რუსთავის საქალაქო სასამართლოში 35 წლის დავით მუმლაძის მკვლელობის საქმეზე წინასასამართლო სხდომაზე პროკურორმა მტკიცებულებები წარადგინა

რუსთავის საქალაქო სასამართლოში, 35 წლის დავით მუმლაძის მკვლელობის საქმეზე დაკავებული ზურაბ ჯღარკავას, გიორგი ასათიანის, დავით მიროტაძის, მიხეილ ღუბიანურის, დიმიტრი დუღაშვილის, ასევ ცრუ ჩვენების მიცემის ბრალდებით დაკავებული გიორგი გეთაშვილის წინასასამართლო სხდომა ჩატარდა.

ბრალდებულების ადვოკატებმა მოსამართლე ეკატერინე პართენიშვილის წინაშე, აღკვეთი ღონისძიების ფორმის - პატიმრობის, არასაპატიმრო ფორმით შეცვლის შუამდგომლობის საკითხი დააყენეს. პროკურატურის შუამდგომლობა იყო, ძალაში დარჩენილიყო მათ მიმართ გამოყენებული აღკვეთი ღონისძიება - პატიმრობა. სასამართლომ სრულად გაითვალისწინა ბრალდების არგუმენტები და ექვსივე ბრალდებულის მიმართ გამოყენებული აღმკვეთი ღონისძიება - პატიმრობა ძალაში დატოვა.

დღევანდელ სხდომაზე, პროკურორმა გიორგი ლობჯანიძემ წარადგინა საქმეში არსებული მტკიცებულებები, დაცვის მხარემ კი მტკიცებულებების დაუშვებლად ცნობის შუამდგომლობა დააყენა მოსამართლის წინაშე. აღნიშნულ შუამდგომლობებთან დაკავშირებით მოსამართლე ეკატერინე პართენიშვილი მომდევნო სხდომაზე იმსჯელებს, რის შემდეგაც საქმე არსებით განხილვაზე იქნება გადაცემული.

პროკურორ გიორგი ლობჟანიძის განცხადებით, საქმეში არსებული ყველა მტკიცებულება კანონის სრული დაცვით იქნა მოპოვებული.

,,მოცემულ საქმეზე ბრალდების მხარემ ჩაატარა საკმაოდ მოცულობითი გამოძიება, შესაბამისად, მოპოვებულია მტკიცებულებები, რომლებიც ალბათობის მაღალი ხარისხით ადასტურებს, რომ ბრალდებულების მიმართ გამოტანილი იქნება გამამტყუნებელი განაჩენი. კონკრეტული მტკიცებულებების განხილვაში, ამ ეტაპზე ვერ შევალ, თუმცა საქმეში ნამდვილად არის ასეთი მტკიცებულებები, რაც სასამართლოს დაარწმუნებს ამაში“, - განაცხადა საქმის პროკურორმა გიორგი ლობჯანიძემ.

მისივე განცხადებით, დავით მუმლაძის მკვლელობის უშუალო იარაღი გამოძიების პროცესში ამოღებული არ არის, მკვლელობის ადგილი კი იდენტიფიცირებული.

სხდომაზე პროკურორებსა და ერთ-ერთ ბრალდებულ - დავით მიროტაძეს შორის, სიტყვიერი შელაპარაკება მოხდა. მოსამართლემ მხარეებს წესრიგის დაცვისკენ მოუწოდა და დავით მიროტაძეს შენიშვნა მისცა.

35 წლის დავით მუმლაძის უკანონოდ თავისუფლების აღკვეთისა და განზრახ მკვლელობის საქმეზე დაკავებული ზურაბ ჯღარკავა, გიორგი ასათიანი, დავით მიროტაძე, მიხეილ ღუბიანური, დიმიტრი დუღაშვილი, ასევ ცრუ ჩვენების მიცემის ბრალდებით დაკავებული გიორგი გეთაშვილი დუმილის უფლებით სარგებლობენ.

პოლიციამ დავით მუმლაძის მკვლელობის საქმეზე 5 პირი 7 ოქტომბერს დააკავა, მათ შორის, მოქმედი და ყოფილი პოლიციელები. ზურაბ ჯღარკავაზე კი ძებნა გამოცხადდა, ის სამართალდამცავებმა 2 იანვარს წითელი ხიდის სასაზღვრო გამშვები პუნქტთან, მდინარის პირას დააკავეს. გამოძიების ინფორმაციით, ჯღარკავა სავარაუდოდ ქვეყნის დატოვებას აპირებდა.

დავით მუმლაძისთვის საქმეზე დაკავებულ ზურაბ ჯღარკავას და გიორგი ასათიანს, ჯგუფურად უკანონო თავისუფლების აღკვეთა და განზრახ მკვლელობა ედებათ ბრალად, შსს რუსთავის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებს დავით მიროტაძე და მიხეილ ღუბიანურს, ასევე ყოფილ სამართალდამცავს დიმიტრი დუღაშვილს ჯგუფურად თავისუფლების უკანონოდ აღკვეთა, ხოლო გიორგი გეთაშვილს, ბრალი ცრუ ჩვენების მიცემისთვის აქვს წაყენებული.

35 წლის დავით მუმლაძის ცხედარი მდინარე მტკვარმა, რუსთავში 2019 წლის 5 ოქტომბერს გამორიყა. არსებული ინფორმაციით, მას სხეულზე 30-ზე მეტი ჭრილობა ჰქონდა მიყენებული. ოჯახი დავით მუმლაძეს 1-ელი ოქტომბრიდან ეძებდა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა