აუდიტის სამსახურმა მესტიაში მუნიციპალიტეტის მიერ ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებისას დარღვევები აღმოაჩინა

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა მესტიაში მუნიციპალიტეტის მიერ ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებისას მთელი რიგი დარღვევები აღმოაჩინა. აუდიტის ანგარიშის მიხედვით, 2017-2018 წლებში მუნიციპალიტეტმა ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებისათვის გააფორმა 74 ხელშეკრულება, საერთო ღირებულებით 11,294.6 ათასი ლარი. აუდიტის დასკვნის თანახმად, ინფრასტრუქტურული პროექტების შესწავლით გამოვლინდა, რომ სამშენებლო სამუშაოების შესრულების პროცესი ყველა ეტაპზე ხასიათდება მნიშვნელოვანი სისტემური ხარვეზებით.

დარღვევები ფიქსირდება სამუშაოების დაგეგმვის, მიმწოდებელი სუბიექტების შერჩევა-შეფასების, სამუშაოების გეგმა-გრაფიკებისა და მიწოდების ვადების დაცვის, საჯარიმო სანქციების გავრცელებისა და ამოღების, შესრულებული სამუშაოების სისრულის, ანაზღაურების შესაბამისობისა და ხარისხის უზრუნველყოფის მიმართულებებით.

სახელმწიფო აუდიტის სამსახური მიუთითებს, რომ სამუშაოების ხარვეზებით ჩატარების შედეგად, მუნიციპალიტეტს მიადგა მნიშვნელოვანი ზიანი და მოსახლეობას დროულად და სრულად ვერ მიეწოდა ბიუჯეტით დაგეგმილი მატერიალური პროდუქტი.

„მუნიციპალიტეტი სათანადოდ არ აკონტროლებდა ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობების დაცულობას და არ ატარებდა საკმარის ღონისძიებებს სამუშაოების დროულად დასასრულებლად. მიწოდების ვადები, ძირითად შემთხვევებში, გაზრდილია დაუსაბუთებლად, სათანადო არგუმენტაციის წარმოდგენის გარეშე.

2017-2018 წლებში მუნიციპალიტეტის მიერ განხორციელებული 74 სამშენებლო სამუშაოდან, 31 ხელშეკრულებისათვის მიმწოდებლებმა ვერ შეძლეს სამუშაოების განსაზღვრულ ვადებში დასრულება. ხელშეკრულების პირობების შესაბამისად, მუნიციპალიტეტი ვალდებული იყო სამუშაოების დაგვიანებისათვის გამოეყენებინა საჯარიმო სანქციები. აუდიტის ჯგუფმა შეისწავლა პირგასამტეხლოს დარიცხვის მდგომარეობა. გამოვლინდა, რომ 31-დან 15 ხელშეკრულებისათვის ვადების დარღვევის მიუხედავად, მუნიციპალიტეტს საჯარიმო სანქცია არ გამოუყენებია. სამუშაოების ვადაგადაცილება 59 დღემდე მერყეობს და მიმწოდებლებზე დაურიცხავი პირგასამტეხლოს ჯამური თანხა 23.0 ათას ლარს შეადგენს,“ - აღნიშნულია ანგარიშში.

რაც შეეხება უწყების მიერ გამოვლენილ ხარვეზებს ინფრასტრუქტურული პროექტების ხარისხთან დაკავშირებით, ანგარიშში აღნიშნულია, რომ მუნიციპალიტეტში შესრულებული სამუშაოების ხარისხის კონტროლის სისტემა, ზოგ შემთხვევაში, ვერ უზრუნველყოფს სამუშაოების დადგენილ ხარისხს; მუნიციპალიტეტის პასუხისმგებელმა პირებმა ჩაიბარეს შეუსრულებელი სამუშაოები; გარდა ამისა, ზოგიერთი ობიექტი უფუნქციოა.

„ 1.2017 წელს მუნიციპალიტეტმა შეისყიდა სტიქიური მოვლენების შედეგად დაზიანებული ობიექტების რეაბილიტაციის სამუშაოები, რომელიც დაიწყო 2018 წლის იანვარში და დასრულდა სექტემბერში. ხელშეკრულების ფარგლებში შპს „გრინ ვეი 2012“- მა მოაწყო სოფელ ჩვაბიანის ხიდი – ღირებულებით 136.4 ათასი ლარი და სოფელ ჟაბეშის ხიდი – ღირებულებით 143.0 ათასი ლარი. ობიექტების დათვალიერებით ირკვევა, რომ ხიდების მისასვლელები დანგრეულია წყლის ნაკადის ზემოქმედების შედეგად და ავტოტრანსპორტის გადასასვლელად არ გამოიყენება. ამდენად, ხიდებს დაკარგული აქვს ძირითადი ფუნქცია, რაც ობიექტის მშენებლობის მიზანი იყო; 2. 2017 წელს მუნიციპალიტეტმა სოფელ ფარსა და სოფელ ლენჯერში დაასრულა საბავშვო ბაღების შენობების მშენებლობა. ხელშეკრულება გაფორმებულია 2016 წლის 15 სექტემბერს, ღირებულებით − 600.6 ათასი ლარი. სამუშაოები შეასრულა შპს „თი ემ“-მა. ხელშეკრულების პირობების შესაბამისად, წარმოდგენილია შპს „ექსპერტ ჰაუსის“ საექსპერტო დასკვნა. სოფელ ფარის საბავშვო ბაღში შეინიშნება ვიზუალური ხარვეზები, კერძოდ, დაზიანებულია შენობის ფასადი, უხარისხოდაა მოწყობილი დამცავი ჯებირი და სხვ. აღსანიშნავია, რომ 2019 წლის ივლისის მდგომარეობით, საბავშვო ბაღი არ ფუნქციონირებს, მიუხედავად იმისა, რომ მშენებლობა დასრულდა 2017 წლის დეკემბერში; 3. 2018 წელს მუნიციპალიტეტმა შპს „ამხანაგობა მშენებლობა კასპიისპირეთის სამმართველოსაგან“ შეისყიდა სოფელ ლატალში საბავშვო ბაღის მშენებლობის სამუშაოები. ობიექტის დასრულება გათვალისწინებული იყო 2019 წლის 18 თებერვლამდე. მშენებლობის მიმდინარეობის პროცესში გაირკვა, რომ მიმწოდებელი ვერ უზრუნველყოფდა სამუშაოების გაგრძელებას. კერძოდ, წარმოდგენილი დოკუმენტაციის მიხედვით, მიმწოდებელმა 2018 წლის აგვისტოს მდგომარეობით, 396.8 ათასი ლარიდან შეასრულა მხოლოდ 32.9 ათასი ლარის სამუშაოები. 2018 წლის ოქტომბერში ხელშეკრულება შპს „ამხანაგობა მშენებლობა კასპიისპირეთის სამმართველოსთან“ შეწყვეტილია. მუნიციპალიტეტს არ მოუთხოვია მიმწოდებლის მიერ წარმოდგენილი საბანკო გარანტიით უზრუნველყოფილი თანხის ანაზღაურება, რის გამოც დაკარგა 19.8 ათასი ლარის მიღების შესაძლებლობა,” - ნათქვამია აუდიტის ანგარიშში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა