კახა კალაძე - 1-ელი მარტიდან ურბანული სამსახურის საჯარო სამართლის იურიდიული პირი იქმნება, რომელიც მოქალაქეებს ერთი ფანჯრის პრინციპით მოემსახურება

1-ელი მარტიდან ურბანული სამსახურის საჯარო სამართლის იურიდიული პირი იქმნება, რომელიც მოქალაქეებს ერთი ფანჯრის პრინციპით მოემსახურება, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მისივე თქმით, მომსახურება ფასიანი იქნება.

„მერიაში მოსვლის შემდეგ, ერთ-ერთი პირველი რეფორმა, რაც განვახორციელეთ, იყო ურბანული გადაწყვეტილებების სისტემატიზაცია და ასევე ზონალური საბჭოს გაუქმება. ეს იყო საბჭო, რომელიც სწრაფ ტემპში, თუმცა ქალაქისთვის საზიანო გადაწყვეტილებებს აფორმებდა და ლეგიტიმაციას აძლევდა ყველა იმ სიმახინჯის მშენებლობას, რაც დღემდე ქალაქის პრობლემად დარჩა. ჩვენ შევქმენით ურბანული განვითარების საქალაქო სამსახური, რომელიც გამოეყო არქიტექტურის სამსახურს. ეს იყო რეფორმის პირველი ეტაპი და ყველა დამეთანხმება, რომ ჩვენი გადაწყვეტილებები ხარისხობრივად რადიკალურად განსხვავდება იმ გადაწყვეტილებებისგან, რომელიც მანამდე მიიღებოდა მუნიციპალიტეტის ფარგლებში. რა თქმა უნდა, ყველა პროექტს გავდივარ დეტალურად, არის მოთხოვნები დენდროლოგიური პროექტების, სატრანსპორტო კვლევების, რათა თავიდან ავიცილოთ კოლაფსი და უბედურება, რაც ბევრ ქუჩაზე გვაქვს. ამ პერიოდში წარმოიქმნა მთელი რიგი პრობლემები როცა გარდამავალ პერიოდში ვიმყოფებოდით. ძალიან ბევრი წერილი შემოდიოდა. რა თქმა უნდა, ამ გარდამავალმა პერიოდმა გარკვეული პრობლემები გამოიწვია, თუმცა მინდა ვთქვა, რომ ჩვენ დღეს განუხილველი არცერთი შემოსული განცხადება არ გვაქვს. შეიძლება იყოს დაგვიანებები, მაგრამ განუხილველი არ გვაქვს არცერთი წერილი. ახლა ვიწყებთ რეფორმის მომდევნო მეორე ეტაპს. რეორგანიზაცია კიდევ გამოცხადებულია ურბანული მიმართულებით", - განაცხადა კალაძემ.

მისივე თქმით, თუ მშენებლებსა დეველოპერებს უწევდათ სხვადასხვა სამსახურში სიარული, პროექტების შეტანა, ახალი სსიპ-ის შექმნით ეს მოწესრიგდება.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ქართულმა პოლიტიკურმა სისტემამ მდგრადობა დაკარგა და გარე ჩარევის გარეშე მისი გამოსწორება შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2021
სტეპან გრიგორიანი - რუსეთი ჩქარობს სამხრეთ კავკასიაში დასავლეთთან შედარებით უპირატესობის მიღწევას
მინდია დავითაძე - საამაყოა, როცა WIPO-ს გენერალური დირექტორის მხრიდან დადებითად ფასდება საქპატენტის საქმიანობა
სილქნეტი განცხადებას ავრცელებს (R)