გორში წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე აღნიშნეს

გორში წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე აღნიშნეს

წიგნის საჯარო კითხვის ღონისძიება ვარიანში, იაკობ გოგებაშვილის სახლ-მუზეუმში გაიმართა, სადაც ,,იავნანამ რა ჰქმნა“ წაიკითხეს და მცირე სცენა გაითამაშეს, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ გორის მერიიდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, ლიტერატურულ კომპოზიციაში გორის მუნიციპალიტეტის კულტურისა და ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის სააგენტოს მხატვრული კითხვის წრის აღსაზრდელები მონაწილეობდნენ. სცენა რეჟისორმა და მსახიობმა ანზორ გვაძაბიამ დადგა, რომელიც თვითონ გოგებაშვილის პრემიის ლაურეატია.

როგორც გორის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ღონისძიებას სკოლის მოსწავლეები, ახალგაზრდები და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

„ძალიან მიხარია, რომ ახალგაზრდები წიგნს დაუბრუნდნენ, ამ დღის აღნიშვნა სწორედ ამას ემსახურება. ჩვენს ქვეყანას ნამდვილად სჭირდება განათლებული და მოტივირებული ახალგაზრდები, სწორედ ამიტომაა მთავრობის პრიორიტეტი განათლება. ხელისუფლება მაქსიმალურად უწყობს ხელს ნიჭიერ ახალგაზრდებს. ჩვენი მხრიდან, მერია ყოველთვის მხარს დაუჭერს და განახორციელებს ისეთ პროგრამებს, რომლებიც ახალგაზრდების განათლებასა და განვითარებაზე იქნება ორიენტირებული“, - განაცხადა გორის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ პაატა ივანიშვილმა.

„წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე მსოფლიოში ცნობილი ღონისძიებაა და მას ყოველწლიურად მსოფლიოს 100-ზე მეტ ქვეყანაში აღნიშნავენ“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.