ექიმის ინფორმაციით, ხობში მომხდარი ინციდენტის შედეგად, დაშავებული ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა

ექიმის ინფორმაციით, ხობში მომხდარი ინციდენტის შედეგად, დაშავებული ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა

ქუთაისში, ინტერვენციული მედიცინის ცენტრში მკურნალობას ხობში მომხდარი ინციდენტის შედეგად, დაშავებული ქალი გადის. მკურნალი ექიმის გიგა სულაბერიძის თქმით, მისი მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა, მას თავის არეში მრავლობითი დაზიანება აქვს და რეანიმაციულ განყოფილებაშია.

ექიმის თქმით, მას არ შეუძლია თქმა, პაციენტს რა სახის ნივთით აქვს მიყენებული დაზიანებები.

"პაციენტი ხობის კლინიკიდან გუშინ შემოიყვანეს. მას მრავლობითი დაზიანება აქვს. გადმოცემით, პაციენტზე თავდასხმას ჰქონდა ადგილი. ჩატარებული კვლევებით დადგინა, ქალატვინის მძიმე ტრავმა. ტრავმული ინტრაცერებლური სისხლჩაქცევა. ქალაფუძის და სახის ძვლების მრავლობითი მოტეხილობა, რის გამოც პაციენტს ჩაუტარდა გადაუდებელი ოპერაცია. პაციენტი გადაყვანილია რეანიმაციულ განყოფილებაში. მისი მდგომარეობა რჩება უკიდურესად მძიმედ, არის მართვით სუნთქვაზე",-განაცხადა გიგა სულაბერიძემ.

შეგახსენებთ, ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ პირველ მაისში ახალგაზრდა მამაკაცი მუცლის არეში ცივი იარაღით დაჭრეს, რის შემდეგაც დამნაშავე სხვა სახლში გადავიდა და ერთ-ერთი ოჯახის დიასახლისს დაესხა თავს. დაჭრილი მამაკაცი საავადმყოფოში გარდაიცვალა.