სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების/წიაღით სარგებლობის ლიცენზიის მფლობელს სახელმწიფო ქონება აუქციონის გარეშე გადაეცემა

სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების/წიაღით სარგებლობის ლიცენზიის მფლობელს სახელმწიფო ქონება აუქციონის გარეშე გადაეცემა. პარლამენტმა მესამე მოსმენით (75 მომხრე) მხარი დაუჭირა „სახელმწიფო ქონების შესახებ“ კანონში ცვლილებების პროექტს.

კანონპროექტის მიხედვით, რომლის ავტორიც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროა, ცვლილება შედის „სახელმწიფო ქონების შესახებ“ კანონის 36-ე მუხლის მე-2 პუნქტში. ასევე, ემატება 23, 24 და 25 ქვეპუნქტები.

საკანონმდებლო ცვლილებების თანახმად, სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ან სასარგებლო წიაღისეულის შემდგომი გადამუშავებისთვის საჭირო ინფრასტრუქტურის მოწყობის მიზნით, შესაძლებელი იქნება ლიცენზიის მფლობელისათვის სახელმწიფო ქონების სასყიდლით, აუქციონის გარეშე გადაცემა, არაუმეტეს 49 წლის ვადით. აღსანიშნავია, რომ სახელმწიფო ქონების გადაცემა მოხდება დამოუკიდებელი აუდიტორის (ექსპერტის) დასკვნის საფუძველზე დადგენილი სარგებლობის საფასურის სანაცვლოდ.

ამასთან, სარგებლობაში გადაცემული მიწის ნაკვეთის საერთო ფართობი არ უნდა აღემატებოდეს 3 ჰექტარს. კანონპროექტის მიხედვით, სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის მფლობელს სახელმწიფო ქონებას, ქონების მმართველის თანხმობით, გადასცემს ის სახელმწიფო ორგანო, აფხაზეთის ან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ორგანო ან საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელსაც ეს ქონება სარგებლობაში აქვს გადაცემული ან ბალანსზე ერიცხება.

კანონპროექტის ინიციატორი - საქართველოს მთავრობა - მიუთითებს, რომ ზემოაღნიშნულ შემთხვევებში, სახელმწიფო ქონების აუქციონის წესით გადაცემა მომგებიანი არ არის სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის მფლობელისთვის, რადგან აუქციონში გამარჯვების წინაპირობა უმაღლესი ფასის დაფიქსირებაა.

„კონკურენციაზე დამყარებული აღნიშნული პროცედურა მომგებიანია სახელმწიფოსთვის, მის საკუთრებაში არსებული ობიექტის მაქსიმალურად მაღალ ფასად რეალიზაციის/სარგებლობაში გადაცემის ფაქტორის გამო. თუმცა, ასეთ შემთხვევაში ნაკლებად არის გათვალისწინებული იმ მეწარმე სუბიექტის ინტერესი, სახელმწიფო ქონებაზე, ვისაც გაცემული ლიცენზიის საფუძველზე სახელმწიფომ უკვე მიანიჭა მოპოვებითი საქმიანობის განხორციელების უფლება და აღნიშნული ქონება ესაჭიროება სახელმწიფოს მიერ მინიჭებული უფლების - ლიცენზიის სრულყოფილად რეალიზაციისათვის,” - აღნიშნულია განმარტებით ბარათში.

ბიძინა ლებანიძე - ცენტრალური ხელისუფლების დონეზე ახლო მომავალში ულტრამემარჯვენე მთავრობის მოსვლა საფრანგეთში უფროა მოსალოდნელი, ვიდრე გერმანიაში
ვაჟა ბერიძე - რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების შემდეგ ჩვენს რეგიონს ემუქრება სერიოზული დესტაბილიზაციის საფრთხე, რადგან რუსეთი აქ დასაბრუნებლად ყველაფერს გააკეთებს
ქართული პრესის მიმოხილვა 10.09.2026
საქართველოში პირველად, კავკასიის უნივერსიტეტის ბაზაზე, ხელოვნური ინტელექტის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი შეიქმნა
„ვაინ კახეთი“: MUNDUS VINI-ზე გაგზავნილმა ორივე ღვინომ ოქროს მედლები დაიმსახურა
PSP-მ ახალი კონცეფციის მესამე ინოვაციური აფთიაქი გახსნა
სილქ როუდ ჯგუფის საკრედიტო რეიტინგი გაუმჯობესდა