ქართული პრესის მიმოხილვა 18.01.2020

კახა კოჟორიძე - “ივანიშვილის პრემიერობას გამოვრიცხავ: მან იცის, რომ საჯარო პოლიტიკა, პრემიერ-მინისტრობა მისი საქმე არ არის”

თამაზ ბაკურიძე - “აჭარაში თურქმა ბიზნესმენმა 27 საფლავი დააყადაღა”

* * *

კახა კოჟორიძე - “ივანიშვილის პრემიერობას გამოვრიცხავ: მან იცის, რომ საჯარო პოლიტიკა, პრემიერ-მინისტრობა მისი საქმე არ არის ”

“ნაკლებად მნიშვნელოვანია ვინ იქნება გენერალური პროკურორი, რადგან საზოგადოებამ კარგად იცის, რომ ჩვენ გვყავს გენერალური პროკურორი და მისი სახელი ბიძინა ივანიშვილია. უკვე მერვე წელია, რაც ბიძინა ივანიშვილი ითავსებს ჯანდაცვის მინისტრის, შინაგან საქმეთა მინისტრის, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარისა და სხვა ყველა მნიშვნელოვან თანამდებობებს ქვეყანაში. ეს არის ის მოცემულობა, რაშიც საქართველო იმყოფება. რა მნიშვნელობა აქვს რა სახელისა და გვარის ადამიანი იქნება ამა თუ იმ სისტემაში - სისტემა ერთია და ამ სისტემას ერთი მმართველი ჰყავს“, - აცხადებს “ლელოს” ერთ-ერთი ლიდერი კახა კოჟორიძე გაზეთ “ახალი თაობისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით კახა კოჟორიძე: “შოთაძე გახარიას წინააღმდეგ საქმის გამოძიებას დაიწყებს?” / “ივანიშვილის პრემიერობას გამოვრიცხავ”.

“რომ წარმოვიდგინოთ, რომ ვინმე იდეალური პირი, იდეალური პროფესიონალი ინიშნება გენერალური პროკურორის თანამდებობაზე, ის განწირულია ჩავარდნისთვის, რადგან მახინჯი სისტემა მას განძრევის უფლებას არ მისცემს. ეს მახინჯი სისტემა არავის მისცემს რეფორმის გატარების შესაძლებლობას ან მკვეთრი გადაწყვეტილების მიღების შანსს. მაგალითად, გამოიკვეთა გიორგი გახარიას შესაძლო დანაშაულის ნიშნები, როგორც წამოგიდგენიათ, ირაკლი შოთაძე გახარიას წინააღმდეგ საქმის გამოძიება დაიწყოს?! ან კიდევ არსებობს ინფორმაცია, რომ ვანო ზარდიაშვილთან ერთად პრემიერის კაბინეტში იმყოფებოდა მოსამართლე არევაძე, სადაც კონკრეტულ საქმეზე თვითაცილების შესახებ იქნა გადაწყვეტილება მიღებული. ეს ინფორმაცია უკვე გავიდა პრესაში - შესაბამისად, კანონმდებლობის თანახმად, ამ საკითხზე გამოძიება უნდა დაიწყოს. როგორც ფიქრობთ, დაიწყებს შოთაძე ამ საკითზე გამოძიებას ან ნებისმიერი სხვა გენერალური პროკურორი, ეს ხომ წარმოუდგენელია?!” - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას კახა კოჟორიძე.

“ქართულ ოცნებაში” საკადრო დეფიციტია, ახალი სახეები არ მოდიან. შოთაძის დაბრუნება ხომ პირველი შემთხვევა არ არის - ჩხენკელი, ღარიბაშვილი გავიხსენოთ - ბიძინა ივანიშვილი მხოლოდ უკვე კარგად გამოცდილ ხალხს ენდობა. რაც შეეხება გახარიას, მაღალი ალბათობით პრემიერი პოსტს დატოვებს. მაგრამ ივანიშვილი პრემიერად არ მობრუნდება. მისთვის ძალიან არაკომფორტულია მთავრობის სხდომების ჩატარება, პარლამენტში მისვლა, ანგარიშის ჩაბარება, ჟურნალისტებისთვის კითხვებზე პასუხის გაცემა - ბოლო ინტერვიუში კატასტროფული შეცდომები დაუშვა... ივანიშვილმა იცის, რომ მისი საქმე არ არის პრემიერმინისტრობა, საჯარო პოლიტიკა. პრემიერად თუ დაბრუნდა, ამით ის საკუთარ სიძლიერეს კი არ აჩვენებს, პირიქით - საკუთარ სისუსტეს”, - განაგრძობს რესპონდენტი.

“მაღალი ალბათობით ივანიშვილი შეიძლება საარჩევნო სიის პირველი ნომერი გახდეს, თუმცა ბოლო სოციალური კვლევებით, ბიძინა ივანიშვილს სხვა ოპოზიციურ თუ სახელისუფლებო ლიდერთან შედარებით, დაბალი რეიტინგი აქვს. ეს მისთვის არ არის სახარბიელო მდგომარეობა. ძალიან გამიჭირდება იმის თქმა, რომ შეიძლება სიას თავად ივანიშვილი ჩაუდგეს სათავეში”, - დასძენს კახა კოჟორიძე და შეკითხვაზე - “ზაქარია ქუცნაშვილის პარლამენტში დაბრუნებაზე რას იტყვით? ის ამის შესახებ 20 იანვარს გააკეთებს განცხადებას” - პასუხობს:

“20 ივნისის მოვლენების შემდეგ ზაქარია ქუცნაშვილის პარლამენტში ხელახლა მობრუნება მეტად მძიმე ამბავი იქნება, მაგრამ ნამდვილად არ გამიკვირდება, რადგან მაშინდელი შს მინისტრის მოქმედებაში სავარაუდო დანაშაულის ნიშნები გამოიკვეთა და მიუხედავად ამისა ეს ადამიანი - გახარია პრემიერად დააწინაურეს. ამიტომ ზაქარია ქუცნაშვილის დაბრუნება სისტემაში შეიძლება უფრო ლოგიკურიც იყოს, ვიდრე გასაკვირი”.

თამაზ ბაკურიძე - “აჭარაში თურქმა ბიზნესმენმა 27 საფლავი დააყადაღა”

“ეს თემა ძალზე მწვავედ დგას რეგიონში. თურქულ გავლენებზე ჩვენ ერთხელ უკვე ჩავწერეთ ინტერვიუ, რასაც მოჰყვა რეაგირება - თურქეთის ელჩმა ილია მეორესთან შეხვედრის დროს განაცხადა, სამწუხაროდ, საქართველოში თურქეთის წინააღმდეგ ცუდი პროპაგანდა ხორციელდება, რაც ცუდად აისახება ქვეყნებს შორის ურთიერთობაზეო... ამ ურთიერთობებს კარგი საძირკველი აქვს და მასზე ცუდი შენობა არ უნდა დაიდგას. ახლა ბათუმში მოღვაწე თურქი ბიზნესმენები რომ საქართველოს მოქალაქეების უფლებებს ლახავენ, როგორც უნდათ, ისე ექცევიან, როგორც უნდათ, ისე ამუშავებენ მონებივით, ზედმეტი დროით ამუშავებენ, ჩვენს მოქალაქეებთან ბატონ-ყმური ურთიერთობები აქვთ, ნორმალურია?!“ - აცხადებს უფლებადამცველი თამაზ ბაკურიძე გაზეთ “ახალი თაობისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით თამაზ ბაკურიძე: “აჭარაში თურქმა ბიზნესმენმა 27 საფლავი დააყადაღა”.

“რაც თქვენ გითხარით, ამაზე თურქეთის კონსულსაც ველაპარაკე. აჭარაში დაახლოებით 20 000 ადამიანია დასაქმებული. აქედან, დაახლოებით 16 000 დაჩაგრულია. შეიძლება მითხრან, დაჩაგრული თუ არის, წავიდეს და სხვაგან იმუშაოსო - სად წავიდეს? მაგალითად, ავიღოთ “აჭარატექსტილი” - სამკერვალო ფაბრიკები ყველა თურქულია. არ იფიქროთ, რომ ამ სამკერვალო ფაბრიკებში ცოტა ადამიანი მუშაობს. ფაბრიკები აქვთ ხელვაჩაურში, ბათუმში, ჩაქვში, ბობოყვათში. და მხოლოდ ბობოყვათის სამკერვალო ფაბრიკაში 1500-მდე ადამიანი მუშაობს. საქართველოში თურქებს ასეთი დაახლოებით 10 ფაბრიკა აქვთ. როცა ამ ფაბრიკებში დასაქმებულებს ვესაუბრები მეუბნებიან, - რა ვქნათ ბატონო თამაზ, სხვა გზა არ გვაქვსო... არსებული ვითარების შესახებ თურქები ინფორმირებული არიან, მაგრამ იციან, ჩვენს მოქალაქეებს სხვაგან წასასვლელი, სხვაგან დასაქმებისა და სხვა შემოსავლის წყარო არ გააჩნიათ. ამით თურქი ბიზნესმენები სარგებლობენ”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას თამაზ ბაკურიძე.

“ბათუმში ყველა სუპოერმარკეტი თურქულია. იქაც იგივე დამოკიდებულებაა. მეკითხებიან, რა გვეშველება, ვინმემ ხომ უნდა გვიშველოსო. ვეუბნები, თუ ხმა არ ამოიღეთ და ერთმანეთის გვერდით არ დადექით, ვინ დაგეხმარებათ-მეთქი. 10-მა ადამიანმა ხმა რომ ამოიღოს და 100-მა უყუროს, არაფერი გამოვა. სამკერვალო ფაბრიკაში 1500 ადამიანიდან 500-მა რომ ამოიღოს ხმა, შედეგს მიაღწევთ - სად ნახავს დამსაქმებელი 500 ადამიანს ერთ დღეში... ამიტომ ხმის ამოღებას ძალა აქვს. ავტობანზე ზოგიერთი ქვეკონტრაქტორი კომპანიაც თურქულია. ქართველები ავტობანზე მუშაობენ მძღოლებად, დაცვაში. იქაც არ არის კარგი ვითარება...”, - განაგრძობს რესპონდენტი.

“კირნათში, მაჭახლის ხეობაში თურქულმა კომპანიამ “კირნათიენერჯ-2007”-მა რამდენიმე ათეული კილოვატი სიმძლავრის ჰესი ააშენა. მისი სრული ფუნქციონირებისთვის საჭიროა რამდენიმე ჰექტარი მიწის დატბორვა. დატბორვის ზონაში მოხვდა მოსახლეობა და მისი საკარმიდამო ნაკვეთები, ხეხილი, რაც არის მათი შემოსავლის წყარო. დატბორვის ზონაში მოჰყვა საფლავებიც. მოსახლეობის გარკვეულ ნაწილთან შეთანხმება ვერ მოხერხდა. ასეთ ზონაში დიდი ზომის ჰესის მშენებლობა სააკაშვილის დროს გაიგეგმა - მისი პროგრამა იყო შუახევისა და მაჭახლის ხეობაში ჰესების მშენებლობის დაგეგმვა. ხალხი პრობლემებით მაშინაც არავინ დაინტერესებული. ახლა გვიანაა, ჰესი უკვე აშენებულია და მუშაობს... შარშან თებერვალში წლის ზედმეტი დაგუბება მოუვიდათ და ორი სათევზე მეურნეობა დაიტბორა - თითო ოჯახმა დაახლოებით 100 ათასით იზარალა. ერთი წელია კომპანიას უჩივიან, მაგრამ არანაირი პასუხიმგებლობა კომპანიას არ აუღია...” - ამბობს უფლებადამცველი.

“ეს ზარალი არ არის ანაზღაურებული. რა ქვეყანაში ვცხოვრობთ - ვიღაც თურქი გადმოსულია და ადამიანს, რომელიც თავის მიწა-წყალზე ბიზნესს აწარმოებს აზარალებს, ხალხს ტბორავს, ბიზნესს ართმევს, ატერორებს და არავინ პასუხს არ სთხოვს. ხელმძღვანელობა არასდროს ადგილზე არ არის - რამდენჯერაც მივედით, თურქეთშია. სახიზე მაინც გვაჩვენეთ, ვინ არის-მეთქი - ოჯახებს საფლავები დაუყადაღეს... შარშან მოსახლეობა, რომელიც გასახლებას არ თანხმდებოდა თბილისში დაიბარეს ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში - გვაინტერესებს მიწას ყიდით თუ არაო, ამდენ გაძლევთ, ხოლო თუ არ გაწყობთ და არ დათმობთ, ძალით გამოგასახლებთო. ნოემბერში ეკონომიკის სამინისტრომ მიიღო ამ ადამიანების ძალით გამოსახლები გადაწყვეტილება. იმის ნაცვლად მოსახლეობასთან ერთად მარადიდში ასულიყო და ხალხისთვის ზარალის ანაზღაურებაზე ეფიქრათ, ხალხს ქონების ჩამორთმევით ემუქრებიან”, - დასძენს თამაზ ბაკურაძე და შეკითხვაზე - “ანუ წინაპრების საფლავებზე ვერ მიდიან?” - პასუხიბს:

“ხელისუფლების მხრიდან უფრო გონივრული მიდგომაა საჭირო. მესმის ინვესტიციები მნიშვნელოვანია, ინვესტორები უმდა დავიცვათ, მაგრამ პირველ რიგში საკუთარი მოქალაქის დაცვა გვევალება. მით უმეტეს როდესაც ინვესტორი მათ უფლებებს ლახავს და ღირსებას შეურაცხყოფს. ადამიანებს 27 წინაპრის საფლავი დაუყადაღო ვის გაუგონია? აჭარაში წინაპართა საფლავები ღმერთის შემდეგ ყველაზე წმინდაა. ეკონომიკის სამინისტროში წარმოუდგენიათ მაინც, სააფლავების გადათხრა ვინმემ რომ მოინდომოს, რა მოხდება აჭარაში?! ამან შეიძლება მთლიანად რეგიონში აფეთქება გამოიწვიოს. ამ ხალხის წინაპრები ოსმალეთის იმპერიას არ უშინდებოდა და თავი დასდეს, რომ ეს ქართული მიწა შეენარჩუნებინათ... საფლავების გადათხრას არავინ აპატიებთ. ამაზე დიდი შურაცხყოფა რეგიონში მცხოვრები ადამიანებისთვის არავის მიუყენებია”

ავთანდილ წულაძე - მაკრონის, შოლცისა და ტუსკის შეხვედრის შემდეგ ცხადი გახდა, რომ უკრაინის იარაღის გარეშე დატოვების გეგმა ჩავარდა, ევროპისა და უკრაინა-რუსეთს შორის სამხედრო დაპირისპირება გაგრძელდება  და გაღრმავდება
„საქართველო მეცნიერების ქვეყანაა“ - აკადემიკოსი როინ მეტრეველი
ქართული პრესის მიმოხილვა 18.03.2024
კავკასიის ავტომარკეტი - ავტომობილის ყიდვის ახლებური გამოცდილება
ქართული ღვინის წარმატება იაპონიაში - TSV Estate Winery-მ განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა
ახალი „ბაკურიანი“ ხილის გემოთი - ნატურალური მინერალური წყალი, ბაკურიანის მთებიდან, ნაკლები შაქრით