ევროპარლამენტარი მარკეტა გრეგოროვა - თუ რუსეთი რაღაცას ჩაიდენს და პასუხს არ მიიღებს, მხოლოდ საქართველო კი არ გამოდის დამარცხებული, არამედ, ევროკავშირიც აგებს

ევროპარლამენტში საქართველოს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის მინისტრის, ქეთევან ციხელაშვილისა და პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის, კახაბერ კუჭავას მოხსენებებით გამოსვლის შემდეგ, კითხვა-პასუხის რეჟიმში საქართველოს თანამდებობის პირებმა ევროპარლამენტის რამდენიმე წევრისგან საკმაოდ მწვავე და კრიტიკული შეკითხვები მოისმინეს. მათგან რამდენიმე კითხვის ავტორი ევროპარლამენტარი მარკეტა გრეგოროვა იყო, რომელმაც პარლამენტის ბლოკირების საკითხზე „სამარცხვინო „თბილისის კედელი“ ახსენა და ასევე, იკითხა: „როდესაც თქვენ საუბრობთ, რომ საქართველო ისე ახლოსაა ევროპასთან და ევროკავშირთან, როგორც არასდროს, ფიქრობთ, რომ ქვეყანაში არსებული პოლიტიკური პატიმრები ამაში გეთანხმებიან?“

ევროპარლამენტარი მარკეტა გრეგოროვა ევროპარლამენტში აღნიშნული მოსმენის შესახებ, ასევე, საქართველოში მიმდინარე მოვლენებთან და რუსეთის ფაქტორთან დაკავშირებით „ინტერპრესნიუსს“ ექსკლუზიურად ესაუბრა.

- 21 იანვარს თქვენ საქართველოს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის მინისტრს, ქეთევან ციხელაშვილსა და პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილეს, კახაბერ კუჭავას ევროპული პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის სესიაზე მოუსმინეთ. თქვენ მათ საკმაოდ პირდაპირი შეკითხვები დაუსვით. ფიქრობთ, რომ ამ კითხებზე პასუხები მიიღეთ?

- არა, მაგრამ ამისთვის დიდი დრო არ გვქონია. ეს კომიტეტის შეხვედრა იყო, განსაზღვრული დროის ინტერვალები გვქონდა და მათი მოხსენებების შემდეგ ყველა კითხვაზე პასუხის გასაცემად დრო არ დარჩა, ამიტომ პასუხი ჩემს კითხვებზე ვერ მივიღე. თავდაპირველად, ამ მოსმენის აღწერიდან როგორც გავიგე, ეს ბორდერიზაციაზე, რუსულ ინტერვეციასა და საზღვრებთან არსებულ მდგომარეობაზე უნდა ყოფილიყო. პირველმა სპიკერმა ქეთევან ციხელაშვილმა ამაზე ისაუბრა, თუმცა შემდეგ კახაბერ კუჭავამ სხვა მოხსენება წაიკითხა იმის შესახებ თუ როგორ კარგად მუშაობს „ქართული ოცნება“, ასევე, საარჩევნო რეფორმებზე ისაუბრა. მე მას არ დავეთანხმე იქიდან გამომდინარე, თუ რა ინფორმაციები მაქვს და გამიკვირდა კიდეც, რომ ეს ყველაფერი საერთოდ მოხსენიებული იქნა. სწორედ ამიტომ გამოვხატე რეაქცია, სხვა მხრივ, არც ვაპირებდი საუბარს.

- „პარლამენტმა საკუთარი თავი თავად დაიბლოკა თავისი სამარცხვინო თბილისის კედლით“, - ეს თქვენი სიტყვებია. უფრო კონკრეტულად რას გულისხმობდით - ეს სიმბოლური შედარება იყო თუ გულისხმობდით, რომ კედელი იმ მოქალაქეების წინააღმდეგაა აღმართული, რომლებიც იმას აპროტესტებდნენ, რომ პარლამენტმა პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის გადაწყვეტილება არ მიიღო?

- საკმაოდ პირდაპირ ვსაუბრობდი კედელზე, რომელიც პარლამენტის გვერდითა შესასვლელთან გარკვეული საპროტესტო აქციების შემდეგ დაიდგა. რა თქმა უნდა, მესმის, რომ ძალადობა და მსგავსი ქმედებები აბსოლუტურად მიუღებელია, მაგრამ ასევე, პარლამენტის წევრებმა, რომლებიც არჩეულები, ანუ ფაქტობრივად თავიანთი მოქალაქეების მსახურები არიან, თავი შეუხებლებად გაიხადეს. იქ პირდაპირი მნიშვნელობით კედლის აღმართვა მიუღებელია.უსაფრთხოების ნებისმიერი ზომისთვის პოლიცია საკმარისი უნდა იყოს და რა თქმა უნდა, უნდა უზრუნველყოს, რომ ძალადობა არ იქნება, მაგრამ მშვიდობიანი დემონსტრაციები ნებადართული უნდა იყოს.

პარლამენტის შესასვლელთან პირდაპირი მნიშვნელობით კედლის აღმართვა მიუღებელია

- ევროპარლამენტის ბევრ წევრს აქვს იგივე კითხვის ნიშნები საქართველოს აწმყოსა და მომავალზე, რაც თქვენ? რადგან როგორც მმართველი პარტიის წევრები ამბობენ, ყველა ასე არ ფიქრობს...

- ევროპარლამენტში სხვადასხვა გამოცდილების ადამიანები არიან, ისევე როგორც მსოფლიოს ყველა პარლამენტში. თუმცა, ვფიქრობ, რომ ევროპარლამენტის წევრები საქართველოში არსებულ სიტუაციაზე ზრუნავენ და საერთო ნება არსებობს მოლაპარაკებებში დახმარების ან სიტუაციის მაქსიმალურად დემოკრატიული გადაწყვეტის, რა თქმა უნდა, დემოკრატიული რეფორმების გაგრძელების თვალსაზრისითაც, რაც ძალიან სასარგებლო იქნება.

- ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესმენები საქართველოს პრემიერ- მინისტრს, გიორგი გახარიას კრიტიკულ წერილებს უგზავნიან, მაშინ როდესაც ქართველი თანამდებობის პირები იმავე კრიტიკას ევროკავშირიდანაც ისმენენ. კრიტიკა ასევე მოიცავს იმ ნაწილს, რაც თქვენ ევროპარლამენტის სესიაზე ახსენეთ - პოლიტიკურ პატიმრებს. როგორ ფიქრობთ, რა იყო ის გადამწყვეტი ფაქტორი, რომლის გამოც დასავლეთმა შეშფოთების ასე მწვავედ გამოხატვა დაიწყო?

- რა თქმა უნდა, რამდენიმე მიზეზი არსებობს. ზაფხულის აქციების, უცხოური ინტერვენციის და რეფორმებთან დაკავშირებული მოვლენების კომბინაციას დიდი როლი ენიჭება, რადგან ამან დასავლეთს ორი მნიშვნელოვანი რამ აჩვენა: ერთია ხალხისგან დასავლეთის მიმართულებით წასვლის ინტერესი, მათ აინტერესებთ ევროპული პოლიტიკა და სურთ რეფორმები; მეორეა, რომ მთავრობა არც ისე გულმოდგინე და პროაქტიულია ამის შესრულების თვალსაზრისით.

- როგორც საქართველოს მთავრობის წევრები აცხადებენ, კრიტიკა იმიტომ ისმის, რომ დასავლელ პოლიტიკოსებსა და დიპლომატებს საკმარისი ან ზუსტი ინფორმაცია არ აქვთ იმის შესახებ, რაც ქვეყანაში სინამდვილეში ხდება. მაგალითად, თქვენ რომელი წყაროებიდან იღებთ ინფორმაციას საქართველოში მიმდინარე მოვლენების შესახებ?

- არავის შეუძლია დამაბრალოს, რომ ინფორმაციის სხვადასხვა წყარო არ მაქვს, რადგან მე არ მივყვები მხოლოდ პროსამთავრობო ხაზს, ან არასამთავრობო ორგანიზაციების ინფორმაციას და ა.შ. ვცდილობ, ყველა წყაროდან მივიღო ინფორმაცია, მაშინაც კი, როდესაც თბილისს ვსტუმრობ, რაც შეიძლება მეტ ადამიანს ვესაუბრო რაც შეიძლება მეტი სფეროდან. მაგალითად, მოსმენის შემდეგ ვესაუბრე კახა კუჭავას და საკითხები მისი გადმოსახედიდან განვიხილეთ, ის კი შემპირდა, რომ გარკვეულ მასალებს გამომიგზავნიდა, ასევე, ვესაუბრები „ქართული ოცნების“ სხვა წევრებს ან ყოფილ წევრებს. ამას გარდა, რა თქმა უნდა, ვესაუბრები ოპოზიციის წევრებსაც, რომ მათი გადმოსახედიც გავიგო. თუმცა, მხოლოდ პოლიტიკოსებთან საუბარი არ შეიძლება, რადგან მათ ყოველთვის აქვთ საკუთარი მოტივაციები და გამოწვევები და ჩემი აზრით, მნიშვნელოვანია ინფორმირება ე.წ. „მოდარაჯე ძაღლი“ ორგანიზაციებისგან, არასამთავრობო ორგანიზაციებისგან და აქტივისტებისგან. ასე რომ მე პრაქტიკულად, სხვადასხვა დროს თითოეულს ვხვდები, ასე ვიქცეოდი თბილისში, აქ, ბრიუსელში კი მაგალითად, რამდენიმე თვის წინ რამდენიმე ორგანიზაციის წევრი დავპატიჟე და საქართველოში მიმდინარე საკითხები მრგვალი მაგიდის ფორმატში განვიხილეთ. არ შემიძლია, ვთქვა, რომ აბსოლუტურად ყველაფერი ვიცი, მაგრამ ყველა ეს ასპექტი ერთობლივად საკმაოდ ნათელ საერთო სურათს ქმნის, რასაც შემიძლია, შემდეგ ჩემი მოსაზრებები დავაყრდნო.

- საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ოქტომბერში ჩატარდება. იმ შემთხვევაში, თუ წინასაარჩევნო პროცესი საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად არ წარიმართება და თქვენ, ჩვენს დასავლელ კოლეგებს ისევ გექნებათ შეკითხვები, რას უნდა ველოდოთ? არსებობს საქართველოს მთავრობაზე გარკვეული წნეხის განხორციელების შესაძლებლობა, მაგალითად, უვიზო მიმოსვლის შეჩერება?

- ვფიქრობ, აშშ-ს კონგრესმენებისა და სენატორების წერილებშიც იყო, რომ ისინი ითვალისწინებენ, რომ თუ რეფორმები არ განხორციელდება, ამას გარკვეული საპასუხო რეაქცია მოჰყვება, რადგან ისინი არჩევნებს ლეგიტიმურად არ ჩათვლიან. თუმცა, არ ვფიქრობ, რომ ევროკავშირს ამ ეტაპზე ასეთი პოზიცია აქვს. რა თქმა უნდა, მხარს ვუჭერთ რეფორმებს, მაგრამ ასევე არ გვინდა, რომ სიტუაცია რიგითი მოქალაქეებისთვის უფრო გავართულოთ. მაგალითად, უვიზო მიმოსვლის რეჟიმი შეეხება საქართველოს ჩვეულებრივ მოქალაქეებს და არა - პოლიტიკოსებსა და ამაზე პასუხისმგებლობის მქონე პირებს. ჩვენ რა თქმა უნდა, არ გვსურს, სიტუაცია, ასე ვთქვათ, უფრო „ძალადობრივი“ ან დრამატული გავხადოთ, შესაბამისად, გარკვეული ზომები და პასუხი ამას მოჰყვება და რასაკვირველია, არჩევნები დაკვირვების ქვეშ იქნება, თუმცა ასეთ მწვავე პასუხს არ ველოდები.

ვფიქრობ, აშშ-ს კონგრესმენები და სენატორები ითვალისწინებენ, რომ თუ რეფორმები არ განხორციელდება, ამას საპასუხო რეაქცია მოჰყვება

- ზოგმა კონგრესმენმა ჩვენი პრემიერისთვის მიწერილ წერილში შეშფოთება გამოხატა იმის შესახებ, რომ რამდენიმე მოვლენა, რაც საქართველოში ხდება, რეგიონში ვლადიმერ პუტინის პოზიციების გაძლიერებას უწყობს ხელს. თქვენ ეთანხმებით თუ არა ამ შეფასებას და ევროკავშირის გადმოსახედიდან, ამჩნევთ თუ არა მსგავს ნიშნებს საქართველოში?

- რა თქმა უნდა, რადგან არასტაბილური საქართველო ან არასტაბილური აღმოსავლური პარტნიორობა ყოველთვის უწყობს ხელს ასე ვთქვათ, რუსულ „ფასს“. ბუნებრივია, ის, თუ როგორ პოზიციაშია მთავრობა ამჟამად, როგორ ქმედებებს ახორციელებს და როგორ დაიწყო ეს ყველაფერი, ვითარებას უკეთესობისკენ არ ცვლის, ხომ ასეა? ასევე, თქვენ კითხვა დამისვით ინფორმაციის მიღების წყაროების შესახებ, და დისკუსიაც იმის შესახებ, თუ „რა ხდება სინამდვილეში და ვინ არის მართალი“, ხელს უწყობს სადეზინფორმაციო კამპანიებსა და უცხოურ ინტერვენციას. ძალიან მოხარული ვიქნებოდი, თუ საქართველოს თანამდებობის პირები უზრუნველყოფდნენ, რომ არჩევნებში არანაირი უცხოური ჩარევა არ განხორციელდეს.

მოხარული ვიქნები, თუ საქართველოს თანამდებობის პირები უზრუნველყოფენ, რომ არჩევნებში არანაირი უცხოური ჩარევა არ განხორციელდება

ერთი საკითხია შიდა სიტუაციასთან გამკლავება, ვის რა უნდა, რას აკეთებს მთავრობისა თუ ოპოზიციის მხარე, ხოლო სრულიად სხვა საკითხია უცხოური ინტერვენცია, საქართველომ კი ამისგან თავი უნდა დაიცვას.

- გასული წლის ზაფხულში თქვენ გუგუტიანთკარში ე.წ. საზღვარი დაათვალიერეთ. როგორი შთაბეჭდილება დატოვა ნანახმა და როგორ ფიქრობთ, რა უნდა გაკეთდეს რუსეთის ფედერაციისგან აგრესიის შესაჩერებლად, რომელიც მოიცავს ე.წ. ბორდერიზაციასა და ადამიანების დაკავებას? მაგალითად, ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი ე.წ. სამხრეთ ოსეთიდან დაახლოებით 2 თვის შემდეგ გაათავისუფლეს.

- მოხარული ვარ, რომ ის თავისუფალია და იმედი მაქვს, არაფერი შეიცვლება, ამ ამბავზე დამატებითი ნიუანსები ზუსტად არ ვიცი. რაც შეეხება ე.წ. საზღვარს, „იღბლიანი“ აღმოვჩნდი, თუ ასე შემიძლია ვუწოდო, რომ ჩემი თვალებით ვნახე, როგორ დადიოდნენ საზღვართან სამხედროები. როგორც ვიცი, ამას ძირითადად ღამ-ღამობით აკეთებენ, მაშინ კი ეს დღისით ხდებოდა. ეს ძალიან მნიშვნელოვანი იყო, ვინაიდან იცით, რომ ყველა დეზინფორმაციის კამპანიის შედეგად შეიძლება იფიქრო: „ეს არც კი ხდება, არაა პრობლემა“, და მერე საკუთარი თვალებით ხედავ, რომ ეს ნამდვილად ხდება. ეს მნიშვნელოვანი იყო იმ კუთხითაც, რომ დაბრუნების შემდგომ ევროპარლამენტში მეცნობებინა, სადაც რა თქმა უნდა, ბევრი ადამიანი იმ შთაბეჭდილების ქვეშ იყო, რომ ასეთი შემზარავი ფაქტი არ ხდება. რა უნდა მოხდეს? ვფიქრობ, რომ ამჟამად ერთადერთი და საუკეთესო პასუხი ამაზე ნატოში გაწევრიანებაა, რადგან გულწრფელად რომ ვთქვათ, ესაა საკითხი, რომელმაც ნაწილობრივ განაპირობა, თუ რატომ გააკეთა რუსეთმა საქართველოს მიმართ ის, რაც გააკეთა, რადგან როდესაც საქართველო თითქმის ნატო-ში შესვლის ზღვარზე იმყოფებოდა, მათ რა გააკეთეს? დაიწყეს საზღვრების ოკუპაცია. აქედან გამომდინარე, ვიტყოდი, რომ ეს დაეხმარებოდა სიტუაციას. მგონია, რომ რუსეთი ასე ვთქვათ, ცდილობს გააკეთოს ის, რისი გაკეთებაც შეუძლია და თუ მათ პირდაპირი მნიშვნელობით არანაირ საზღვრებს არ დავანახებთ, ისინი საზღვრებს პატივს არ სცემენ და ისინი არც კი ექნებათ.

თუ რუსეთს პირდაპირი მნიშვნელობით არანაირ საზღვრებს არ დავანახებთ, საზღვრებს პატივს არ სცემენ

- რას ფიქრობთ იმ ფაქტზე, რომ ნატო-ს წარმომადგენლები ფაქტობრივად, „გვაქებენ“, თუმცა ამბობენ, რომ საქართველო ნატო-ში მაშინ გაწევრიანდება, როდესაც შესაფერისი დრო დადგება და ქვეყანა ამისთვის მზად იქნება. თუმცა, ეს მთლად ნათელი არ არის, ამიტომ როგორ ფიქრობთ, რა დგას ამის უკან?

- მესმის, რატომ არის ასეთი სიტუაცია - რუსეთმა ამის გაკეთება გადაწყვიტა, რადგან იცის, რომ ნატო-ს არ შეუძლია, საქართველოს ალიანსში გაწევრიანების მიმართულებით წინ წავიდეს, ან შეუძლია, თუმცა ამაზე ძალიან იყოყმანებს, რადგან ნატო-ს არ სურს, კონფლიქტი უფრო შორს წავიდეს ან ესკალაციის გამოწვევას შეუწყოს ხელი. ასეა თუ ისე, ნამდვილად ვფიქრობ, რომ თუ ნატო თავის მხარდაჭერას გამოხატავს, ეს ვითარებას ხელს შეუწყობს და პირიქით, სიტუაციის დეესკალაციას მოახდენს და ასევე ვფიქრობ, რომ ნატო ასეთი შეშინებული არ უნდა იყოს.

ნატო-ს არ სურს, კონფლიქტი უფრო შორს წავიდეს ან ესკალაციის გამოწვევას შეუწყოს ხელი, თუმცა ვფიქრობ, რომ თუ თავის მხარდაჭერას გამოხატავს, ეს პირიქით, სიტუაციის დეესკალაციას მოახდენს

თუმცა ეს არაა ის საკითხი, რომელზეც დეტალებში ბევრი შემიძლია ვილაპარაკო, ვინაიდან ეს ნატოსა და საქართველოს დიპლომატიურ ურთიერთობებსა და დიპლომატებზეა დამოკიდებული. რაც ვთქვი, ეს ჩემი მოსაზრებაა და მართლა ვფიქრობ, რომ ამ მხრივ ისინი უნდა ეცადონ, წინ წაიწიონ.

შესამჩნევია, რომ რუსეთი საქართველოში ხშირად იმას ცდილობს, რამდენად შორსაც შეუძლია წასვლა

- როდესაც ევროპარლამენტმა საქართველოს ტურისტული ნაკადის გაზრდისკენ მოუწოდა, თქვენ განაცხადეთ: „რუსეთის მთავრობის გადაწყვეტილება, რომ რუსების საქართველოში მოხვედრის შესაძლებლობები მნიშვნელოვნად შეზღუდონ, ჩვენი მჭიდრო მოკავშირის შეშინების მცდელობაა“. ჩვენ ვიცით, რომ სხვა ხერხებიც არსებობს, რომლითაც რუსეთი თქვენი მჭიდრო მოკავშირის, საქართველოს შეშინებას ცდილობს. როგორ ფიქრობთ, რომელია მათგან ყველაზე წარმატებული მიზნის მიღწევის - საქართველოს შეშინების კუთხით?

- ვფიქრობ, ასეთი ძირითადად ორია. ერთია, ასე ვთქვათ, ძალის დემონსტრირება ე.წ. ბორდერიზაციის მეშვეობით: „იცით, აი ახლა თქვენი ხეები და თქვენს ტერიტორიაზე კიდევ 200 მეტრი შემოვსაზღვრეთ“. საქართველომ იცის, რომ მას ბევრი არაფრის გაკეთება შეუძლია, რადგან რუსეთთან ომში შესვლა შეუძლებელია, ასევე ისიც იცის, რომ ის ამ პროცესში მისი ტერიტორიის ნაწილს კარგავს, ეს ქვეყნისთვის და საქართველოს მოქალაქეებისთვის ძალიან დამთრგუნავი უნდა იყოს. მეორეა, რაც უკვე ვახსენე - დეზინფორმაციის კამპანიები. რუსეთმა ისინი ბოლო რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში იმდენად დახვეწა, რომ ხანდახან ვერც კი ხერხდება, თქვა, თუ რა ხდება, ვინ რა ინფორმაციას ავრცელებს, თანამშრომლობენ ისინი რუს კოლეგებთან თუ უბრალოდ გარეშე პირები არიან და აკეთებენ იმას, რასაც ფიქრობენ. მაგრამ ჩვენზე ეს ყველაფერი გავლენას ახდენს. საქართველოში დეზინფორმაციის გავრცელების შესახებ რამდენიმე ანგარიში მაქვს, უზარმაზარი ქსელები და სტრუქტურები არსებობს, რომლებიც აზიარებენ ონლაინ კონტენტს, რომელიც ავრცელებს ყალბ ინფორმაციებს. ევროკავშირშიც ეს ერთ-ერთი უდიდესი გამოწვევაა, ვფიქრობ, რომ საქართველოსთვის ეს უზარმაზარი გამოწვევაა და ქვეყანა ამას უნდა ებრძოლოს, მაგალითად, გარკვეული კანონმდებლობით.

- გუგუტიანთაკარში თქვენ ხაზი გაუსვით, რომ ევროკავშირმა ძლიერი განცხადება უნდა გააკეთოს სიტუაციასთან დაკავშირებით. როგორ ფიქრობთ, არის რაიმე ისეთი, რაც ევროკავშირს მსგავსი ძლიერი განცხადების გაკეთებაში ხელს უშლის? რუსეთს გარკვეული ბერკეტები აქვს ევროკავშირზე გავლენის მოსახდენად, მაგალითად, ენერგომატარებლებით...

- დიახ, ზუსტად, რადგან როგორც ვახსენე, შესამჩნევია, რომ რუსეთი საქართველოში ხშირად იმას ცდილობს, რამდენად შორსაც შეუძლია წასვლა. ეს ნიშნავს, რომ ეს ყველაფერი არ ეხება მხოლოდ საქართველოს ან მხოლოდ ევროკავშირს და მათ პოზიციას რუსეთისა თუ ერთმანეთის მიმართ, არამედ, ორივე ფაქტორი მოქმედებს, რადგან თუ რუსეთი რაღაცას ჩაიდენს და პასუხს არ მიიღებს, ამით მხოლოდ საქართველო კი არ გამოდის დამარცხებული, არამედ, აგებს ევროკავშირიც. ამიტომ ვფიქრობ, რომ ამ მხრივ ძალიან კარგად უნდა ვითანამშრომლოთ.

თუ რუსეთი რაღაცას ჩაიდენს და პასუხს არ მიიღებს, ამით მხოლოდ საქართველო კი არ გამოდის დამარცხებული, არამედ აგებს ევროკავშირიც

- თუ არ ვცდები, საბოლოო ჯამში, როგორც ვხედავ, თქვენ ფიქრობთ, რომ ევროკავშირი და ნატო გარკვეული მიზეზების გამო ასე ვთქვათ, მეტისმეტად რბილია რუსეთთან მიმართებაში?

- ეს მწვავე სიტყვებია. რა თქმა უნდა, მესმის, რომ ამ ყველაფერში დიპლომატიაა ჩართული და მესმის ის მსოფლიო წესრიგიც, რომელშიც ამჟამად ვცხოვრობთ. ვიცი, რომ არ შეიძლება, ასეთი მწვავე განცხადებები გავაკეთოთ, რადგან ეს მსოფლიო წესრიგი საკმაოდ მყიფეა და ამას ყოველდღიურად ვხედავთ, ასე რომ მესმის, რას აკეთებს ნატო და ევროკავშირი და რატომ აკეთებენ ამას ისე, როგორც აკეთებს. თუმცა, ვფიქრობ, რომ გარკვეულწილად მათ მეტი ბიძგი უნდა განახორციელონ და განსაკუთრებით, მეტად უნდა დაიცვან თავიანთი პოზიციები. ნატო უდიდესი სამხედრო ძალაა მსოფლიოში, ევროკავშირი კი უდიდესი ეკონომიკური ბლოკი - იცით, ეს რაღაცას ნიშნავს და შეგვიძლია, ასე ვთქვათ, არ ვიყოთ ასეთი შეშინებულები, რომ ამ პოზიციას დავკარგავთ.

ნატო უდიდესი სამხედრო ძალაა, ევროკავშირი კი უდიდესი ეკონომიკური ბლოკი - ეს რაღაცას ნიშნავს, მათ მეტად უნდა დაიცვან თავიანთი პოზიციები და შეგვიძლია, ასე ვთქვათ, არ ვიყოთ ასეთი შეშინებულები, რომ ამ პოზიციას დავკარგავთ

- კონგრესმენების წერილების თანახმად, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტთან დაკავშირებული მოვლენები, როგორიცაა ის ფაქტი, რომ მთავრობამ ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან ხელშეკრულება გაწყვიტა, ნიშნავს, რომ ამერიკული ინვესტიციები საფრთხის ქვეშაა. თქვენი აზრით, ამჟამინდელი სიტუაციიდან გამომდინარე, დასავლურ ინვესტიციებს საქართველოში საფრთხე ემუქრებათ?

- აშშ ფედერაციაა, ერთი სახელმწიფო, მიუხედავად იმისა, რომ სხვადასხვა შტატისგან შედგება, მაშინ როდესაც ევროკავშირი 26 სახელმწიფოსგან შემდგარი სისტემაა, რომლებიც ურთიერთთანამშრომლობენ, და ბევრი თავიანთი პასუხისმგებლობა ტრანსნაციონალურ დონეზე გადააქვთ, თუმცა ეს მაინც განსხვავდება ამერიკისგან და ჩვენ ჩვეულებრივ, ასეთ მწვავე განცხადებებს არ ვაკეთებთ, სიღრმისეული დისკუსია და ზოგი ძალიან მნიშვნელოვანი მიზეზი უნდა არსებობდეს. მაგრამ მაშინ, როდესაც მნიშვნელოვან მიზეზებზე ვსაუბრობთ, რა თქმა უნდა, თუ სიტუაცია მკვეთრად გაუარესდება იმ დონეზე, რომ ადამიანის უფლებები მნიშვნელოვნად შეილახება (ჩემი აზრით, ჩვენ ადამიანის უფლებები ბიზნესზე მაღლა უნდა დავაყენოთ, ან ბიზნესი უნდა დავაყენოთ ადამიანის უფლებებზე დაბლა), მაშინ ევროკავშირსაც აქვს ხოლმე საკმაოდ მწვავე და სწრაფი პასუხები. საქართველოში დასავლური ინვესტიციების შესახებ არ ვინერვიულებდი, არ ვფიქრობ, რომ ამჟამად ეს დღის წესრიგშია, თუმცა უნდა ვნახოთ, რა იქნება მომავალში და როგორ მოექცევა მთავრობა თავის მოქალაქეებს.

ეკა აბაშიძე

"ინტერპრესნიუსი"

ალექსანდრე თვალჭრელიძე - „ქართული ოცნების“ ეკონომიკური პროგრამა გაცილებით უფრო მოკრძალებული, მაგრამ, ამავდროულად, გაცილებით უფრო რეალისტურია
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2020
რევაზ კოპალაძე - ქვეყნებში, სადაც გულშემატკივრობენ საქართველოს, მტკივნეულად აღიქვამენ სახელმწიფოს ჩარევას „კავკასუს ონლაინის“ სამეწარმეო თავისუფლებაში