ადვოკატი აცხადებს, რომ ჯანაშიასთვის საპროცესო შეთანხმების გაფორმება გარიგებაა, რომელიც მან მიხეილ კალანდიას დაპატიმრებაში დახმარების სანაცვლოდ მიიღო

ხორავას ქუჩაზე დავით სარალიძის მკვლელობის ბრალდებით დაკავებული მიხეილ კალანდიას ადვოკატი ზურაბ თოდუა აცხადებს, რომ მკვლელობაში მსჯავრდებულ გიორგი ჯანაშიასთვის საპროცესო შეთანხმების გაფორმება ხელისუფლებასთან პოლიტიკური გარიგებაა, რომელიც მან მიხეილ კალანდიას დაპატიმრებაში დახმარების სანაცვლოდ მიიღო.

როგორც ზურაბ თოდუამ „ინტერპრესნიუსს“ საკითხის კომენტირებისას განუცხადა, გიორგი ჯანაშიასთვის საპროცესო შეთანხმების გაფორმება პირდაპირი ასახვაა იმის, რასაც მიხეილ კალანდიას საქმეზე პოლიტიკური დაკვეთა ჰქვია.

“ესაა არა საპროცესო, არამედ პოლიტიკური გარიგება ზაზა სარალიძესა და ხელისუფლებას შორის, რომლის ფარგლებშიც დაკმაყოფილებულია ზაზა სარალიძის მოთხოვნა, რომ მიხეილ კალანდიას წინააღმდეგ გამამტყუნებელი განაჩენი იყოს გამოტანილი, ხოლო ჯანაშია იმ შემთხვევაში მიიღებს საპროცესო შეთანხმებას, თუ კალანდიას დაპატიმრებაში დაეხმარება. მიზანი არაა სამართლიანი და ობიექტური სასამართლო გადაწყვეტილება, არამედ ეს იმას ემსახურება, რომ ქვეყანაში “ბუნტი” არ იყოს და ზაზა სარალიძემ პრეტენზია არ განაცხადოს გენერალურ პროკურორად ირაკლი შოთაძის დანიშვნაზე. “ბუნტი” რომ არ იყოს, ამიტომაც კალანდია უნდა იჯდეს ციხეში”, -აცხადებს ადვოკატი.

შეგახსენებთ, ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის პროკურორის, თორნიკე ნადირაძის განცხადებით, დავით სარალიძის მკვლელობაში მსჯავრდებულ გიორგი ჯანაშიას საპროცესო შეთანხმება უფორმდება.

ცნობისთვის, 2017 წლის პირველ დეკემბერს, ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე, რომელსაც ორი მოზარდის, დავით სარალიძისა და ლევან დადუნაშვილის სიცოცხლე ემსხვერპლა, ორი არასრულწლოვანი - გიორგი ჯანაშია და გუგა ბარბაქაძე არიან მსჯავრდებულები. დავით სარალიძის განზრახ ჯგუფურად მკვლელობის ბრალდებით დაკავებულია ასევე მიხეილ კალანდია, რომლის საქმესაც თბილისის საქალაქო სასამართლო განიხილავს.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით, გიორგი ჯანაშიას 9 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო გუგა ბარბაქაძეს 10 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა. საქალაქო სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილებით, გიორგი ჯანაშია ცნობილ იქნა დავით სარალიძის დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის მცდელობაში, ხოლო, გუგა ბარბაქაძე ლევან დადუნაშვილის განზრახ მკვლელობაში.

თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება როგორც დაცვის, ასევე ბრალდების მხარემ გაასაჩივრა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეთა პალატამ ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ნაწილობრივ შეცვალა. კერძოდ კი, გიორგი ჯანაშია დამნაშავედ ცნეს დავით სარალიძის მკვლელობაში ჯგუფურად, სხვა პირთან ერთად. მას სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთა 11 წლითა და 3 თვის ვადით შეეფარდა.

რაც შეეხება გუგა ბარბაქაძეს, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, მას მონაწილეობა არ მიუღია დავით სარალიძის მკვლელობაში. სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ლევან დადუნაშვილის მკვლელობასთან დაკავშირებით და დამნაშავედ ცნო გუგა ბარბაქაძე. მას სასჯელი დაუმძიმდა და თავისუფლების აღკვეთა 11 წლითა და 3 თვის ვადით შეეფარდა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივრა როგორც დაცვის მხარემ, ასევე ბრალდების მხარემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა