ფოთის ყოფილი მერი - დღევანდელ სასამართლოს გადაწყვეტილებას დადებითად ვაფასებ, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ გამამართლებელი განაჩენი არის გამოტანილი

დღევანდელ სასამართლოს გადაწყვეტილებას დადებითად ვაფასებ, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ გამამართლებელი განაჩენი არის გამოტანილი, - ამის შესახებ ფოთის ყოფილმა მერმა ირაკლი კაკულიამ ჟურნალისტებს სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლების შემდეგ განუცხადა.

,,დღევანდელ გადაწყვეტილებას დადებითად ვაფასებ. ოჯახთან ერთად სულ სხვა განწყობა მაქვს, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ გამამართლებელი არის გამოტანილი , ჯერ საქმე ძიებაშია, მიმდინარეობს სასამართლო პროცესი, ჩვეულებრივად გრძელდება. უბრალოდ, შეიცვალა აღკვეთის ღონისძიება და მადლობა მინდა გადავცე ყველას, ვინც გულშემატკივრობდა და ვინც მიიღო კიდევაც მონაწილეობა გადაწყვეტილების მიღებაში“,-აღნიშნა ირაკლი კაკულიამ.

ირაკლი კაკულიას ადვოკატი ედიშერ ქარჩავა აცხადებს, რომ დიდი მოლოდინი ჰქონდა აღკვეთის ღონისძიების შეცვლაზე.

„მოლოდინი აღკვეთი ღონისძიების შეცვლასთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, მქონდა, იქიდან გამომდინარე, რომ ის სამართლებრივი საფუძვლები, რაც მითითებული იყო დაპატიმრების დროს და პირველ აღკვეთი ღონისძიებაში, იმ განჩინებაში, რომელიც გამოტანილ იქნა, რა თქმა უნდა, არსებითი განხილვის დროს შესრულებულია. დაკითხნენ ის მოწმეები, რომლებზეც აპელირებდა ბრალდების მხარე, აქედან გამომდინარე, სრული სამართლებრივი საფუძველი ჰქონდა სასამართლოს და არ არსებობდა არანაირი სხვა დასაბუთება, რომ აღკვეთი ღონისძიება, თუნდაც ირაკლი კაკულიას არ შეცვლოდა. თვითონ საქმის გარემოება, ის მტკიცებულებები, რომლებიც ჩვენს მიერ გამოკვლეულ იქნა, თავიდანვე განვმარტე და ახლაც იმას ვამბობ, რომ ირაკლი კაკულიას და იმ პირების დაკავების აუცილებლობა ნამდვილად არ არსებობდა. ვინაიდან, ამ საქმის გამოძიება, კარგად იცით რომ სამი წელი მიმდინარეობდა, ამიტომ ის პირიქით თანამშრომლობდა გამოძიებასთან, ჩვენებას აძლევდა, არ იმალებოდა და ხელს უწყობდა ობიექტური ჭეშმარიტების დადგენას. აქედან გამომდინარე, თუნდაც მისი პატიმრობაში ყოფნა აუცილებელი არ იყო და სასამართლომ სწორედ ეს დაინახა",-განაცხადა ადვოკატმა.

მისივე თქმით, გირაოს 50 000 ლარის ოდენობით უზრუნველყოფას დაცვის მხარე უძრავი ქონების საშუალებით შეეცდება.

საქმეზე შემდგომი სხდომა ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში მიმდინარე წლის 8 აპრილს ორ საათზე გაიმართება.

ცნობისთვის, დღეს, ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ ფოთის ყოფილ მერს ირაკლი კაკულიას და მასთან ერთად დაკავებულ ყოფილ საჯარო მოხელეებს აღვეთის ღონისძიება პატიმრობა გირაოთი შეუცვალა და სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა