ნიკა ჩიტაძე გუდაური-ქვეშეთი-კობის გზაზე - იზრდება საქართველოს ეკონომიკური დამოკიდებულება რუსეთზე, რაც განაპირობებს პოლიტიკური დამოკიდებულების ზრდას

რუსეთს უკვე განთავსებული ჰყავს საკუთარი საოკუპაციო ძალები საქართველოს ორ ისტორიულ რეგიონში. განმეორებითი აგრესიის შემთხვევაში, რუსეთის შეიარაღებული ძალების შემოჭრა ოკუპირებული რეგიონებიდან იქნება შესაძლებელი, - ამის შესახებ ექსპერტმა ნიკა ჩიტაშვილმა „პალიტრანიუსს“ განუცხადა, რითაც უპასუხა კითხვას, რამდენად საფრთხის შემცველია ქვეშეთი-კობის გზის მშენებლობა სამხედრო თვალსაზრისით. მისი თქმით, იმის ალბათობა, რომ რუსულმა ტანკებმა ზემო ლარსის სასაზღვრო პუნქტი გადმოკვეთონ, არის, თუმცა უფრო სავარაუდოა, რომ აგრესიის შემთხვევაში რუსული შეიარაღებული ძალები ოკუპირებული ტერიტორიებიდან შემოვლენ.

„რუსული აგრესიის განმეორების შემთხვევაში, შესაძლებელია, რომ რუსულმა ტანკებმა გადმოკვეთონ ზემო ლარსის სასაზღვრო პუნქტი, თუმცა ამის ალბათობა გაცილებით ნაკლებია, ვინაიდან რუსეთს უკვე განთავსებული ჰყავს საკუთარი საოკუპაციო ძალები, მათ შორის სატანკო დივიზიები, საქართველოს ორ ისტორიულ რეგიონში. განმეორებითი აგრესიის შემთხვევაში, მას კავკასიის სამხედრო გზის გამოყენება არ დასჭირდება, რადგან შესაძლებელი იქნება რუსეთის შეიარაღებული ძალების ოკუპირებული რეგიონებიდან შემოჭრა, რასაც ადგილი ჰქონდა 2008 წელს“, - განაცხადა ნიკა ჩიტაძემ.

მისივე შეფასებით, როდესაც საუბარია ახალი გზების მშენებლობაზე, არსებობს ეკონომიკური საფრთხეები. მისივე თქმით, ახალი გზების მშენებლობის შედეგად, იზრდება სავაჭრო ბრუნვა. შესაბამისად, ჩიტაძის შეფასებით, როდესაც ეკონომიკური დამოკიდებულება იზრდება მტრულად განწყობილ სახელმწიფოსთან, ეს საფრთხის შემცველია.

„მეორე მხრივ, შეგვიძლია ვილაპარაკოთ გარკვეულ ეკონომიკურ საფრთხეებზე. საუბარი არ არის მხოლოდ ქვეშეთი-კობის გზის მონაკვეთზე. საუბარია ასევე, კახეთის მიმართულებით ახალი გზის მშენებლობაზე, აფხაზეთის გავლით სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენაზე. თუ ყველა ეს პროექტი განხორციელდა, რუსეთსა და საქართველოს შორის სავაჭრო ბრუნვა გაიზრდება. ერთი მხრივ, თითქოს რომელიმე სახელმწიფოსთან სავაჭრო ბრუნვის ზრდა არ უნდა იყოს ნეგატიური მოვლენა, თუმცა მეორე მხრივ, შეშფოთების საფუძველს იწვევს ის ფაქტი, რომ იზრდება საქართველოს ეკონომიკური დამოკიდებულება რუსეთზე იმიტომ, რომ რუსულ ბაზარზე რეალიზდება ქართული პროდუქციის 13-14%. ეკონომიკური დამოკიდებულების ზრდა თავის მხრივ განაპირობებს პოლიტიკური დამოკიდებულების ზრდას“, - განაცხადა ნიკა ჩიტაძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა