20 ივნისის საქმეზე დაკავებული კახაბერ კუპრეიშვილის ადვოკატის განცხადებით, ბრალდებულის ჯანმრთელობის მდგომარება გაუარესებულია

20 ივნისის საქმეზე დაკავებული კახაბერ კუპრეიშვილის ადვოკატის, ზაქრო გვიშიანის განცხადებით, ბრალდებულის ჯანმრთელობის მდგომარება გაუარესებულია, რადგან ის ერთი კვირაა შიმშილობს.

აღნიშნულის შესახებ გვიშიანმა ჟურნალისტებს სასამართლო პროცესის შემდეგ განუცხადა.

„ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი დაახლოებით, ერთი კვირაა შიმშილობს, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გართულებულია. ვაპირებ, რომ დაწესებულებაში მოვინახულო. არ გამოვრიცხავ, რომ მომდევნო სხდომას დაესწროს, რადგან აქტიურ ფაზაში შევდივართ მხარეები, მოწმეები იკითხებიან, რომლებიც სადავოდ გავხადეთ მხარეებმა“, - განაცხადა გვიშიანმა.

მან ასევე ისაუბრა სასამართლოში დაკითხული სამართალდამცავის ჩვენებაზე, რომელმაც ადვოკატის განმარტებით, სასამართლოს ზოგადი ინფორმაცია მიაწოდა.

„დღევანდელ სასამართლო სხდომაზე ერთ-ერთი მოწმე, პოლიციის თანამშრომელი დაიკითხა, მან ახსენა, რომ ვინმე წითელმაისურიანი პიროვნება იყო აქციის მონაწილე, მოქალაქე, რომელიც ცოტა აგრესიულად იქცეოდა, მაგრამ მას არ დაუსახელებია, რომ ეს ბესიკ თამლიანი ან სხვა რომელიმე ბრალდებული იყო; შესაბამისად, არ წარმოუდგენია ისეთი მტკიცებულება, რომლის გამოკვლევისასაც დადასტურდა რამე სახის ფაქტობრივი გარემოება, კერძოდ ის, რომ თითქოს, ბრალდებულებმა ჩაიდინეს ბრალად წარდგენილი ქმედება. ეს იყო ზოგადი განმარტებები, რომ ვიღაც მოქალაქე იყო წითელმაისურიანი, რომელმაც პოლიციის თანამშრომელს ფარი წაართვა. მოწმის მხრიდან არცერთი ბრალდებულის იდენტიფიცირება არ მომხდარა. ეს იყო ზოგადი ინფორმაცია“, - განაცხადა გვიშიანმა.

ცნობისთვის, 20 ივნისის საქმეზე ზურაბ ბუდაღაშვილი, ბესიკ თამლიანი, ცოტნე სოსელია და კახაბერ კუპრეიშვილი არიან დაკავებული. მათ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვთ შეფარდებული. დაკავებულ პირებს ბრალი ედებათ ჯგუფურ მოქმედებში მონაწილეობაში, რასაც თან ახლდა რბევა, ძალადობა, სხვისი ნივთის დაზიანება და განადგურება, ასევე ხელისუფლების წარმომადგენლისადმი წინააღმდეგობა და მათზე თავდასხმა. აღნიშნული ბრალი 4-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა