„საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი“ შვეიცარიელ პარტნიორთან ერთად ხერსონის პორტის 30-წლიან მართვაში შედის

უკრაინის ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ ჩატარებულ ტენდერში ქართულ-შვეიცარულმა კომპანიამ - LLC RISOIL-KHERSON გაიმარჯვა, რომლის მესაკუთრეები არიან შპს „საქართველოს ინდუსტრიულ ჯგუფთან“ აფილირებული კომპანია Petrol Oil and Chemicals” და შვეიცარული კომპანია Rissoil S.A. შედეგად, გამარჯვებულმა კომპანიამ “ხერსონის საზღვაო-სავაჭრო პორტის” მართვის უფლება 30 წლით მიიღო. შესაბამის ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, კიევში ცოტა ხნის წინ დასრულდა პრეზენტაცია, რომელსაც ეწრებოდნენ უკრაინის ინფრასტრუქტურისა და ეკონომიკის მინისტრები, კატარის ინფრასტრუქტურის მინისტრი, EBRD-ის წარმომადგენელი, რომელიც საკონკურსო კომისიის წევრი იყო და საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციების წევრები, რომლებიც კონსესიურ კონკურსში იღებდნენ მონაწილეობას.

EBRD-ის წარმომადგენლის შეფასებით, კონკურსი მაღალი გამჭვირვალობით ჩატარდა.

პრეზენტაციაზე გრძელვადიანი გეგმისა და პორტის განვითარების ხედვის შესახებ „საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის“ დამფუძნებელმა დავით ბეჟუაშვილმა ისაუბრა. ინვესტორი კომპანია პორტის განვითარებაში 15 მლნ დოლარის ინვესტიციის განხორციელებას გეგმავს და „ხერსონის“ ინფრასტრუქტურის მოწყობა- განვითარებაზეც იღებს ვალდებულებას.

დავით ბეჟუაშვილის განცხადებით, უკრაინის ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ ჩატარებულმა კონსესიურმა კონკურსმა კომპანია დაარწმუნა, რომ ქვეყანაში გამჭვირვალე ბიზნესის კეთება შესაძლებელია.

„სიამაყით მინდა აღვნიშნო, რომ შესანიშნავი გუნდი შევკარით, რომელმაც უკრაინის პორტის მართვის უფლება მიიღო და რომელსაც საქართველოშიც აქვს პორტების მართვის გამოცდილება. ეს არის პირველი პრეცედენტი, როცა უკრაინის მთავრობის მიერ გამოცხადებულ კონსესიურ კონკურსში ქართული კომპანია იმარჯვებს. “საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის“ გეოგრაფიული გავრცელების არეალი ძალიან დიდია და წარმოდგენილია ისეთ ქვეყნებში, როგორიც არის საქართველო, უკრაინა, სომხეთი, აზერბაიჯანი და მოლდოვა. ასევე, განვიხილავთ ყაზახეთსა და უზბეკეთში შესვლის საკითხს. კომპანია უზრუნველყოფს 10 000 სამუშაო ადგილს და უკრაინაში წარმოდგენილია მზის ენერგიის მიმართულებით, ფარმაცევტულ სექტორში და უკვე სატრანსპორტო ინდუსტრიაში. ჩვენ გვჯერა უკრაინის და მომავალში ვგეგმავთ ინვესტიციების განხორციელებას.“, - განაცხადა დავით ბეჟუაშვილმა.

უკრაინის ინფრასტრუქტურის მინისტრმა ვლადისლავ კრიკილმა უკრაინაში დაწყებულ ახალ ეკონომიკურ რეფორმებზე, საკანონმდებლო ცვლილებებსა და მიმზიდველ საინვესტიციო პოლიტიკაზე ისაუბრა. მანვე ხაზგასმით აღნიშნა, რომ საკონკურსო პროცესი უპრეცედენტოდ სამართლიანად და გამჭვირვალედ ჩატარდა.

„ტენდერის გამარჯვებული კომპანია, რომელიც „ხერსონის პორტს“ მართავს, RISOIL-KHERSON-ია. აღნიშნული ტენდერი ძალიან კონკურენტული იყო“, - განაცხადა ვლადისლავ კრიკილიმ.

„ხერსონის პორტის“ მართვასთან დაკავშირებულ ტენდერის მნიშვნელობაზე უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლებმა მედიასთან გამარჯვებულის გამოვლენამდეც გაამახვილეს ყურადღება. პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ პორტის ეკონომიკურ მნიშვნელობზე დავოსში გამართულ მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზეც გაამახვილა ყურადღება.

„ხერსონის საზღვაო - სავაჭრო პორტის“ 30 წლით მართვაზე პირველად გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებული უკრაინის ინფრასტრუქტურის სამინისტროს საკონკურსო კომისიამ 2020 წლის 21 იანვარს გამოაცხადა. უკრაინული მედიის ინფორმაციით, ინვესტორი ყოველწლიურად, შემოსავლის 7%-ს სახელმწიფო ბიუჯეტში გადარიცხავს და ერთჯერადად, 12 მილიონ უკრაინულ გრივნას გადაიხდის.

როგორც უკრაინული მედია წერს, უკრაინაში დაწყებულმა ახალმა ეკონომიკურმა პოლიტიკამ და საკანონმდებლო ცვლილებებმა განსხვავებული შესაძლებლობები გააჩინა ინვესტორებისათვის. მათი ინიციატივები ინვესტორებისთვის სტატეგიული სახელმწიფო ობიექტების მართვის უფლებით გადაცემას ეხებოდა.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს