პროკურორი - ბადრი პატარკაციშვილის საქმეზე, ურეკის პოლიციის განყოფილების ყოფილი უფროსის უკანონო დაკავებაში ბრალდებულმა კუდ-ის ყოფილმა თანამშრომლებმა ბრალი აღიარეს

ბადრი პატარკაციშვილის საქმეზე, ურეკის პოლიციის განყოფილების ყოფილი უფროსის, ჯემალ შამათავას უკანონო დაკავებასა და სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტების ბრალდებით დაკავებულმა კუდ-ის ყოფილმა თანამშრომლებმა ილია გამგებელმა და დავით ქოქიაშვილმა ბრალი აღიარეს.

როგორც სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს საქმის პროკურორმა დავით გუმბერიძემ განუცხადა, გარდა იმისა, რომ მათ ბრალი აღიარეს, მათ ლევან ქარდავას წინააღმდეგ მამხილებელი ჩვენება მისცეს.

„დღევანდელ სასამართლო პროცესზე დაკავებული ორი ბრალდებულის მხრიდან აღიარებითი ჩვენებით კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ 2006-2007 წლებში, კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის მაღალი თანამდებობის პირები, ლევან ქარდავა და გიორგი დგებუაძე ახორციელებდნენ უკანონო მოქმედებებს ბადრი პატარკაციშვილის პოლიტიკური სივრციდან ჩამოშორების განზრახვით. ამ უკანონო მოქმედებებზე დახმარებაზე უარი განაცხადა ურეკის იმჟამინდელმა უფროსმა ჯემალ შამათავამ, რომელიც სამაგალითოდ დასაჯეს. მოგეხსენებათ, ეს პირი უკანონო პატიმრობაში იმყოფებოდა 9 წლის განმავლობაში.

დღევანდელ სასამართლო პროცესზე დამცველი ადვოკატების მხრიდან დაყენებული შუამდგომლობა მოვისმინეთ აღკვეთის ღონისძიების პატიმრობის შეცვლასთან დაკავშირებით, რაც უკავშირდებოდა ამ ორ ბრალდებულს. მათი მთავარი არგუმენტაცია ის გახლდათ, რომ ეს პირები დანაშაულს აღიარებენ და შესაბამისად, საქმეზე მოპოვებულ ყველა მტკიცებულებას უდაოდ ხდიან. თუმცა, ბრალდების მხარე მოცემულ გარემოებას არ დავეთანხმეთ იქიდან გამომდინარე, რომ ერთია, პოზიცია რაც დღევანდელ სასამართლო პროცესზე ბრალდებულებმა და მათმა დამცველმა ადვოკატმა დააფიქსირეს, თუმცა, საქმეზე წარმოდგენილია მესამე ბრალდებული ლევან ქარდავა, რომელიც დანაშაულს არ აღიარებს. ეს პირი გახლდათ მთავარი ორგანიზატორი 2006-2007 წლებში ბადრი პატარკაციშვილის მიმართ წაროებული უკანონო მოქმედებებთან დაკავშირებით. ამ პირის მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოში კიდევ ერთი საქმე განიხილება, რაც უკვე უშუალოდ ბადრი პატარკაციშვილის მკვლელობის მომზადებას ეხება. ორივე ბრალდებული დარჩა პატიმრობაში“, - განაცხადა გუმბერიძემ.

მისივე განმარტებით, ბრალდებულების მხრიდან აღიარება და მამხილებელი ჩვენება საქმის არსებითი განხილვის ეტაპზე შესაძლოა, ამ პირებთან მიმართებაში შემამსუბუქებელი გარემოება გახდეს.

„ორმა ბრალდებულმა ხელი უშუალოდ დაადო დავალების გამცემ პირს, ასევე შემსრულებლად თავიანთი თავიც მოიაზრეს და ორგანიზატორად დაასახელეს ლევან ქარდავა და გიორგი დგებუაძე. გარდა აღნიშნულისა, მათი ჩვენებებით დეტალურად იქნა აღწერილი ის უკანონო მოქმედებები და მოტივი, თუ რატომ უნდა გაკეთებინათ და რატომ უნდა ემუშავათ პატარკაციშვილის წინააღმდეგ კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტს. შესაბამისად, ეს მნიშვნელოვანი გარემოება, ისევე როგორც ამ კონკრეტული ბრალდების საქმეზე, რაც ჯემალ შამათავას უკანონო პატიმრობას უკავშირდება, ასევე საკმაოდ მნიშვნელოვანი გარემოებაა იმ ძირ საქმეზე, რაც ბადრი პატარკაციშვილის მკვლელობის მომზადების საქმეს ეხება“, - განაცხადა გუმბერიძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა