გარდაბნის მერიის ინფორმაციით, სოფელ სართიჭალაში სასმელი წყლის პრობლემა უახლოეს პერიოდში მოგვარდება

გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ სართიჭალაში, მუღანლოს დასახლებას, სასმელი წყლის პრობლემა უახლოეს პერიოდში აღარ ექნება. ამის შესახებ ,,ინტერპრესნიუსს“ გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიაში განუცხადეს.
როგორც მერიაში განმარტავენ, სოფელ სართიჭალაში მუღანლოს დასახლების წყალმომარაგების უზრუნველსაყოფად, საპროექტო სამუშაოები უკვე დასრულების ეტაპზეა, რის შემდეგაც სამშენებლო სამუშაოებზე, ელექტრონული ტენდერი გამოცხადდება.
„რაც შეეხება ტექნიკური წყლით უზრუნველყოფას, წყალმომარაგების დროებით შეზღუდვა, მაგისტრალურ არხზე სარეაბილიტაციო სამუშაოების გადაუდებელმა აუცილებლობამ გამოიწვია. ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის, მუნიციპალიტეტის მერის და საქართველოს მელიორაციის მყისიერი კომუნიკაციით, მუღანლოსა და სააკაძის მოსახლეობას, ტექნიკური წყლის მიწოდება, ხვალ აღუდგება“, - აცხადებენ გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიაში.
ცნობისთვის, სოფელ სართიჭალაში, დღეს მოსახლეობამ წყალმომარაგების პრობლემის გადაჭრის მოთხოვნით, აქცია გამართა. აქციის მონაწილეების განცხადებით, სოფელს სასმელი წყალი წლებია არ აქვს და ე.წ. ტექნიკური წყლით მარაგდება.

























