ეროვნული ბანკი საჯარო კონსულტაციებისათვის მოდელის რისკის მართვის დებულების პროექტს აქვეყნებს

საქართველოს ეროვნული ბანკი საჯარო კონსულტაციებისათვის მოდელის რისკის მართვის დებულების პროექტს აქვეყნებს.

სებ-ის ინფორმაციით, საფინანსო სექტორში გადაწყვეტილებების მიღების პროცესში მონაცემთა მეცნიერებაზე დაფუძნებული მოდელების გამოყენება სულ უფრო ფართო სახეს იღებს მსოფლიო მასშტაბით. აღნიშნული ზრდის ეფექტიანობას, ფინანსებზე ხელმისაწვდომობას და გადაწყვეტილების ხარისხსაც, თუმცა ამავე დროს თან ახლავს სპეციფიკური რისკები. მონაცემებზე დაფუძნებული მოდელების გამოყენება ქართულ საფინანსო სექტორშიც იზრდება. მათი ჯანსაღი გამოყენების წასახალისებლად და პოტენციური რისკების თავიდან ასაცილებლად, ეროვნულმა ბანკმა შეიმუშავა მოდელის რისკის მართვის დებულება.

„დებულების საბოლოო სახის ფორმირების პროცესში მნიშვნელოვანია დებულების მოქმედების სფეროში შემავალი სუბიექტების მოსაზრებების გაცნობა. შესაბამისად, საჯარო კონსულტაციის მიზნით, საქართველოს ეროვნული ბანკი მონაცემებზე ორიენტირებული მოდელის რისკის მართვის შესახებ დებულების პროექტს აქვეყნებს. დებულების მიზანია მოდელის რისკის მართვის ჩარჩოს ჩამოყალიბებისა და რისკების ეფექტურად მართვის ხელშეწყობა.

მოდელის რისკის მართვის დებულება განსაზღვრავს მოდელის აგების, ვალიდაციისა და გამოყენების ძირითად პრინციპებს. დოკუმენტში ასევე განსაზღვრულია საქართველოს ეროვნული ბანკის უფლებამოსილებები მოდელის მართვასთან დაკავშირებით. დებულებით განსაზღვრული მოთხოვნების გათვალისწინება, მისი დამტკიცების შემდეგ, სავალდებულო იქნება ყველა ფინანსური ინსტიტუტისთვის.

მოდელის რისკის მართვასთან დაკავშირებული პრინციპები და სტანდარტები ითვალისწინებს დღეს, ფინანსურ სექტორში არსებულ პრაქტიკას და გამოწვევებს, და მოწინავე საერთაშორისო საზედამხედველო გამოცდილებას.

აღნიშნული დებულების გაცნობა შესაძლებელია შემდეგ მისამართზე: https://www.nbg.gov.ge/index.php?m=696. საჯარო კონსულტაციების ფარგლებში, ეროვნული ბანკი მიესალმება დაინტერესებული პირებისგან შემოთავაზებებისა და შენიშვნებისა მიღებას. პროექტზე მოსაზრებების გამოგზავნა შესაძლებელია 2020 წლის 4 მარტის ჩათვლით შემდეგ ელექტრონულ მისამართზე MRM@nbg.gov.ge“,-აღნიშნულია სებ-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - „ქართული ოცნების“ ეკონომიკური პროგრამა გაცილებით უფრო მოკრძალებული, მაგრამ, ამავდროულად, გაცილებით უფრო რეალისტურია
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2020
რევაზ კოპალაძე - ქვეყნებში, სადაც გულშემატკივრობენ საქართველოს, მტკივნეულად აღიქვამენ სახელმწიფოს ჩარევას „კავკასუს ონლაინის“ სამეწარმეო თავისუფლებაში