გია ჟორჟოლიანი - „ქართული ოცნების“ უპირობო მმართველობა უნდა დასრულდეს, ამისათვის საჭიროა საღი აზრის დაბრუნება პოლიტიკაში

როგორია დღევანდელი პოლიტიკური რეალობა, როგორი პოლიტიკა უნდა გატარდეს იმისათვის, რომ მოსახლეობის ცხოვრების დონე გაუმჯობესდეს; რა იწვევს პოლიტიკური პარტიების კრიზისს; რას სთავაზობს პოლიტიკური ორგანიზაცია „სოციალ-დემოკრატები“ საზოგადოებას და რა ფუნდამენტური ხედვებით განსხვავდება ის „ქართული ოცნებისა“ და „ნაციონალური მოძრაობისგან“ - ამ და სხვა საკითხებზე „ინტერპრესნიუსი“ „სოციალ-დემოკრატების“ ლიდერს, გია ჟორჟოლიანს ესაუბრა.

- ბატონო გია, საუბარი დავიწყოთ თქვენი პოლიტიკური საქმიანობით. პოლიტიკაში 80-იანი ­წლებიდან გამოჩნდით, თუმცა 1995 წელს ამ სფეროს დატოვება გადაწყვიტეთ. მრავალწლიანი წყვეტის შემდეგ კი ისევ დაბრუნდით. 13-15 წლის შემდეგ პოლიტიკაში დაბრუნება რამ გადაგაწყვეტინათ?

- პოლიტიკაში ჩავერთე ძირითადად პატრიოტული მოტივებით, ისევე, როგორც ჩემი თაობის აკადემიურ და სამეცნიერო წრეებში მყოფი ბევრი ადამიანი. ორი ძირითადი იდეა გვამოძრავებდა იმ დროს - საქართველოს დამოუკიდებლობა და დემოკრატია. 1995 წელს პოლიტიკიდან წავედი იმიტომ, რომ ვფიქრობდი, უფრო ფართო საზოგადოებრივი საყრდენის მქონე პოლიტიკურ ორგანიზაციას უნდა წარემართა საქართველოს პოლიტიკა. მაშინაც გაცნობიერებული მქონდა, რომ ეს შეიძლება გაეკეთებინა მხოლოდ სოციალ-დემოკრატიულ და განვითარებაზე ორიენტირებულ ხელისუფლებას. პოლიტიკიდან წამოსვლის მთავარი მიზეზი ის იყო, რომ ამის რეალიზებას ვერ ვახერხებდით და აზრი არ ჰქონდა ჩემს იქ მონაწილეობას. შემდეგ აკადემიური საქმიანობით ვიყავი დაკავებული, თუმცა ნეოლიბერალური პოლიტიკის წინააღმდეგ განწყობილი ყოველთვის ვიყავი. აქტიურად ვმონაწილეობდით ყველა საზოგადოებრივ საქმიანობაში, რომელიც წარმოებდა „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმის წინააღმდეგ. უკვე 2010 წლიდან ჩამოვაყალიბეთ პარტია „სოციალ-დემოკრატები საქართველოს განვითარებისათვის“, ხოლო 2012 წელს პირველად მივიღეთ არჩევნებში მონაწილეობა, თუმცა არა დამოუკიდებლად, არამედ „ქართულ ოცნებასთან“ ერთად.

- „შუა უნდა გაიკრიფოს“ - ჯერ კიდევ 2011 წელს ნათქვამი ბიძინა ივანიშვილის ეს ფრაზა თქვენთვის არ იყო იმის სიგნალი, რომ ქვეყანაში ორპოლუსიანი პოლიტიკური ცხოვრება დამკვიდრდებოდა? ის, რომ მთავარი ოპოზიციური პარტია დღეს მაინც თქვენთვის ასე ძალიან მიუღებელი „ნაციონალური მოძრაობაა“, ამ მიდგომის შედეგი არ არის?

- შეიძლება, დღევანდელი გადასახედიდან ასეც დავინახოთ, მაგრამ 2012 წელს ის მოძრაობა, რომელიც ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით ჩამოყალიბდა, იყო ისეთი ტიპის ფართო გაერთიანება, რომელიც ავტორიტარული რეჟიმების წინააღმდეგ ძალიან ბევრ ქვეყანაში იყო. თუმცა ასეთი ტიპის ფრონტები იმის შემდეგ, როდესაც ისინი თავის ამოცანას შეასრულებენ, იშლებიან და ყალიბდებიან ცალკეული ჯგუფების ინტერესების გამომხატველ ორგანიზაციებად. ჩვენთან ეს არ მოხდა. 8 წელია იმის მოწმენი ვართ, რომ „ქართული ოცნება“ შენარჩუნდა, როგორც საპროტესტო მოძრაობა. თან ამ პროტესტს უცხადებს წარსულს.

დღეს აუცილებელია ახალი პოლიტიკური ინიციატივებისა და ახალი ტიპის პოლიტიკური ორგანიზაციების წამოწევა. ამას „ქართულმა ოცნებამ“ ხელი არ უნდა შეუშალოს. უმრავლესობამ ისეთი საკანონმდებლო ცვლილებები უნდა მიიღოს, რომელიც უზრუნველყოფს იმ ბარიერების მოხსნას, რომელიც ახალი ძალების პოლიტიკაში ჩართვას ხელს უშლის. პროპორციული საარჩევნო სისტემა ამას ერთგვარად ხელს შეუწყობდა. მედიით პროპაგანდის თანასწორი შესაძლებლობები, დაფინანსების პირობების ცვლილება, საარჩევნო კომისიებში პარტიების წარმომადგენლობის ცვლილება - ამ ყველაფრის დარეგულირება კანონმდებლობით შესაძლებელია. ამასთან დაკავშირებით, ჩვენ ზოგიერთი საკანონმდებლო ცვლილება უკვე შევიტანეთ პარლამენტში, ზოგიერთის შეტანას ვგეგმავთ და აი, აქ გამოჩნდება ვინ არის მომხრე, რომ მართლაც ინკლუზიური, თანასწორი და ყველასთვის სამართლიანი იყოს არჩევნები.

- ახლაც ახსენეთ და აქამდეც გითქვამთ, რომ 2012 წელს „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმის დამარცხებით „ქართულმა ოცნებამ“ თავისი მისია შეასრულა, თუმცა საპროტესტო ძალად დარჩა და ვეღარ განვითარდა. ამას მხოლოდ ბევრი წლის შემდეგ მიხვდით? საპარლამენტო უმრავლესობა თქვენ 2019 წლის მარტში დატოვეთ.

- 2013-დან 2015 წლამდე მთელ რიგ მიმართულებებში სერიოზული მუშაობა დაიწყო. იყო გადაწყვეტილებები, რომლებმაც ძალიან მნიშვნელოვანი რაღაცები შეცვალა, მაგალითად, ჯანდაცვის და სოფლის მეურნეობის სფეროში, რეგიონების განვითარების მიმართულებით და ა. შ. ჩვენ არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილეობის თაობაზე გადაწყვეტილება მივიღეთ 2016 წლის არჩევნების შემდეგ. 2017 წელს ადგილობრივ არჩევნებში „ქართულ ოცნებასთან“ ერთად არ მივიღეთ მონაწილეობა. შეიძლება ითქვას, რომ ჩვენი გზები იმ დროს გაიყარა. შემდეგ 2018 წელს საპრეზიდენტო არჩევნებს დაველოდეთ, რადგან მაშინ, ისევე, როგორც ახლა, ძალიან კრიტიკულად ვიყავით განწყობილი „ნაციონალური მოძრაობის“ მიმართ. შესაბამისად, მათი კანდიდატის გამარჯვება დაუშვებლად მიგვაჩნდა. სწორედ ამიტომ უმრავლესობიდან წამოსვლის გადაწყვეტილება სწორედ საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ მივიღეთ.

- უმრავლესობის დატოვების შემდეგ, „პატრიოტთა ალიანსთან“ ერთად ახალი ფრაქცია შექმენით პარლამენტში. როგორც წესი, ერთ ფრაქციაში ერთიანდებიან ხოლმე ადამიანები, რომელთაც ძირეულ საკითხებზე მსგავსი მსოფლმხედველობა აქვთ. თქვენ იზიარებთ „პატრიოტთა ალიანსის“ შეხედულებებს ქვეყნის საშინაო თუ საგარეო მიმართულებებზე?

- პირველ რიგში, უნდა ითქვას, რომ ჩვენი გაერთიანება არის საპარლამენტო თანამშრომლობის ფორმატი. ჩვენ არჩევნებში ერთად არ ვიქნებით. ეს საპარლამენტო ტექნიკური თანამშრომლობის ფორმატი შესაძლებლობას გვაძლევს ვისარგებლოთ იმ მექანიზმებით, რაც ფრაქციას აქვს. რაც შეეხება იმას, თუ რა გვაქვს საერთო, პირველ რიგში, ეს არის დღეს არსებული ნეოლიბერალური წესრიგის მიმართ კრიტიკული დამოკიდებულება; მისწრაფება იქითკენ, რომ სახელმწიფომ მეტი სუვერენობა გამოამჟღავნოს და მეტი პასუხისმგებლობა აიღოს.

- დიდი ხანია პოლიტიკაში ხართ. ბევრ პოლიტიკურ პროცესს გაუვლია თქვენ თვალწინ და კრიზისულ ფაზაში შესული ბევრი პარტიაც გინახავთ. თქვენი შეფასებით, რატომ იმეორებენ პოლიტიკური პარტიები ერთმანეთის შეცდომებს და კრიზისულ გზას ხელახლა რატომ გადიან?

- ჩვენთან ჩამოყალიბებულია ორი ტიპის პარტიები. ერთი - ეს არის ე.წ. სახელისუფლებო პარტიები, მაგალითად, „მრგვალი მაგიდა“, „მოქალაქეთა კავშირი“, „ნაციონალური მოძრაობა“, „ქართული ოცნება“. მეორე - ეს არის ე.წ. პროტესტული პარტიები, რომელსაც ხელისუფლების აღება კი არ უნდა, არამედ კრიტიკოსის პოზიცია აქვს. „აი, მე პარლამენტში ვიქნები და რამეს ვიტყვი“ - პოზიცია. არადა ქვეყნის განვითარებისთვის გადაწყვეტილების მიღებაა საქმე და არა მხოლოდ - თქმა. კრიტიკული პოზიციის დაფიქსირება დღეს ყველას შეუძლია - ექსპერტებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს, მედიას... გადახედეთ სოციალურ ქსელებს, ვისაც არ ეზარება, ყველა კრიტიკოსია.

საჭიროა ხალხის მხრიდან აქტიური მოქმედება. ჩვენთან დემოკრატია ჩამოყალიბდა, როგორც მაყურებლის ფუნქცია და არა მონაწილის. როგორც სპორტულ შეჯიბრშია: მაყურებელი ვიღაცას მხარს უჭერს, მაგრამ თვითონ არ მონაწილეობს. ეს არ შეიძლება: თავად საზოგადოება,მოქალაქე უნდა ამოქმედდეს.

- როგორ უნდა შეიცვალოს მდგომარეობა? რას შესთავაზებთ ამომრჩეველს, რომ მათში ეს ნიჰილიზმი დაიძლიოს?

- ამ ნეოლიბერალურ წესრიგს, რომელიც ჩვენს სოციალ-ეკონომიკურ მდგომარეობას ახასიათებს, არც „ნაციონალური მოძრაობა“ აყენებს ეჭვის ქვეშ და არც „ქართული ოცნება“. ისინი ერთი და იმავე პოლიტიკის სხვადასხვა ფორმით გამტარებლები არიან. ეს ყველაფერი კი ცხოვრების მისაღებ პირობებს მხოლოდ მოსახლეობის ძალიან მცირე ნაწილისთვის ქმნის, ალბათ 1%-სთვის. ჩვენი მოსახლეობის დანარჩენი ნაწილი ძალიან მძიმე მდგომარეობაში ცხოვრობს და განვითარების პერსპექტივას ვერ ხედავს. თუ ჩვენი ეკონომიკის მოდერნიზება არ მოვახდინეთ, თუ ინდუსტრია არ იქნა, თუ მაღალტექნოლოგიური პროდუქცია არ იქნა, თუ ჩვენი პროდუქცია ექსპორტზე არ გავიდა, ხელფასი ისევ იმდენი ექნება ხალხს და რეალური უმუშევრობაც მასობრივი დარჩება. საჭიროა საგადასახადო სისტემის ცვლილება - დაბალი შემოსავლის მქონე პირებისთვის შემცირება და მაღალი შემოსავლის მქონე პირებისთვის - გაზრდა. თუ ევროპა გვინდა, ეგ არის ევროპა. პროგრესული გადასახადები ყველა ევროპულ ქვეყანაშია. ეს ყველაფერი კი შესაძლებელია, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი ადამიანები სახელმწიფოს ენდობიან.

თუ დღეს ორი პოლიტიკური ძალა- „ქართული ოცნება“ და „ნაციონალური მოძრაობა“ ერთნაირ პოლიტიკას ატარებს, რომელიც არ მოგვწონს,რატომ უნდა ავირჩიოთ ან ერთი, ან მეორე? მხოლოდ იმიტომ, რომ ერთი უფრო რეპრესიულია?ცხადია, ისინი პოლიტიკური ასპარეზიდან არ გაქრებიან. ალტერნატივა უნდა გაჩნდეს, თორემ თუ ისევ ამ ტიპის პარტიები გაჩნდება, არაფერი ცვლილება არ იქნება. ჩვენ გვჭირდება ახალი პოლიტიკა და ახალი ტიპის პოლიტიკური ორგანიზაციები.

- ქვეყნის საერთო მდგომარეობას, შიდა პოლიტიკის გარდა, დიდწილად განსაზღვრავს საგარეო პოლიტიკაც. როგორ ფიქრობს პარტია „სოციალ-დემოკატები“, ქვეყანამ დასავლური კურსი უნდა შეინარჩუნოს?

- რაც შეეხება საგარეო პოლიტიკას, ეს არ არის მხოლოდ ჩვენი არჩევანი. საგარეო პოლიტიკა არის არსებულ ვითარებაში შესაძლებლობის მაქსიმუმი. ჩვენ ისტორიულად, კულტურულად და ა.შ. ორიენტირებული ვართ ევროპული ტიპის განვითარებაზე. გარდა ამისა, ჩვენ ისეთი რთული მდგომარეობა გვაქვს, რომ ვცდილობთ უსაფრთხოება დასავლური მხარდაჭერის საფუძველზე უზრუნველვყოთ. ჩვენი პარტიის განწყობაა, რომ ამ ვექტორზე უარი არ უნდა ვთქვათ, მაგრამ რაღაცა ცვლილებები მსოფლიოში აუცილებლად მოხდება. დღეს აშშ-ის მთავარი კონკურენტი არის ჩინეთი. ამით გეოპოლიტიკა იცვლება. ჩვენი ტრადიციული, ღირებულებითი, კულტურული ორიენტირები ჩვენს მისწრაფებებს განაპირობებს, თუმცა ძალიან რაციონალური და პრაგმატული პოლიტიკა უნდა წარვმართოთ.

-როგორ უზრუნველყოფთ იმას, რომ ეს თქვენი შეხედულებები ერთი მხრივ, მოსახლეობამდე მიიტანოთ და მეორე მხრივ, დაარწმუნოთ მის სისწორესა და მხარდაჭერაში?

თუ ამომრჩეველს უნდა თანასწორობა, განვითარება, მოდერნიზაცია, მაღალი შემოსავლები, ნორმალური ცხოვრება და არა გადარჩენაზე ფიქრი, მხარი უნდა დაუჭიროს „სოციალ-დემოკრატებს“, ჩვენს პოლიტიკურ ხედვას. როგორ უნდა დავარწმუნოთ? ჩვენ რეგიონებში აქტიურად დავდივართ, იქ ხალხი ძალიან გაგებით ხვდება ამ ყველაფერს და მხარს უჭერს. უშუალო კომუნიკაცია არის ჩვენი გზა. ახალი ტიპის პოლიტიკური ორგანიზაცია სჭირდება ჩვენს ქვეყანას, რომელმაც ნეოლიბერალური პოლიტიკა უნდა შეცვალოს სოციალ-დემოკრატიულით.

სწორედ ასეთ, ახალი ტიპის პოლიტიკურ ორგანიზაციად ყალიბდება „სოციალ-დემოკრატები საქართველოს განვითარებისთვის“. ჩვენი სტრუქტურა ეყრდნობა ინტერესთა ჯგუფებს. ასეთებია, მაგალითად, საზოგადოებრივი გაერთიანებები „პატრიოტთა კავშირი“ და „ქალები სამართლიანობისთვის“. პირველი ძირითადად იმ ადამიანებს აერთიანებთ, რომელთაც გამოიარეს ძალიან მძიმე წლები 90-იანებშიც და შემდეგაც. ამ ადამიანებმა ყველაზე უკეთ იციან სამოქალაქო თანხმობის მნიშვნელობა. მათ იციან, რა არის ომი და ამიტომ ყველაზე მშვიდობისმოყვარე ხალხია. ქვეყნისთვის და თანამოძმისთვის თავდადება მათთვის ცარიელი სიტყვები არ არის.

„ქალები სამართლიანობისთვის“ ათასობით ქალბატონს აერთიანებს, მათ შორის უმრავლესობას რეგიონებში, რომლებთანაც ჩვენ ვთანამშრომლობთ უკვე რამდენიმე წელია და რომლებიც სრულად იზიარებენ ჩვენს იდეებსა და პროგრამულ ხედვებს, რომელთა შემუშავებაშიც აქტიურად მონაწილეობენ.

ჩვენს ორგანიზაციაში არის თემატური ჯგუფები განათლების, სოფლის მეურნეობის, ინდუსტრიის, მცირე ბიზნესის, ვაჭრობის მიმართულებით. აქ წარმოდგენილნი არიან, როგორც გამოცდილი ადამიანები, ასევე ახალგაზრდები, რომლებიც თავის სფეროებში ავტორიტეტით სარგებლობენ.

- ამ „შუა გაკრეფილ“ პოლიტიკურ რეალობაში რა შანსები აქვს პარტია „სოციალ-დემოკრატებს“?

- ვისაც პერსპექტივა და განვითარება უნდა, აქეთ გამოიხედოს, ჩვენკენ გამოიხედოს. იმედს რა მაძლევს იცით? ის, რომ საქართველოში სხვა ხალხიც არის და არამხოლოდ ის, ვინც ტელევიზორში ჩანს. ჩვენ ძალა მოვიკრიბეთ და ამ შანსს, რომ ქვეყნისა და ხალხისთვის სასიკეთო საქმე გაკეთდეს, ხელიდან არ გავუშვებთ. „ქართული ოცნების“ უპირობო მმართველობა უნდა დასრულდეს. ამისათვის საჭიროა საღი აზრის დაბრუნება პოლიტიკაში, რევოლუცია მოსახლეობის ცნობიერებაში, რათა მაყურებლიდან აქტიურ მოქალაქედ იქცეს, პოლიტიკის გარდაქმნა ნეოლიბერალურიდან სოციალ-დემოკრატიულამდე, რაც სახელმწიფოს როლის გაზრდას გულისხმობს და ბოლოს, იმ პოლიტიკური ელიტის შეცვლა,რომელიც ქვეყნისთვის საჭირო ცვლილებებს მხარს ვერ აუბამს.

P.S. მკითხველს აქვე მინდა ვუთხრა, რომ ჩვენს საიტზე შეუძლიათ ნახონ ჩვენი თეზისები, პროგრამა და ა.შ. თანადათან გავაცნობთ ჩვენს გუნდსაც. გარდა ამისა, გვსურს გამოვცეთ გაზეთიც, სადაც ამ თემებზე ვისაუბრებთ.

მარიამ დემეტრაშვილი

"ინტერპრესნიუსი"

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა