ამირან გამყრელიძე - კორონავირუსის მხრივ საქართველო არის დაბალი რისკის ქვეშ მყოფი ქვეყანა და არ შეიძლება პანიკის დათესვა

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციას არ გამოუცხადებია, რომ ჩინეთში მიმდინარე ეპიდაფეთქება არის გლობალური საზოგადოებრივი ჯანმრთელობისთვის განსაკუთრებული საფრთხე“, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, რითიც ის „ავერსის“ კლინიკის პედიატრიული სამსახურის უფროსის თამარ ოგბაიძის განცხადებას გამოეხმაურა, რომლის თქმითაც „ბოლო ორი დღეა შეიცვალა კორონავირუსის გავრცელების რისკები და გლობალურად ჩვენ უკვე ვხდებით მაღალი რისკის ქვეშ“.

ამირან გამყრელიძის განცხადებით, გავრცელებული ვირუსი ამ ეტაპზე ითვლება ლოკალურ საფრთხედ და საქართველო არის დაბალი რისკის ქვეშ მყოფი ქვეყანა.

„მე თამარ ოგბაიძეს არ ვიცნობ და არ ვიცი მას საიდან აქვს ეს ინფორმაცია. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრს გვაქვს ყოველდღიური ინფორმაციები ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციიდან, ევროპის დაავადებათა კონტროლის ცენტრიდან, ამერიკის დაავადებათა კონტროლის ცენტრიდან, ჩინეთის დაავადებათა კონტროლის ცენტრიდან - ეს არის ოთხი მთავარი წყარო ჩვენთვის, საიდანაც ყოველდღიურად ვიღებთ ინფორმაციას და ჯერჯერობით ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციას არ გამოუცხადებია, რომ ჩინეთში მიმდინარე ეპიდაფეთქება არის გლობალური საზოგადოებრივი ჯანმრთელობისთვის განსაკუთრებული საფრთხე. ამ კვირის ბოლოს ან იმ კვირაში შეიკრიბება ისევ საგანგებო კომიტეტი, რომელიც სიტუაციას აფასებს და ამბობს რამდენად არის ეს საფრთხე გლობალური. წინა სხდომაზე ჩათვალეს, რომ ეს საფრთხე ჯერჯერობით არის ლოკალური ჩინეთისთვის, რადგან ქვეყნიდან გატანილი შემთხვევები არ სცილდება 30-ს. ეს ითვლება ლოკალურ საფრთხედ და არ შეიძლება საქართველო ვიღაცამ შეაფასოს როგორც მომატებული რისკის ქვეშ მყოფი. ჩვენ ევროპის დაავადებათა კონტროლის კლასიფიკაციაში დაბალი რისკის ქვეყანად ვართ აღიარებული, თუმცა მზადება რაც მიმდინარეობს ქვეყანაში, აუცილებელია. ჩვენ მზად უნდა ვიყოთ იმიტომ, რომ ჯერ პროგნოზს ვერავინ აკეთებს ეს ეპიდაფეთქება გადაიქცევა თუ არა პანდემიად. მზადება უნდა იყოს, მაგრამ არ შეიძლება პანიკის დათესვა“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

კახა გოგოლაშვილი - ევროკავშირის მედიაცია გახდა ინსტრუმენტი, რომელიც არ არის ერთჯერადი, სანამ კრიზისი არ მოგვარდება, ევროკავშირი ამ პროცესში ჩართული იქნება
ქართული პრესის მიმოხილვა 03.03.2021
ქართული კონსტიტუციის 100 წლისთავთან დაკავშირებით კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი სამეცნიერო კრებულს ამზადებს
იურიდიული პირები პროკრედიტ ბანკში ანგარიშებს დისტანციურად გახსნიან
ევროპის გუნდი: ლიბერთი ბანკისთვის უზრუნველყოფილი დამატებითი დახმარებით, COVID-19-ის კრიზისის დასაძლევად  ევროპის საინვესტიციო ბანკის მიერ მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოების მხარდაჭერა ახალ ეტაპზე გადადის
"მაგნიტის" ყოველდღიური 20%-იანი აქცია უფრო მრავალფეროვანი ხდება
სამომხმარებლო სესხი 3-თვიანი სრული საშეღავათო პერიოდით - ტერაბანკის ახალი აქცია