ირაკლი ღარიბაშვილი - ამერიკასა და საქართველოს შორის სტრატეგიული თანამშრომლობა არასდროს ყოფილა ისეთი ძლიერი, როგორიც არის დღეს

დღეს თავისუფლად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამერიკასა და საქართველოს შორის სტრატეგიული თანამშრომლობა არასდროს ყოფილა ისეთი ძლიერი, როგორიც არის დღეს, - ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა წეროვანში, მარო მაყაშვილის სახელობის სარეაბილიტაციო ცენტრის ახალი შენობის საზეიმოდ გახსნის ცერემონიალზე განაცხადა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს თავდაცვის სამინისტროდან აცნობეს, თავდაცვის მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ სარეაბილიტაციო ცენტრი საქართველოს სტრატეგიული პარტნიორის, აშშ-ის მხარდაჭერით აშენდა.

„ცენტრი აშენდა ჩვენს ძირითად სტრატეგიულ პარტნიორთან, აშშ-სთან ერთად, მათთან თანამშრომლობითა და დახმარებით. ამ ერთობლივი პროექტის მხარდასაჭერად ამერიკამ 4 500 000 დოლარი გამოყო“, - აღნიშნა მან.

ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, უპრეცედენტო მნიშვნელობის ახალი სარეაბილიტაციო ცენტრი წარმოადგენს თანამედროვე ტექნოლოგიურ-მეცნიერებისა და ინდუსტრიის სინთეზს, რაც ჩვენი დაჭრილი და დაშავებული სამხედროების ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ რეაბილიტაციას მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს.

მისივე თქმით, ცენტრში სამედიცინო მომსახურების მიღების საშუალება პარტნიორი ქვეყნების სამხედრო მოსამსახურეებსაც ექნებათ.

სიტყვით გამოსვლისას, თავდაცვის მინისტრმა საქართველოსა და აშშ-ს თანამშრომლობის შესახებ ისაუბრა.

„განსაკუთრებით ვაფასებთ ჩვენი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებისკენ მიმართულ მნიშვნელოვან ღონისძიებებს, როგორიც არის ჩვენი ქვეყნის თავდაცვის მზადყოფნის პროგრამა, ასევე მზარდი საგარეო დაფინანსება რეგიონში მშვიდობის უზრუნველსაყოფად, ერთობლივი წვრთნების გაზრდილი დინამიკა და სხვა”, - განაცხადა მინისტრმა.

მან, ასევე, განსაკუთრებული ხაზგასმით აღნიშნა მსოფლიო უსაფრთხოების უზრუნველყოფის საქმეში ქართველი სამხედროების წვლილი.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო