მოძრაობა „გაბედეს“ და ფოთის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის შეხვედრა ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა

მოძრაობა „გაბედეს“ წევრები ფოთის საკრებულოსა და მერიის წარმომადგენლებს შეხვდნენ. შეხვედრა ხმაურისა და დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობდა. მოძრაობა „გაბედეს“ წევრების განცხადებით, ქალაქში გავრცელებული თევზის სუნი მაჟორიტარი დეპუტატის ირაკლი ხახუბიას კუთვნილი ქარხნიდან ვრცელდება. აღნიშნული ბრალდება უარყო მაჟორიტარის ბიუროს ხელმძღვანელმა შალვა სარდალიშვილმა.

შეხვედრაზე ვითარება არაერთხელ დაიძაბა. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა ,,გაბედეს“ წევრებს პროვოკატორები უწოდეს და შეხვედრა პროტესტის ნიშნად დატოვეს.

,,წლებია უკვე ფოთი იტანჯება თევზის სუნით, ეს სუნი ვრცელდება მაჟორიტარი ხახუბიას ქარხნიდან, რომელიც ოთხჯერ არის დაჯარიმებული გაუმართაობის გამო, რაც მიზეზშედეგობრივ კავშირში არის სუნთან. სწორედ ამ საკითხთან დაკავშირებით მოვედით, შეხვედრაზე დავსვით კითხვები, გვაინტერესებდა კონკრეტულად რა ნაბიჯები გადადგა საკრებულომ, რას აკეთებენ ამ პრობლემის მოსაგვარებლად, სამწუხაროდ პასუხები ვერ მივიღეთ. „აპრავებდნენ“ ხახუბიას და მის ქარხანას, რაც სამარცხვინოა. ყველას უნდა აწუხებდეს ეს. აღნიშნული პრობლემა სიღრმისეულად გვაქვს შესწავლილი. ჩვენ გვერდში დავუდგებით ყველას, ვისაც აქვს პრობლემა, მათ შორის ფოთელებსაც, თვითონ დაგვიკავშირდნენ, ჩვენი ინიციატივით აქ არ ჩამოვსულვართ, გვითხრეს ქალაქში გაუსაძლისი სუნია, ჩამოდით იქნებ რამე დაგვეხმაროთ, იქნებ საკრებულოს რამე შეაგნებინოთო“, - განაცხადა მოძრაობა „გაბედეს“ წევრმა ლაშა დიაროვმა.

ფოთის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილის პაატა ლაგვილავას თქმით, თევზის სუნთან დაკავშირებით ქალაქში მნიშვნელოვანი ზომები გატარდა.

,,აღნიშნული პრობლემა რა თქმა უნდა ჩვენთვის ცნობილია, საკმაოდ დიდი ხანია ამ პრობლემაზე მიმდინარეობს მუშაობა. შექმნილი იყო მუშა ჯგუფი, ჩამოსული იყო შესაბამისი უწყებებიც, რომლებმაც განახორციელეს კანონით გათვალისწინებული ყველა მოქმედება. დღეის მდგომარეობით პრობლემა დიდწილად მოგვარებულია, თევზს სუნი ქალაქში არ შეინიშნება, ქარხნები მუშაობენ საკმაოდ გამართულად და, ასე ვთქვათ, პრობლემა, რომელიც დაყენებული იყო მოქალაქეების მიერ, ამ წუთისთვის აღმოფხვრილია. რა თქმა უნდა მუშაობა ისევ მიმდინარეობს ამ საკითხზე და თუ რამე დარღვევას ექნა ადგილი, შესაბამისი უწყებები მიიღებენ გადაწყვეტილებას. რაც შეეხება აქციას, ეს ადამიანები საკმაოდ დიდ ხანია ქალაქის ტერიტორიაზე იმყოფებოდნენ, ელოდებოდნენ ადმინისტრაციულ შენობაში საკრებულოს სხდომას და ეს აქცია დაიგეგმა საკრებულოს სხდომის ჩაშლის მიზნით. შესაბამისად, ამას არ მიეცა მსვლელობა, სხდომა მშვიდობიანად ჩატარდა, ყველა საკითხი დადებითად გადაწყდა“,- აღნიშნა პაატა ლაგვილავამ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა