, სხვა სახელოვან მსახიობებთან ერთად, რუსთავის თეატრის პირველი დასის წევრი იყო, სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ მისთვის რუსთავის საპატიო მოქალაქის წოდება მიგვენიჭებინა. თენგიზ არჩვაძე გამორჩეული ადამიანი და მსახიობია, ჩვენ მას მადლობას ვუხდით ქართული თეატრისა და კინოს განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის, გამორჩეული როლებისთვის და იმ წლებისთვის, რომელიც მან რუსთავის თეატრში გაატარა“, - განაცხადა ჟურნალისტებთან საუბარში რუსთავის მერმა ირაკლი ტაბაღუამ.

თენგიზ არჩვაძე რუსთავის თეატრში 1967-1972 წლებში მოღვაწეობდა. 1967 წელს, კოტე მარჯანიშვილის სახელობის თეატრის, ძირითადად, ახალგაზრდა მსახიობთა ერთმა ჯგუფმა, მთავარი რეჟისორის გიგა ლორთქიფანიძის მეთაურობით, სიახლის ძიების სურვილით დატოვა თეატრი და გადაწყვიტა საკუთარი, განსხვავებული სიტყვა ეთქვა თეატრალურ ხელოვნებაში. სწორედ მათ რიცხვში იყო თენგიზ არჩვაძე, ოთარ მეღვინეთუხუცესთან, ქეთევან კიკნაძესთან, თამარ სხირტლაძესთან, გურანდა გაბუნიასთან, ნოდარ მგალობლიშვილთან, გივი ბერიკაშვილთან, ირაკლი უჩანეიშვილთან, ლეო ანთაძესთან და სხვა მსახიობებთან ერთად.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა