თსუ-ში წიგნის „ვახტანგ ღამბაშიძის ალბომის“ პრეზენტაცია და გამოფენა „ვახტანგ ღამბაშიძის ალბომის პერსონაჟები“  გაიმართა

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ქართული ემიგრაციის ერთ-ერთი თვალსაჩინო წარმომადგენლის, უნივერსიტეტის ერთ-ერთი პირველი ლექტორის ვახტანგ ღამბაშიძისადმი მიძღვნილი წიგნის „ვახტანგ ღამბაშიძის ალბომი“ პრეზენტაცია გაიმართა და „ვახტანგ ღამბაშიძის ალბომის პერსონაჟები“ გამოფენა გაიხსნა. ამის შესახებ „ინსტერპრესნიუსს“ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, ღონისძიებას თსუ რექტორი გიორგი შარვაშიძე, საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ნუნუ მიცკევიჩი, პოლონეთის რესპუბლიკის ელჩი საქართველოში მარიუშ მაშკიევიჩი, ვახტანგ ღამბაშიძის შთამომავლები და მოწვეული სტუმრები დაესწრნენ.

თსუ-ს ცნობით, წიგნში გამოქვეყნებულია ცნობილ ქართველ და უცხოელ მოღვაწეთა მიერ, ვახტანგ ღამბაშიძის მიერ დაარსებული სანატორიუმ „პატარა ცემის“ შთაბეჭდილებათა წიგნში გაკეთებული უნიკალური ჩანაწერების (1904-1946 წწ.) ფოტოასლები, რომელსაც თან ერთვის მათი ბეჭდური ვარიანტი, კომენტარები და საძიებლები.

„ღამბაშიძეების ოჯახთან დაკავშირებულია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორია. ისინი უნივერსიტეტის პირველი პროფესორები გახლდნენ, ხოლო ქალიშვილი იყო პირველი სტუდენტი, რომელზეც გაიცა უნივერსიტეტის პირველი სტუდბილეთი. სანატორიუმ „პატარა ცემის“ წიგნში იმდროინდელი ინტელექტუალური საზოგადოების წარმომადგენელთა ჩანაწერებია წარმოდგენილი, მათ შორის, ერთ-ერთი პირველია აკაკი წერეთლის ლექსი. გამოცემა უნიკალურია, რითაც მომავალი თაობა გაეცნობა საუკუნისწინანდელ ეპოქას,“- აღნიშნა თსუ-ს რექტორმა გიორგი შარვაშიძემ.

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ვახტანგ ღამბაშიძის საქართველოში ყოფნისა და ემიგრაციაში მოღვაწეობის პერიოდზე ისაუბრა. პრეზიდენტის თქმით, ღამბაშიძეების გამიჯვნა უნივერსიტეტისგან შეუძლებელია.

„ეს ოჯახი გამორჩეული იყო საქართველოში ექიმ ღამბაშიძის მოღვაწეობით - საუკუნის წინ ვახტანგ ღამბაშიძემ დაუდო საფუძველი კურორტს „პატარა ცემი“. მას ჰქონდა მედიცინაზე ევროპული ხედვა. მისი ოჯახი გამორჩეული იყო საფრანგეთის ქართულ ემიგრაციაშიც. მე გავიზარდე ვახტანგ ღამბაშიძის შვილებთან და შვილიშვილებთან ერთად. ჩვენი ოჯახები ძალიან ახლოს იყვნენ ერთმანეთთან. მათ ოჯახში ქართული ემიგრაციის მნიშვნელოვანი შეკრებები იმართებოდა, რომლის ირგვლივაც ცოცხლობდა ემიგრაცია. ვახტანგ ღამბაშიძე არ მიჯნავდა ქართველობას და საქართველოს მომავალს ევროპისგან. სწორედ ეს სულია ამ წიგნში გადმოტანილი,“- განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა.

საფრანგეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოსა და იუნესკოში საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობის საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანი გოჩა ჯავახიშვილი „პატარა ცემის“ ჩანაწერების აღმოჩენის ისტორიას იხსენებს: „ვახტანგ ღამბაშიძის შვილიშვილის, ქალბატონ ნათელა ნიკოლაძე-ვილკურის პირად არქივში ვნახე მოგონებების ეს წიგნი, რომელიც რელიკვიად ჰქონდათ შენახული. ოჯახი დავარწმუნე, რომ წიგნი იქნებოდა მნიშვნელოვანი შენაძენი საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკისთვის. ქალბატონმა ნათელამ გარკვეული პერიოდით გვათხოვა ეს წიგნი, რაც საკმარისი აღმოჩნდა გამოცემაზე მუშაობის დასაწყებად. ვახტანგ ღამბაშიძე პირველი რესპუბლიკის დასრულების შემდეგ, ემიგრაციაში არჩეული იყო ქართული სათვისტომოს თავმჯდომარედ. იგი უფასოდ მკურნალობდა იქაურ ქართველებს,რომლებსაც ფინანსური პრობლემები ჰქონდათ. მათ შორის, მკურნალობდა ქაქუცა ჩოლოყაშვილსაც“, - განაცხადა გოჩა ჯავახიშვილმა.

წიგნის შემდგენლები თსუ-ს ქართული ემიგრაციის მუზეუმის დირექტორი რუსუდან კობახიძე და ფილოლოგიის დოქტორი ჯულიეტა გაბოძე არიან.

„წიგნში გაცოცხლდა მე-19-20 საუკუნეების პირველი მეოთხედის რეალობა, გაცოცხლდნენ ის ადამიანები, რომლებიც იბრძოდნენ საქართველოს დამოუკიდებლობისთვის. ვახტანგ ღამბაშიძე გახლდათ ერთ-ერთი ასეთი მოღვაწე, რომელსაც ქართული უნივერსიტეტის დაარსების იდეა, ჯერ კიდევ, 1916 წელს ჰქონდა პეტრე მელიქიშვილთან ერთად,“- აღნიშნა რუსუდან კობახიძემ. ჯულიეტა გაბოძის თქმით, ვახტანგ ღამბაშიძის მოგონებების წიგნის პირველი ჩანაწერი ეკუთვნის აკაკი წერეთელს, წიგნში ასევე შევხვდებით ქაქუცა ჩოლოყაშვილის, მიხაკო წერეთლის, ალექსანდრე აბაშელის ჩანაწერებს. „წიგნში თავი მოიყარა 140 ქართველი და უცხოელი ცნობილი ადამიანის ჩანაწერებმა, ავტოგრაფებმა. გამოცემა არის სამენოვანი - ქართულ, ფრანგულ და ინგლისურ ენაზე. ვფიქრობთ რომ ყველანაირად ავასრულეთ ბატონი ვახტანგის ოცნება,რადგან ის „ოცნებით წარმოსადგენს“ უწოდებდა წიგნის გამოცემას, 116 წლის შემდეგ ეს ოცნება ახდა, ზუსტად ბლოკნოტის ფოტოტიპურად გამოვეცით წიგნი,“- აღნიშნა ჯულიეტა გაბოძემ.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში განმარტავენ, რომ ქართული ემიგრაციის ერთ-ერთი თვალსაჩინო წარმომადგენლის ვახტანგ ღამბაშიძის ოჯახი მჭიდროდ იყო დაკავშირებული პირველ ქართულ უნივერსიტეტთან. მისი ქალიშვილი მედეა ღამბაშიძე 1918 წელს დაარსებული უნივერსიტეტის პირველი სტუდენტი იყო. თავად ვახტანგ ღამბაშიძე საკუთარი განცხადების საფუძველზე უსასყიდლოდ კითხულობდა ლექციებს უნივერსიტეტში ჰიგიენის ფაკულტეტზე, საქვეყნოდ ცნობილმა ექიმმა კურორტი ცემი დააარსა. მისი მეუღლე ვანდა ღამბაშიძე უნივერსიტეტში კითხულობდა ლექციებს ინგლისურ ენაში.

წიგნში გამოქვეყნებულია ცნობილ ქართველ და უცხოელ მოღვაწეთა მიერ სანატორიუმ „პატარა ცემის“ შთაბეჭდილებათა წიგნში გაკეთებული უნიკალური ჩანაწერების (1904-1946 წწ.) ფოტოასლები, რომელსაც თან ერთვის მათი ბეჭდური ვარიანტი, კომენტარები და საძიებლები. წიგნში მოცემულია, აგრეთვე, რამდენიმე ჩანახატი, მათ შორის ცნობილი პოლონელი ფუტურისტი მხატვრის, თბილისური არტისტული მოდერნიზმის მნიშვნელოვანი ფიგურის, ზიგმუნტ ვალიშევსკის „ცემის პეიზაჟი“ და პოიარკოვის „ვახტანგ ღამბაშიძის პორტრეტი.“

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
IPS-ის ორგანიზებით თბილისში ევროპული ბრენდის - URSA-ს ხმის და თბოიზოლაციის მასალების პრეზენტაცია გაიმართება
ვრცელდება თუ არა თქვენს ავტომობილზე Toyota 10/Lexus 10-ის გარანტია?
ADB-მ და Mastercard-მა ფინანსური ინკლუზიისა და ციფრული ინოვაციების გასაუმჯობესებლად ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი