ილია ბეგიაშვილი - ბაკურიანი და გუდაური წყლით 24-საათიანი რეჟიმით მარაგდება - გადაჭარბებული და უადგილოა იმის თქმა, რომ სეზონი ჩავარდა

მთის ორივე კურორტი, ბაკურიანი და გუდაური, თავისი სამარაგე სისტემებით, წყლით, 24-საათიანი, უწყვეტი რეჟიმით მარაგდება,- ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ ილია ბეგიაშვილმა განაცხადა.

როგორც მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, ბაკურიანსა და გუდაურში სეზონისთვის მზადება დროულად დაიწყო და სხვადასხვა უწყებისგან შემდგარმა სპეციალურმა ჯგუფმა გაანალიზა ყველა ის პრობლემა, რომელიც გასულ წელს არსებობდა კურორტებზე, მათ შორის: საცობების, პარკინგების, წყალმომარაგების, გზების მოწესრიგების, მყარი ნარჩენების მართვის საკითხები, დაისახა გეგმები და გატარდა ღონისძიებები ამ პრობლემების მოსაგვარებლად.

ბეგიაშვილის თქმით, წყლის არსებული მარაგი სავსებით საკმარისი უნდა ყოფილიყო ყველა იმ აბონენტისთვის, რომელსაც გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია უწევს ოპერირებას, თუმცა წლევანდელმა მშრალმა ყინვებმა გამოიწვია მიწისქვეშა წყაროების გაყინვა, რის გამოც დაიკარგა გარკვეული რაოდენობის დებეტი.

,,გუდაურში გვქონდა პრობლემა მხოლოდ ერთ კომპლექსთან, მთლიანი გუდაური კი 24-საათიან რეჟიმში მარაგდებოდა. ანალოგიური ვითარება იყო ბაკურიანშიც. წყალმომარაგება და წყალარინება ერთ-ერთი ყველაზე რთული სისტემაა, არსებულ სირთულეებს დაემატა ავარიებიც, რამაც განაპირობა დებეტის სიმცირე. თუმცა ვერ დავეთანხმები იმას, რომ საკურორტო სეზონისთვის წყალმომარაგების მხრივ ყველაფერი გაუთვლელი იყო. ერთადერთი გაუთვალისწინებელი ფაქტი იყო, რომ დებეტის მსგავს ვარდნას ნამდვილად არ ველოდით,“-აღნიშნა ილია ბეგიაშვილმა.

მისივე თქმით, მთიან კურორტებზე მუდმივად იზრდება აბონენტების რაოდენობა და მხოლოდ გასულ წელს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ, ბაკურიანში, 800 ახალი აბონენტი დაიერთა, საიდანაც 200-ზე მეტი კომერციული ობიექტია.

,,წარმატებული საკურორტო სეზონისა და ტურისტული ინფრასტრუქტურისთვის, წყალი ერთ-ერთი აუცილებელი კომპონენტია. სამწუხაროა და კიდევ ერთხელ ვიხდი ბოდიშს შექმნილი დისკომფორტისთვის, თუმცა მთლიანობაში თუ შევაფასებთ სიტუაციას, ძალიან გადაჭარბებული და აბსოლუტურად უადგილოა იმის თქმა, რომ სეზონი ჩავარდა ან ჩავარდნის პირას იყო. აქვე დავამატებ, რომ იმ ადგილებში სადაც პრობლემა არსებობდა, წყალმზიდების საშუალებით 24-საათიან რეჟიმში ვაწვდიდით წყალს,“-აღნიშნა ილია ბეგიაშვილმა.

როგორც მინისტრის მოადგილემ განაცხადა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინიციატივით, მომზადდა ტურისტულად დატვირთული დასახლებების მართვის განსხვავებული მოდელი, ასეთი მოდელის შემუშავება კი განაპირობა კურორტების ადმინისტრირებასთან დაკავშირებულმა პრობლემებმა. შეთავაზებული ცვლილებების გაზიარების შემთხვევაში, მუნიციპალიტეტებს მიეცემათ შესაძლებლობა, საკრებულოების გადაწყვეტილებით, შექმნან საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც პასუხისმგებელი იქნება მუნიციპალური სერვისების მიწოდებაზე.

ილია ბეგიაშვილის თქმით, ეფექტიანი საჯარო მმართველობა, მოსახლეობისა და დაინტერესებული მხარეებისთვის სერვისების შეუფერხებლად მიწოდება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ისეთ მუნიციპალიტეტებში, სადაც არსებობს სწრაფი ეკონომიკური განვითარების პირობები, მზარდია ტურიზმი და ინვესტიციების მოცულობა.

აღნიშნულ ინფორმაციას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.

ვახტანგ ხმალაძე - ეუთო/ოდირის პასუხი საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით ოპოზიციის წინადადებაზე სავარაუდოდ, ამ თვის ბოლომდე უნდა იყოს
ქართული პრესის მიმოხილვა 21.01.2020
ასლან ბჟანია - სოხუმსა და თბილისს შორის დიალოგი უნდა იყოს, როგორ ფორმატში, რა ფორმით, მნიშვნელობა არ აქვს
ხელოვნური ინტელექტი და სასამართლო - კიბერმართლმსაჯულება
Fitch-მა ტერაბანკს საკრედიტო რეიტინგი B+ მიანიჭა
სპორტში განხორციელებული ქველმოქმედებისთვის კომპანია "არქის" ჯილდო გადაეცა
KTW ჯგუფი გურიაში 14 მილიონზე მეტი ოდენობის ინვესტიციას ახორციელებს