მიხეილ კალანდიას ადვოკატის განცხადებით, დღევანდელ პროცესზე მოწმეების ფარული ჩანაწერები გამოიკვლიეს

ხორავას ქუჩაზე დავით სარალიძის განზრახ ჯგუფურად მკვლელობაში ბრალდებული მიხეილ კალანდიას ადვოკატი, ზურაბ თოდუა აცხადებს, რომ დღევანდელ პროცესზე რეალური მტკიცებულებები - მოწმეების ფარული ჩანაწერები გამოიკვლიეს.

როგორც პროცესის დასრულების შემდეგ თოდუამ ჟურნალისტებს განუცხადა, მოწმეების არც ერთ ჩვენებაში არ დასტურდება, რომ მიხეილ კალანდია იყო სისხლიანი.

„დღეს გამოვიკვლიეთ უნიკალური და ყველაზე რეალური მტკიცებულება - ეს არის ფარული ჩანაწერები, რომელიც გამოძიებამ გააკეთა 2 დეკემბერს, ანუ შემთხვევიდან დაახლოებით 9-10 საათის მანძილზე და საუბარი ეხება ამ მოწმეების, ანუ გუგა ბარბაქაძის, დადიანისა და მენაბდის მიერ გამოძიებისთვის იმ ეტაპზე, ცხელ კვალზე მიცემულ ინფორმაციებს, რომელთა მიხედვით, არც ერთ ჩვენებაში არ დასტურდება ბრალდებისთვის საინტერესო გარემოება, რომ მიხეილ კალანდია იყო სისხლიანი, მიხეილ კალანდია იყო სისხლით დასვრილი. ყველა მოწმე ცალსახად ასახელებს იმ პირებს, თუ ვინ იყვნენ სისხლიანი და უფრო მეტიც, გუგა ბარბაქაძის ჩვენების იგნორირება და რეაგირების გარეშე დატოვება გამოძიების მხრიდან არის სისხლის სამართლის დანაშაული, რამეთუ გუგა ბარბაქაძემ 2017 წლის 2 დეკემბერს, დაახლოებით ღამის 2 საათზე გამოძიებას მისცა ჩვენება იმის თაობაზე, თუ ვინ დაჭრა გიორგი მენაბდე. უფრო მეტიც, გიორგი მენაბდეს ამ ინფორმაციის მიწოდებიდან ნახევარი საათის განმავლობაში იქნა წარდგენილი პოლიციაში, მანაც დაუდასტურა გამოძიებას, რომ ის დაიჭრა შემთხვევის ადგილზე, მაგრამ რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, ასეთი არსებითი და მნიშვნელოვანი ინფორმაციის მიწოდების მიუხედავად, გამომძიებლებმა საჭიროდ არ ჩათვალეს ექსპერტიზაზე წარედგინათ დაჭრილი ბავშვი, ამოეღოთ ტანსაცმელი და ჩაეტარებინათ სათანადო კვლევა. აქედან გამომდინარე, დღეს მოწოდებული ინფორმაციები პირდაპირ ადასტურებს გამოძიების მიერ ჩადენილ დარღვევებს, მე პირდაპირ ვიტყოდი სისხლის სამართლის დანაშაულებს, დანაშაულის ნიშნის მქონე ქმედებებს, რასაც ადგილი ჰქონდა პირველივე დღიდან“, - განაცხადა ადვოკატმა.

საქმეზე მორიგი სასამართლო სხდომა 30 იანვარს, 15:00 საათზე გაიმართება.

ცნობისთვის, მიხეილ კალანდია ხორავას ქუჩაზე დავით სარალიძის ჯგუფურად დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი მკვლელობის ბრალდებით სამართალდამცავებმა 2019 წლის 4 ივნისს დააკავეს. მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 6 ივნისს შეეფარდა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა