გიორგი ჩიქოვანმა განახლებადი ენერგიების შესახებ კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა

ენერგეტიკის განვითარების ფონდის დირექტორმა გიორგი ჩიქოვანმა სტამბულში გამართულ განახლებადი ენერგიების შესახებ კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა და საქართველოში ფონდის მიერ მხარდაჭერილი მიმდინარე და განხორციელებული განახლებადი ენერგიების პროექტებზე ისაუბრა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროდან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, კონფერენცია ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის და ატლანტიკური საბჭოს ერთობლივი ორგანიზებით ჩატარდა. ფორუმზე განიხილეს განახლებადი ენერგიების განვითარების შესაძლებლობები, ახალი ტექნოლოგიები, რეგულაციები და საინვესტიციო პოტენციალი თურქეთში, კავკასიაში, ცენტრალურ აზიასა და დასავლეთ ბალკანეთში.

თავის გამოსვლაში, გიორგი ჩიქოვანმა განსაკუთრებული აქცენტი ქარისა და მზის ენერგეტიკის განვითარებაზე გააკეთა. მისი თქმით, საქართველოს მთავრობა აქტიურად თანამშრომლობს კერძო სექტორთან განახლებადი ენერგიების გამოყენების მიმართულებით. კონკრეტულ პროექტებზე საუბრისას, ენერგეტიკის განვითარების ფონდის ხელმძღვანელმა აქცენტი გააკეთა მზის 25 მგვტ სიმძლავრის ელექტროსადგურის პროექტზე, რომლის მშენებლობაზე ტენდერი უკვე 2020 წელს გამოცხადდება და გამარჯვებული აუქციონის შედეგად გამოცხადდება. გიორგი ჩიქოვანის განცხადებით, ერთ-ერთი მთავარი კრიტერიუმი გამარჯვებული ინვესტორის გამოსავლენად ტარიფი იქნება. მისი თქმით, აღნიშნულ პროექტთან ერთად 2020 წელს მთავრობა ასევე გეგმავს იგივე კრიტერიუმებით ქარის 20 მგვტ-იან ელექტროსადგურის მშენებლობაზე აუქციონის გამოცხადებას.

უწყების ინფორმაციით, გამოსვლისას, ენერგეტიკის განვითარების ფონდის ხელმძღვანელმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა ენერგეტიკის სექტორში მიმდინარე რეფორმასა და ბაზრის ლიბერალიზაციაზე, რომელიც ხელს შეუწყობს საქართველოს ენერგეტიკულ ბაზარზე ახალი ინვესტიციების შემოსვლას და ღია ბაზრის ჩამოყალიბებას.

კონფერენციაში ასევე მონაწილეობდნენ თურქეთის ენერგეტიკის მინისტრი ფატიჰ დონმეზი, ალბანეთის ენერგეტიკის მინისტრი ბელინდა ბალუკი, უზბეკეთის ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე შერზოდ ხოჯაევი, ატლანტიკური საბჭოს პრეზიდენტი ფრედერიკ კემპე, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის მდგრადი ინფრასტრუქტურის ჯგუფის მმართველი დირექტორმა ნანდიტა პარშადი და სხვა მაღალი დონის სტუმრები.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა