ლაგოდეხის მერია სახელმწიფო აუდიტის დასკვნას ეხმაურება

ლაგოდეხის მერია სახელმწიფო აუდიტის დასკვნას ეხმაურება. „ინტერპრესნიუსი“ განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

„აუდიტის დასკვნაში საუბარია რამოდენიმე ინფრასტრუქტურულ პროექტზე, რომელიც აუდიტის დასკვნის მიხედვით განხორციელდა უხარისხოდ. 1) შპს "ინტერ პლიუსი" - ს მიერ, სოფ. თამარიანის საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია,ხელშეკრულება დაიდო 02.06.2017 წელს, საპროექტო ღირებულება - 418.457 ლარი, სახელშეკრულებო ღირებულება 367.367ლარი.სამუშაოები დასრულდა 2018 წელს. ბაღის არსებული შენობა იყო ძველი და არასტანდარტული, პროექტმა რამოდენიმეჯერ განიცადა მშენებლობის მსვლელობის დროს კორექტირება. აუდიტის დასკვნაში ნათქვამია, რომ დაზიანებულია ჭერი (საკუჭნაოში რომელსაც არა აქვს ფანჯარა, ვერ ხდება განიავება) ჭერზე სისველის გამო გამოსული იყო ობი. არასტანდარტული, ძველი შენობის გამო, კედლების სწორად გამოყვანისათვის რიგ ადგილებში იყო გაჯით ნალესი 15-18 სმ, რამაც შრობის შემდეგ, გარკვეულ მონაკვეთებზე გამოიწვია ბზარების გაჩენა.ბაღი ექსპლუატაციაში მიღების შემდეგ, ფუნქციონირებს შეუფერხებლად. სამშენებლო კომპანია კლიმატური პირობების გაუმჯობესებისთანავე გამოასწორებს აღნიშნულ ხარვეზს.აღსანიშნავია, რომ მომწოდებელს ხელშეკრულების პირობების დარღვევის გამო მუნიციპალიტეტის მიერ დაეკისრა საჯარიმო სანქცია და აღნიშნული ჯარიმა, 37.000 ლარი უკვე გადახდილია.

2) სოფ.ვარდისუბნის საბავშვო ბაღის ნაწილობრივი რეაბილიტაცია: ხელშეკრულება გაფორმდა 2017 წლის ივლისში, სამუშაოების ღირებულება 14.966 ლარი.აუდიტის დასკვნაში ნათქვამია: ფასადზე ჩამოცვენილია ბათქაში. ვაკონკრეტებთ, რომ საუბარია დაახლოებით 1-1,5კვ-მდე ფასადის ნალესზე.

3) სოფელ გიორგეთში კულტურის სახლის ნაწილობრივი რეაბილიტაცია.ხელშეკრულება გაფორმდა 02.08.2017წ. სამუშაოების ღირებულება - 16.892 ლარი.აუდიტის დასკვნაში ნათქვამია: დაზიანებულია შიდა კედლები, ჩამოცვენილია საღებავი, შპაკლი და ბათქაში. დაზიანება ნამდვილად არის მაგრამ უმნიშვნელო მონაკვეთზე.4)სოფ.ჭაბუკიანში სტადიონის რეაბილიტაცია.ხელშეკრულება გაფორმდა 07.08.2017ში, საპროექტო ღირებულება - 39.958 ლარი, გაფორმებული ხელშეკრულების ღირებულება 30.900 ლარი.

აუდიტის დასკვნაში ნათქვამია: დაზიანებულია შიდა კედლები, ჩამოცვენილია საღებავი, ბათქაში, ასევ ე დაზიანებულია ლითონის კარი. დავაზუსტებთ, რომ მშენებლის ოფიციალური განმარტებით ხარვეზი გამოწვეულია არა უხარისხო შესრულებით, არამედ გარკვეული პერიოდის განმავლობაში უფუნქციობის გამო. როგორც აუდიტის დასკვნის საფუძველზე და ასევე, ჩვენი მოკვლევის საფუძველზე ირკვევა, ძირითადად არის უმნიშვნელო და ტიპიური შენიშვნები, ნალესის, საღებავის და ბათქაშის ჩამოცვენასთან დაკავშირებით.

აუდიტის დასკვნაში ასევე ნახსენებია სოფ.ქვემო ბოლქვში ჭაბურღილის მოწყობა. ხელშეკრულება გაფორმდა 22.06.2018 წელს სამუშაოების ღირებულება- 52.480ლარი. სამშენებლო სამუშაოებს ზედამხედველობას უწევდა შპს „საინჟინრო მონიტორინგის ჯგუფი", მათი დასკვნის საფუძველზე, სამუშაოების საბოლოო ღირებულება განისაზღვრა 35.216 ლარით და მუნიციპალიტეტის მიერ ანაზღაურებული იქნა ეს თანხა. გარკვეული პერიოდის, დაახლოებით 5-6 თვის შემდეგ ჭაბურღილის გვერდით მიწის ზედაპირზე შეინიშნა წყლის ნაკადი. მუნიციპალიტეტს ჰქონდა კომუნიკაცია და კონსულტაცია როგორც მშენებელთან, ასევე საზედამხედველო კომპანიასთან და მათი ოფიციალური განმარტების შედეგად დადგინდა, რომ ეს გამოწვეულია წყლის დამატებითი დებეტის წარმოქმნის გამო, რაც არანაირად არ უკავშირდება კონტრაქტორის მიერ სამუშაოების უხარისხოდ შესრულებას. აღნიშნული პრობლემის აღმოსაფხვრელად ლაგოდეხის მუნიციპალიტეტმა 17.01.2020 წელს გამოაცხადა ელექტრონული ტენდერი NAT200001167.

რაც უაღრესად მნიშვნელოვანია, ყველა დასრულებულ ობიექტზე ექსპლუატაციაში მიღებამდე წარმოდგენილია შესაბამისი დასკვნები, შესრულებული სამუშაოების ხარისხის და მოცულობის შესახებ შესაბამისი აკრედიტირებული ორგანიზაციების მიერ. სამ ობიექტზე ეს იყო მიმწოდებლის დაკვეთით შპს "საქართველოს ექსპერტიზისა და აუდიტის ეროვნული პალატა", ასევე, მუნიციპალიტეტის დაკვეთით შპს "საინჟინრო მონიტორინგის ჯგუფი". რაც ადასტურებს იმას , რომ ობიექტების ჩაბარების და ექსპლუატაციაში მიღების პროცესში არავითარი ხარვეზი არ დაფიქსირებულა.

შპს „ვესტა დეველოპმენტი"-ს მიმართ, რომელიც აწარმოებდა საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციას და რომელიც ასევე ნახსენებია აუდიტის დასკვნაში, მუნიციპალიტეტს წამოწყებული აქვს სამართლებრივი დავა სასამართლოში და წარდგენილია შესაბამისი სასარჩელო მოთხოვნა.

აუდიტის მსვლელობის და პირველადი ანგარიშის გაცნობის შემდეგ აუდიტის სამსახურს მუნიციპალიტეტიდან ოფიციალურად გადაეგზავნა შეტყობინება. მიმართვაში მოყვანილი იყო განმარტებები და არსებითი გარემოებები გამოვლენილ შენიშვნებთან და ხარვეზებთან დაკავშირებით, თუმცა საბოლოო დასკვნაში ისინი ასახული არ არის. მიუხედავად ამისა, ყველა ის შენიშვნა და ხარვეზი, რაც დააფიქსირა აუდიტის სამსახურმა, გათვალისწინებული იქნება მუნიციპალიტეტის მიერ“, - ნათქვამია განცხადებაში.

დავით მირცხულავა - ბეტონის გრავიტაციული კაშხლის სეისმური ზემოქმედების გამო დანგრევის პრეცედენტი მსოფლიოში არ ყოფილა, კვლევებიდან გამომდინარე, „ნამახვანი“ მაღალსაიმედოა
ვის ჩაუტარდება კლინიკა „ნიუმედში“ Covid 19-ის სწრაფი ტესტირება, მათ შორის ანტიგენზე დაფუძნებული ტესტით და D-დიმერის კვლევა უფასოდ? - ინტერვიუ კლინიკის დირექტორ ნათია ბულაცაშვილთან
ქართული პრესის მიმოხილვა 30.11.2020
ლევან დოლიძე - ახლა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია აქტიურობა და ყველა იმ ინიციატიის განხილვა, რაც ჩვენი უსაფრთხოების გაძლიერების ახალ და ეფექტიან მექანიზმებს შექმნის
ლივომ უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვის პროცესის გამარტივებისთვის სერვისების 80% გააციფრულა
ირმა ინაშვილი - ჩვენ დამოუკიდებლად ვმოქმედებთ და ვაკეთებთ იმას, რასაც სინდისი გვკარნახობს! (R)